კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრული სასწრაფო დახმარების ფუნქციებში უხეშად ერევა

20 ივნისი, 2006

პატრული სასწრაფო დახმარების ფუნქციებში უხეშად ერევა

მართალია, უფასო სასწრაფო დახმარება „03“ უმწეო მოსახლეობისთვის თავიდან ერთგვარი შვება იყო, თუმცა დღეს მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სასწრაფოს გამოძახებასთან არის დაკავშირებული. ერთი პრობლემა ის არის, რომ სასწრაფო დახმარება გამოძახების ადგილზე 20-25 წუთის დაგვიანებით მიდის, ამას ემატება ისიც, რომ ავარიის ადგილიდან სასწრაფოს პაციენტი საავადმყოფოში მანამ არ გადაჰყავს, სანამ შემთხვევის ადგილზე შსს-ს გადამღები ჯგუფი არ მივა. 

კონკრეტული მაგალითები, გამოძახების ადგილზე სასწრაფოს დაგვიანებისა, არცთუ იშვიათია.  6, 7 და 14  ივნისს თავისუფლების მოედანზე, უნივერმაღ „თბილისის“ მოპირდაპირე მხარეს, ქვეითად მოსიარულეებს ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ისინი გზის მეორე მხარეს გადადიოდნენ. სამივე შემთხვევა ერთმანეთის იდენტური იყო. რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიცია გამოჩნდა, დაზარალებულებს გამვლელები შემოეხვივნენ და ცდილობდნენ დახმარებოდნენ. „სასწრაფო, სასწრაფო“ - იძახდა ხალხი, პატრული კი მათ ამშვიდებდა, რომ სასწრაფო გამოძახებული იყო.

პირველ შემთხვევისას სასწრაფო დახმარება 15 წუთის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე, მეორე შემთხვევისას  - 20 წუთის შემდეგ, მესამე შემთხვევისას კი 18 წუთის დაგვიანებით. არადა, აღნიშნული დროით დაგვიანება, შესაძლებელია, პაციენტის სიცოცხლისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს და მსგავსი მაგალითები ყოფილა კიდეც. სასწრაფოს დაგვიანების გარდა, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას სასწრაფოს პაციენტი საავადმყოფოში პატრულის მითითების გარეშე არ გადაჰყავს. ამის შესახებ ის ადამიანები საუბრობენ, რომელთაც მსგავსი რამ თავად შეემთხვათ, და სასწრაფოს ექიმებიც, ოღონდ მხოლოდ, პირად საუბარში.

მანანა ქორიძე: „4 თვის წინ, ჩემს დისშვილს, რომელიც ჩემთან ერთად გზაზე გადადიოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის თავი არ მქონდა, სასწრაფოსთვის  დამერეკა. ხალხი შეგროვდა, სასწრაფოც გამოიძახეს და წარმოიდგინეთ, რომ ის შემთხვევის ადგილზე პატრულზე წამებით ადრე მოვიდა. ბავშვს მოტეხილობა ჰქონდა. უგონოდ ეგდო ასფალტზე. ექიმებმა თქვეს, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთო, მაგრამ პატრულმა შეაფერხა. დაიწყეს რაციაზე გადაცემა, საჩქაროდ გადამღები ჯგუფი გამოუშვითო. როგორც ჩანს, გადამღებს აგვიანდებოდა. მესმოდა, ყოველ წამს უკავშირდებოდნენ, ეკითხებოდნენ - ახლა სად ხართო და აჩქარებდნენ. დაახლოებით 25-30 წუთი ასფალტზე უგონოდ ეგდო. როგორც იქნა, გადამღებიც მოვიდა, გადაიღეს და ამის შემდეგ სასწრაფოს მისცეს უფლება, საავადმყოფოში გადაეყვანათ. პრეტენზიებს სასწრაფოს ექიმებიც გამოთქვამდნენ და ამბობდნენ, რომ ასე ხშირად ხდება და მათ პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის უფლებას მანამ არ აძლევენ, სანამ გადაცემა „პატრულისთვის“ ყველაფერს არ გადაიღებენ.“

სასწრაფოს ექიმები მსგავსი ისტორიების შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ. მიზეზი კი ის არის, რომ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. პირად საუბარში კი არ მალავენ, რომ
მსგავსი მაგალითები არსებობს. „არის შემთხვევები, როცა მომხდარის გადაღება აუცილებელია, არადა, გადამღები ყველა პატრულს ხომ არ დაყვება. ამიტომ, სამწუხაროდ, სანამ ის შემთხვევის ადგილზე მოვა, ლოდინი გვიწევს. ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, პაციენტისთვის ხელის ხლების საშუალებასაც არ გვაძლევენ. ბუნებრივია, ეს ჩვენს მუშაობას აფერხებს და თუ შემთხვევის ადგილზე დაზარალებულის ახლობლები იმყოფებიან, პრეტენზიები ჩვენთან აქვთ და ფიზიკურადაც კი გვისწორდებიან,“ - ამბობს სასწრაფოს ერთ-ერთი ექიმი. 

შსს, როგორც ადრე, ჟურნალისტებს დღესაც არ გვწყალობს. პრესსამსახურთან დაკავშირება და კომენტარების ჩაწერა შეუძლებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება  ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარებს, იქ გვითხრეს, რომ შსს-დან მსგავსი ბრძანება არ არსებობს და პატრულს არც ემორჩილებიან.

თამარ ცინცაბაძე, ჯანდაცვის პროგრამების ანალიზისა და ბენეფიციალების ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: „03“-ს მსგავსი ბრძანება არა აქვს და ვერც იქნება. როგორ შეიძლება, რომ სურათის გადასაღებად ავადმყოფს დახმარება დაუგვიანო. ეს წარმოუდგენელია და მსგავსი ბრძანების არსებობა არ შეიძლება. შესაძლებელია, ვიღაცამ უთხრა ეს სასწრაფოს, მაგრამ ამას ჯანდაცვიდან არავინ ეტყოდა. მაგისთანა ბრძანებას ვინ დაწერს? რაც შეეხება დაგვიანებას, 15-20 წუთი დაგვიანებად არ ითვლება. სასწრაფო 5 წუთში რომ მიდიოდეს, გადასარევი იქნებოდა, მაგრამ ასეთი რამ წარმოუდგენელია. მანძილის გავლას დრო ხომ სჭირდება.“

ინფორმაციის გადამოწმება სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციასთანაც ვცადეთ. როგორც „03“-ის დირექტორის მოადგილე ლევან ტურძელაძემ გვითხრა: „თუ ავადმყოფის სიმძიმე საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს, უნდა დაფიქსირდეს ის ადგილი, სადაც ავადმყოფი იყო და ამის მერე გადაიყვანონ საავადმყოფოში. გადამღები ჯგუფი რა  შუაშია, ავადმყოფის გაჩერება ჩვენ არ შეგვიძლია. ის მაშინვე უნდა გადავიყვანოთ. მსგავსი გაფრთხილება არც ყოფილა და პატრულს არც ვექვემდებარებით“. 

ეკა გულუა

ახალი ამბები