კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრები ამანათებისა და პაემნების გარეშე დატოვეს

15 ივნისი, 2006

პატიმრები ამანათებისა და პაემნების გარეშე დატოვეს

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას პატიმართა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ და საკანონმდებლო ხარვეზების შეცვლას ითხოვენ. არსებულ პრობლემებს ისიც ართულებს, რომ პატიმრებისთვის ამანათების გადაცემა აიკრძალა და ხანგრძლივი პაემნების ინსტიტუტი გაუქმდა. ამ პრობლემებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის  უფლებებისათვის“ მთავრობას რეკომენდაციებს უგზავნის და მათ შესრულებას ითხოვს. 

როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, ბოლო 2 წელიწადში საქართველოში პატიმართა საერთო რაოდენობა 2-ჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა და 13 000-ს გადააჭარბა, 2004 წელს კი მათი რაოდენობა  5900 იყო.  პატიმართა რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მათთვის განკუთვნილი ბიუჯეტი არ გაზრდილა, რაც მათ შიმშილისა და არაადამიანურ  პირობებში ამყოფებს.

კაკაბაძის თქმით, რევოლუციის შემდეგ სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული მრავალი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ  პატიმართა  მდგომარეობის გაუარესებას გულისხმობს. დასტურად კი ის მაგალითები მოჰყავს, რომელიც ციხეებში ყოველდღიური პრობლემაა: 1. პატიმართა შესახებ ახალი კანონით, ამანათების გადაცემა პრაქტიკულად აიკრძალა, არადა, ისინი ძირითადად ამანათებით იკვებებოდნენ. დაწესებულებათა უმრავლესობაში (ქუთაისის #2, რუსთავის #6, თბილისის #7 საპყრობილეებში) შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ ხილისა და წვენების გადაცემაა დაშვებული.  ბიუჯეტიდან პატიმართა კვებისათვის გამოყოფილი მიზერული დაფინანსების გამო ამანათების გარეშე დარჩენილი პატიმრები დღეისათვის ნახევრად მშიერ მდგომარეობაში იმყოფებიან. მართალია, კანონმა ამის საკომპენსაციოდ დაუშვა უნაღდო ანგარიშსწორებით სასურველი პროდუქტების შეძენა ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, სპეციალურად ამისათვის გახსნილ მაღაზიებში, თუმცა, ასეთი მაღაზიები რეალურად არ არსებობს;

2. საერთოდ გაუქმდა ხანგრძლივი პაემანის ინსტიტუტი, რომლის დროსაც პატიმრებს უფლება ჰქონდათ 3 დღემდე ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ეცხოვრათ ოჯახის წევრებთან ერთად საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში. ხანგრძლივი პაემნები ხელს უწყობდა პატიმართა ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის პროცესს;

 3. პატიმართა წახალისების სახეებიდან ამოღებულია დამატებითი ხანმოკლე პაემნები, ხოლო ხანმოკლე პაემანთა საერთო რაოდენობა თითქმის 70%-ით შემცირდა (კანონი “პატიმრობის შესახებ”, მუხლი 29); ძველი კანონით კი, გათვალისწინებული იყო თვეში 5 ხანმოკლე პაემანი (3 საათამდე ვადით) საერთო რეჟიმის დაწესებულებებში და თვეში 4 პაემანი – საერთო რეჟიმის დაწესებულებებში. ახლა ხანმოკლე პაემნების რიცხვი შემცირდა 2-მდე (საერთო რეჟიმისათვის) და 1-მდე (მკაცრი რეჟიმისათვის). ხანმოკლე პაემნების დაშვებული რაოდენობა ქალებისათვის შემცირდა თვეში 5-დან 3-მდე, ხოლო არასრულწლოვანებისთვის შეიზღუდა (მანამდე მათ ეს შეუზღუდავად ჰქონდათ), ხოლო ამ პაემნების ხანგრძლივობა 3 საათიდან 1 საათამდე შემცირდა;

4. საერთოდ აიკრძალა პატიმართა პაემნები იმ პირებთან, რომლებიც არ არიან მისი ოჯახის წევრები (მაგალითად, ჟურნალისტები, უფლებადამცველები).

5. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გადაეცა მსჯავრდებულისათვის რეჟიმის განსაზღვრისა და შეცვლის ფუნქციები (“კანონი პატიმრობის შესახებ”, მუხლი 19), რომელიც ადრე მოსამართლეს ეკუთვნოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები მიმართულია საზოგადოებისაგან პენიტენციური სისტემისა და იქ მიმდინარე მოვლენების მაქსიმალური დახურვისაკენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, არასამთავრობოებთან ითანამშრომლონ და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მათივე განცხადებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები  და ზოგიერთი სხვა თანამშრომლები პატიმრებს  სადისტურად ექცევიან, სიტუაცია კატასტროფულია.

ამ ყველაფრის შედაგად, არასამთავრობოები იმას მიიჩნევენ, რომ  ბოლო პერიოდში  საკნებში მკვლელობები თუ თვითმკვლელობები გაიზარდა. მათივე დასკვნით,
სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციების გააქტიურების გარეშე ციხეებში არსებული განუკითხაობის ატმოსფერო ვერ შეიცვლება.

პატიმრების ამანათების გარეშე დატოვებას მათი ახლობლებიც აპროტესტებენ. ისინი საკვები პროდუქტებით დატვირთულები მთელ დღეს საკნებთან ატარებენ, თუმცა ამანათებს არავინ ღებულობს, არადა, როგორც ისინი აცხადებენ, მათ პატიმრები ურეკევენ და ეუბნებიან, რომ მშივრები არიან.  

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით კი, ამანათების შეზღუდვა იმიტომ მოხდა, რომ ხშირად ამ გზით ციხეებში ნარკოტიკები შედის.  

ეკა გულუა

ახალი ამბები