კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე უკანონო პატიმარი ვიყავი“

13 ივნისი, 2006

„მე უკანონო პატიმარი ვიყავი“

კასპის ქონების მართვის სამმართველოს უფროსი ლუიზა თითირაშვილი მისი დაპატიმრების მიზეზებს დღემდე ეძებს

კასპის ქონების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლუიზა თითირაშვილი 6 თვიანი წინასწარი პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. იგი „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ წარმომადგენელთან საუბარში აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებს უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.

ლუიზა თითირაშვილს 2004 წლის ივლისში ბრალად მეტეხის ნავთობაზის ჯართში გადაყრის გამო სამსახურებრივად გამოჩენილი გულგრილობა წაუყენეს. თუმცა, იგივე სამსახურებრივი გულგრილობა რაიონის მაშინდელმა გამგებელმა, პოლიციამ, პროკურატურამ და ა.შ. თანამდებობის პირებმაც გამოხატეს, მაგრამ უშედეგოდ.

მეტეხის ნავთობაზის განადგურების საქმე კვლავ დაუსრლებელია

ვინ და რატომ გაანადგურა კასპი-აღაიანის სასმელი წყლის მაგისტრალი, რატომ იფარება ეს ფაქტი კასპში ჩადენილ სახელმწიფო ქონების უკანონო განკარგვის სხვა ფაქტებთან ერთად; ვისგან ჰქონდა ხელშეუხებლობის გარანტი ჯგუფს, რომელმაც 2002-2004 წლებში ხელმოსმით გაანადგურა მეტეხის ნავთობაზა, კასპის ბლოკების ქარხანა, შპს „მერწყულის“ სარწყავი წყლის მილსადენი და კასპი-აღაიანის სასმელი წყლის მაგისტრალი.

2002 წლის ივლისიდან სააღსრულბლო ბიუროს მიერ იძულებითი წესით გაყიდული მეტეხის ნავთობაზის დემონტაჟის სამუშაოების დაწყებისას რაიონის გამგებელი ოთარ ჭეიშვილი სულ ერთი თვის დანიშნული იყო. რამდენიმე თვეში დაიჭრა ცისტერნები, აიყარა რკინიგზის ჩიხი, დაინგრა ადმინისტრაციული შენობა...

მასობრივ ნგრევას აქციონერები შეეწინააღმდეგნენ, მაგრამ უშედეგოდ. აქციონერების ჩივილის შედეგად დაყადაღებული ქონების მიუხედავად, ნავთობაზის დემონტაჟი არ დასრულებულა. აქციონერებს 2002 წელს პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში ნავთობაზის დემონტაჟის საწინააღმდეგო განცხადება აქვთ შეტანილი, მაგრამ უშედეგოდ.

კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი ოთარ ჭეიშვილი „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქონება ვისიც იყო, მას უფლება ჰქონდა ობიექტის დემონტაჯი და ლიკვიდაცია მოეხდინა. ჩვენს კითხვაზე, რა უფლება ჰქონდა ჰქონდა ვინმე ჯემალ მერებაშვილს ამ ქონების დემონტაჟი მოეხდინა, ჭეიშვილი ამბობს, რომ ალბათ ობიექტის მეპატრონემ დაავალა და ისიც შესაბამისად მოქმედებდა. ამაში კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ჭეიშვილი ადასტურებს, რომ მეტეხის ნავთობაზა კასპის რაიონის გამგეობის ბალანსზე არ იყო და შესაბამისად მისთვის უცნობი იყო, რა ხდებოდა ობიექტის გარშემო.

ამჟამად გათავისუფლებული ლუიზა თითირაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ დღემდე წელიწადი და 8 თვის განმავლობაში ვერ დაადგინა, თუ ვისი სასჯელი მოახდევინეს მას; თუ რატომ გაიყიდა 250 000 ლარიანი ქონება 4 000 ლარის ოდენობის ვალის დასაფარად; რა ოდენობის ზარალი განიცადეს აქციონერებმა და სახელმწიფომ (ამ ქონების 49% ეკუთვნოდა აქციონერებს, 51 % - სახელმწფო ქონების მართვის სამინისტროს).

აქციონერების განცხადებით, კარგი იქნებოდა დღევანდელი ხელისუფლება დაინტერესებულიყო იმით, თუ რატომ ვერ შეძლო 2002 წელს მომჩივანი აციონერების დაცვა მაშინდელმა პოლიციამ, პროკურატურამ, მათმა ზემდგომებმა - სამხარეო პოლიცის უფროსმა ალეკო სუხიტაშვილმა და სამხარეო პროკურორმა ამირან ნოზაძემ. რატომ არ გაარკვია ორივე მაღალჩინოსანმა, თუ რა საშუალებით იშენებდა კასპის პოლიციის უფროსი რამაზ გოგიაშვილი „ვეებერთელა“ სახლს.

სამაგიეროდ 2004 წელს „ფხა“ რევოლუციურმა სამხარეო პროკურორმა დავით წითურმა გამოიჩინა, მაგრამ ეს „ფხა“ მხოლოდ ერთ ადამიანს, თანაც მანდილოსანს გაეჩხირა ყელში. წითურმა ქონების მართვის სმმართველოს უფროსთან ერთად აღმასრულებელიც დააკავა. წითური აცხადებს, რომ მეტეხის ნავთობაზასთან დაკავშირებით ქონების მართვის სამმართველომ და მისმა უფროსმა ლუიზა თითირაშვილმა არავითარი წერილი არ გაუგზავნა ზემდგომ ორგანოებს, რათა მოეხდინათ მეტეხის ნავთობაზის დემონტაჟზე რეაგირება. წითურის მტკიცებით, წერილი, რომელიც ქონების მართვის ყოფილ ხელმძღვანელს ხელთ უკავია, არის ასლი, რომლის დედანი ქონების მართვის სამინისტროში არ დევს. „მანდ ეგეთი პრაქტიკა იყო: გააკეთებდნენ ხოლმე წერილების ასლებს, დედანი კი ვითომ სადმე გაგზავნეს. არავის არსად არაფერი უცნობებია,“ - ამტკიცებს წითური.

მაშინ, გამგებელი, პოლიციის უფროსი და პროკურორი რატომ არ დასაჯეს? მათ ხომ არსად არაფერი უცნობებიათ, სამაგიეროდ თვითონ იცოდნენ ყველაფერი.

ბლოკების ქარხანა ცემენტის მტვერში გაქრა

მეტეხის ნავთობაზის გარდა, კასპსა და კასპის რაიონში კიდევ რამდენიმე ობიექტი გაიყიდა და ჯართში გადაიყარა. თუ პირველ შემთხვევაში ქონების მართვის სამმართველოს ყოფილ უფროსს ლუიზა თითირაშვილს სამსახურებრივი გულგრილობა დაუწუნეს, დანარჩენ შემთვხვევაში საინტერესოა რატომ აღარ მოსთხოვეს პასუხი.

2002 წლის ივნისში, კასპის შუაგულსი მდებქრე სს „კასპიცემენტის“ ბალანსზე რიცხული კასპის ბლოკების ქარხანა „გაქრა“. ქარხნიდან ამოფრქვეული ცემენტის მტვერში კასპელებმა ქალაქის გამგებელი გრიგოლ გოცირიძე დალანდეს. ეს რეალობა იყო თუ ზმანება, ძნელი სათქმელია, რადგან ლოგიკურად კასპელები მსჯელობენ, რომ 300 000 ლარიანი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი თვითმმართველობის არჩევნებში „გუგუას“ (გრიგოლ გოცირიძეს) გასამარჯვებლად „დააბანდეს“.

კასპის რაიონის გამგეობიდან დღემდე ჭირს აღნიშნული ობიექტების შესახებ არსებული დოკუმენტაციის გამოტანა. „კასპიცემენტის“ ბლოკების ქარხანა არანაკლებ მნიშვნელოვანი ობიექტი იყო კასპის რაიონში, თუმცა ამ საქმეზე არავინ დაუსჯიათ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც „კასპიცემენტის“ აქციათა 51% სახელმწიფოს ეკუთვნოდა.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები