კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ სდევნის თელავში განსხვავებულ აზრს?

14 ივნისი, 2006

ვინ სდევნის თელავში განსხვავებულ აზრს?

„თელავის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება განსხვავებულ აზრს სდევნის. ყველა, ვისაც მმართველი გუნდისაგან განსხვავებული შეხედულებები აქვს და საკუთარ აზრს ხმამაღლა აფიქსირებს, წნეხის ქვეშ იმყოფება...“ – აცხადებს პარტია “კონსერვატორების” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.

პარტია „კონსერვატორების“ კახეთის რეგიონულმა ორგანიზაციამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციაც გამართა. პრესკონფერენციაზე თენგიზ მთვარელიშვილმა განაცხადა, რომ თელავის რაიონის გამგეობის კულტურის განყოფილების თანამშრომელი, ბექა ხუცურაული სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ეს უკანასკნელი მისი დეიდაშვილია.
 
„ადამიანს, რომელსაც კულტურის სფეროში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს და არის პროფესიონალი, სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ ათავისუფლებენ, რომ მისი დეიდაშვილი კონსერვატორული პარტიის წევრია...” – აცხადებს თენგიზ მთვარელიშვილი.
 
სამსახურიდან გათავისუფლებული ბექა ხუცურაული აცხადებს, რომ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, თუმცა ამასთან დაკავშირებით თენგიზ მთვარელიშვილს განსხვავებული აზრი აქვს. ის ირწმუნება, რომ მისი ნათესავი შანტაჟის მსხვერპლია.
 
„მე ვიცი, რომ ბექა არის შანტაჟის ქვეშ. ბექა ამბობს, რომ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, მაგრამ ის აიძულეს, რომ დაეწერა. დარწმუნებული ვარ, რომ მას დაემუქრნენ, უთხრეს, რომ შეავიწროვებდნენ, სხვა სამსახურის შოვნაში ხელს შეუშლიდნენ და ა. შ.” – აცხადებს თენგიზ მთვარელიშვილი.
 
ბექა ხუცურაულის სამსახურიდან გათავისუფლება საეჭვოდ ემთხვევა მისი დეიდაშვილის, თენგო მთვარელიშვილის სამსახურეობრებრივ დაწინაურებას. მთვარელიშვილმა პარტიის რეგიონული ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა. მთვარელიშვილი აცხადებს, რომ ბექა ხუცურაულს განცხადება გათავისუფლებამდე დიდი ხნით ადრე დააწერინეს და თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა მამაცაშვილი განცხადებაზე რეზოლუციის დასადებად შესაფერის დროს ელოდებოდა.
 
„განცხადება ბექას ადრევე დააწერინეს, თუმცა მამაცაშვილმა მას რეზოლუცია რამდენიმე დღის წინ დაადო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ რეზოლუციას დაადებდა, ბექა ფსიქოლოგიურ ტერორში უნდა ჰყოლოდა და ჰყავდა კიდეც...“ – აცხადებს თენგიზ მთვარელიშვილი.
 
იმ ფაქტს, რომ თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, გოჩა მამაცაშვილს განსხვავებული აზრი არ უყვარს, სოფ. აკურის სამუსიკო სკოლის ყოფილი დირექტორი, რამაზ ქევხიშვილიც ადასტურებს. ის აცხადებს, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პარტია „კონსერვატორების“ წევრია.
 
„ჩემთან მამაცაშვილისგან გამოგზავნილი შუამავალი მოვიდა და მითხრა, რომ თუ მათ გვერდით დავდგებოდი, სამსახური მექნებოდა, თუ უარს ვიტყოდი, უმუშევარი დავრჩებოდი. მე უარით გავისტუმრე და რამდენიმე დღეში გავიგე, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. მე მინისტრის მიერ ვიყავი დანიშნული და მამაცაშვილმა გამათავისუფლა... არსებობს მინისტრის ბრძანება, რომ სამუსიკო სასწავლებლებს მხოლოდ კონსერვატორია დამთავრებული ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს. მთელ პედაგოგიურ კოლექტივში კონსერვატორია მხოლოდ მე მაქვს დამთავრებული, მაგრამ მამაცაშვილს არ უნდოდა და გამათავისუფლა...“ – აცხადებს რამაზ ქევხიშვილი და იმასაც დასძენს, რომ დღეს სოფ. აკურის სამუსიკო სკოლას საშუალო განათლების მქონე დირექტორი მართავს.
 
გოჩა მამაცაშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებზე და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიაზე საუბრობს მისი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელიც, რომელმაც თელავის რაიონის გამგეობაში მუშაობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.
 
თელაველი ნანა ქარჩაიძე თელავის რაიონის გამგეობაში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ის აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ მამაცაშვილმა მას დაბრუნება არაერთხელ სთხოვა, თუმცა ქარჩაიძე თელავის რაიონის გამგეობაში სამუშაოდ აღარ დაბრუნდა. დაყოლიება რომ ვერ მოახერხა, მამაცაშვილი ქარჩაიძეს დაემუქრა, რომ ის სხვა სამსახურს ვერასოდეს იშოვიდა და ვინც ქარჩაიძეს სამსახურის შოვნაში დაეხმარებოდა, მასაც საკადრისად გაუსწორდებოდა. მამაცაშვილი თელავის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის წილის მფლობელია, ნანა ქარჩაიძის მამამთილი, ნოდარ თუშიშვილიც სწორედ აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა დარაჯად. მამაცაშვილმა თუშიშვილი სამსახურიდან სასწრაფოდ გაათავისუფლა...
  
თელავის რაიონის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ფარნა მაყაშვილი ბექა ხუცურაულის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და ის გამგეობას არ გაუთავისუფლებია, რაც შეეხება სოფ. აკურის სამუსიკო სკოლის დირექტორს, რამაზ ქევხიშვილს, მის შესახებ ფარნა მაყაშვილმა, როგორც თვითონ აცხადებს, საერთოდ არაფერი იცის. მან თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან არ შეგვახვედრა და სრულიად დარწმუნებულმა განაცხადა, რომ „მამაცაშვილი ვიცი, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს...“

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები