კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროტესტის ნიშნად ბრალდებული იზოლატორში შიმშილს განაგრძობს

7 ივნისი, 2006

პროტესტის ნიშნად ბრალდებული იზოლატორში შიმშილს განაგრძობს

  

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის ავტორი, პროკურორი ვანო მხარგრძელი სასამართლო სხდომაზე გამოტყდა, რომ არ იცოდა რატომ დააკავეს დიმიტრი ჯოხაძე. საქმეში არ მოიძებნებოდა ცნობა დაკავებულის ნასამართლობის შესახებ და არც დასაბუთებული საფუძველი იმისა, რომ იგი გამოძიებას დაემალებოდა

მოსამართლეს წარედგინა ჯოხაძის მიერ, „ადამიანის უფლებათა ცენტრში“, დაკავებამდე თვენახევრით ადრე დაწერილი განცხადება, სადაც განმცხადებელი დეტალურად მიუთითებს მოსარჩელე ზაკალაშვილების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლებსა და მუქარებზე. მიუხედავად ამისა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა უგულებელყო ადვოკატების მოთხოვნები და ერთსაათიანი „ორჭოფობის“ შემდეგ ჯოხაძის დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
 
დიმიტრი ჯოხაძე შს გურჯაანის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 29 მაისს, ს/ს „ჭანდრის ღვინის ქარხნის“ დირექტორისა და მისი ძმის, გიორგი და გელა ზაკალაშვილების საჩივრის საფუძველზე, ამავე საწარმოს ერთ-ერთი აქციონერის გია ფურცელაძის საცხოვრებელ სახლში, გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

დიმიტრი ჯოხაძემ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ დახმარების თხოვნით დაპატიმრებამდე თვენახევრით ადრე მიმართა. „ბოლო დროს სერიოზული დაპირისპირება მაქვს თანასოფლელებთან, ძმებ გია და გელა ზაკალაშვილებთან. კამათისას გიორგი ზაკალაშვილი დამემუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კვლავ გავაგრძელებდი გია ფურცელაძის მხარდაჭერას, რომელთანაც ვმეგობრობ და რომელსაც ზაკალაშვილები წლების მანძილზე არ აძლევენ საწარმოში მუშაობის საშუალებას, პოლიციას ჩემთვის „წამალს“ ჩაადებინებდა დასაჭერად. ვითვალისწინებ და არ დაგიმალავთ, რომ წარსულში ნარკოტიკებთან შეხება მქონდა, მაგრამ დღეს მსგავს რაღაცეებთან შეხება სერთოდ არ მაქვს. თუ აღნიშნული მუქარა განახორციელეს, გთხოვთ დაიცვათ ჩემი უფლებები“, - წერს დიმიტრი ჯოხაძე განცხადებაში.

„წამალი“ არა, მაგრამ როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, პოლიციამ ჩხრეკისას, მის საცხოვრებელ სახლში, მამამისის საძინებელ ოთახში იატაკზე იარაღი აღმოაჩინა. „იარაღის საწოლს ქვეშ ან სადმე დადება ვერ მოასწრეს, რადგან ოთახში შევედით. ამიტომ პირდაპირ იატაკზე დადეს. მოწმეებად თავისივე აგენტები მოიყვანეს გურჯაანიდან და ჩხრეკის ოქმზე ხელი მოაწერინეს. რომელი ჭკუათმყოფელი შეინახავს იარაღს იატაკზე, სადაც ბავშვებიც დადიან“,- კითხულობს დაკავებულის მამა ვალიკო ჯოხაძე.
 
„ჯოხაძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 181 მუხლით – გამოძალვა. თუმცა მას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას, ბრალის დასამძიმებლად „იარაღიც აღმოუჩინეს“, რომელიც ჩაუდეს, რადგან დაკავებული ბოლო სამი თვის განმავლობაში პრაქტიკულად ამ სახლში არ ცხოვრობდა და ელემენტარულად იარაღს იატაკზე ვერ დააგდებდა. მოსამართლე ზეწოლის ქვეშ კი იყო, მაგრამ სასამართლო პროცესზე პროკურორის მხრიდან დაშვებული უამრავი შეცდომის მიუხედავად ასეთ „იდიოტურ“ ბრძანებას თუ გამოიტანდა, არ გვეგონა. ...პროცესზე პროკურორი გამოტყდა, რომ არ იცოდა, რა მუხლით იყო აღძრული ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. ვერ დაასაბუთა, რატომ შეიტანა ეჭვი იმაში, რომ ბრალდებული დაემალებოდა წინასწარ გამოძიებას და ა.შ“,- განაცხადეს დიმიტრი ჯოხაძის ადვოკატებმა ირაკლი ართილაყვამ, ლევან შალამბერიძემ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) და ლია ხუროშვილმა (ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი).
 
ადვოკატების თქმით, დაკავებული პროტესტის ნიშნად შს გურჯაანის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში დაწყებულ მშრალ შიმშილობას, ციხის იზოლატორშიც აგრძელებს, რის გამოც მკვეთრად გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში დიმიტრი ჯოხაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თავს სუსტად გრძნობს, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. „არ უარვყოფ, რომ წარსულში ნარკოტიკთან შეხება ნამდვილად მქონდა, მაგრამ დღეს არც ვეწევი და არც ვიკეთებ. ...მეგობარს, რომელსაც იმ საწარმოში არ უშვებენ, სადაც აქციების 27%-ს ფლობს, მხარი დავუჭირე და ამის გამო ზაკალაშვილებმა თავიდან მომიცილეს. იციან, რომ ქარხანაში არსებული დარღვევებისა და მათ მიერ ღვინის ფალსიფაკაციის შესახებ ბევრი ინფორმაცია მაქვს. ამიტომაც არ აწყობთ ჩემი გარეთ ყოფნა, მით უფრო ახლა, როდესაც საწარმოს ფინანსური პოლიცია ამოწმებს“,- აღნიშნა პატიმარმა ჯოხაძემ და დასძინა, რომ ქარხნის დირექტორი ზაკალაშვილი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ფინანსურმა პოლიციამ საწარმოში დარღვევები არ აღმოაჩინოს.

გურჯაანის პროკურორი ალექსანდრე ფერიაშვილი ძმებ ზაკალაშვილებთან მეგობრობას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, სურვილი რომ ჰქონოდა, ჯოხაძეს აქამდე, ზაკალაშვილების გარეშეც დაკავებდა.

ჯოხაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ს/ს „ჭანდრის ღვინის ქარხნის“ დირექტორი გიორგი ზაკალაშვილი. „თუ რამე გაინტერსებთ, მიმართეთ რაიონულ პროკურორს და ყველაფერს ის გეტყვით“,- აღნიშნავს ის. მისი ძმა გელა ზაკალაშვილი კი აღნიშნავს, რომ „ჯოხაძე ნარკომანია, კრიმინალია და მისი ადგილი ციხეშია“.
 
გია ფურცელაძე, რომლის საცხოვრებელ სახლშიც დიმიტრი ჯოხაძე დააკავეს, მომხდარს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. „დიმას თავისუფლება „ჭანდრის ღვინის ქარხანასთან“ დაკავშირებულ დაპირისპირებას შეეწირა. ფულის გამოძალვის მცდელობაც კი არ ყოფილა“,- ამბობს ფურცელაძე.
 
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი პროკურორის მხრიდან ზეწოლის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ადვოკატებს გადაწყვეტილი აქვთ, მოსამართლის წინააღმდეგ, იუსტიციის საბჭოში საჩივარი შეიტანონ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები