კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ორჯერ დაარბია

21 ივნისი, 2006

პატრულმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ორჯერ დაარბია

                      

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უკან დახევას არ აპირებენ და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გია ხუბუას გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით უკვე სამი დღეა, ისინი უნივერსიტეტში არიან შეკრებილნი. ადმინისტრაციის მხრიდან გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ პროფესორების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და ხელჩართული დაპირისპირების შემდეგ შენობა იძულების წესით 2-ჯერ დაატოვებინა. მიუხედავად ამისა, ისინი პროტესტს  შენობის გარეთ აგრძელებენ. უნივერსიტეტს კი პოლიცია იცავს.   

პროტესტის მიზეზი უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსი გახდა, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ კანონს“ ეწინააღმდეგება. პროფესორებმა ხუბუას გადაყენების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს, გენერალურ პროკურორს კი  მის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრა მოსთხოვეს. პროფესორებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საპატრულო პოლიციამ ისინი დაარბია.

სანამ სიტუაცია გართულდებოდა და უნივერსიტეტში პოლიცია გამოჩნდებოდა, პროფესორები ხუბუასთან დიალოგს ითხოვდნენ. შეხვედრა შედგა, თუმცა მხარეებმა ვერანაირ შეათანხმებას ვერ მიაღწიეს. ერთ-ერთი პროფესორი, ვინც რექტორთან მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა ჯემალ მებონია იყო. მისი თქმით, ხუბუასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. 

ჯემალ მებონია: „დავრწმუნდი, რომ იმ ადამიანთან დიალოგს აზრი არა აქვს. ჩვენი პირობა იყო კონკურსების შეჩერება და დიალოგის მხოლოდ ამის შემდეგ დაწყება. ხუბუა იძახდა, კონკურსების შეჩერება არ მოხდებაო. ჩვენ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მისი გადადგომა იქნებოდა.
დიალოგის გასაგრძელებლად ჩვენი მხრიდან აუცილებელი პირობა კონკურსების შეწყვეტა იყო. ეს იყო მინიმალური მოთხოვნა. იმის შემდეგ, რაც მათ უნივერსიტეტი დაარბიეს, დიალოგს არივითარი აზრი არა აქვს. რაზე უნდა დავილაპარკოთ, არ მესმის. მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი დარჩათ - დროზე დაიხურონ ქუდი და წავიდნენ. ვისთან უნდა ვილაპარაკო, იმ ადამიანთან, რომელმაც უნივერსიტეტის პროფესორებს პოლიცია შეუსია?“

პროფესორები დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტი მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების პერმანენტულად გამართვას აპირებენ. მათ სხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ. გია ხუბუა კი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და დაწყებული რეფორმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს. მისი თქმით, „დიალოგისთვის მზად ვარ, მაგრამ ერთადერთი თემა, რაც არ შეიძლება განხილვის საგანი იყოს, არის კონკურსები. ჩემი აზრით, მათ   გამოცდების ჩაბარების შიში აქვთ. რაც შეეხება, პოლიციის გამოძახებას, ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ ისინი წესრიგს არღვევდნენ. მსგავსი დარღვევის  ყოველი ფაქტი კანონის ფარგებში აღიკვეთება. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ“.

პროფესორები კი რექტორის პოზიციას სიცრუეს უწოდებენ და უკანონოდ გამოცხადებულ კონკურსებზე საუბრობენ. მათი თქმით, კანონის მიხედვით,
ჯერ თანამშრომელთა ახალ თანამდებობებზე გადაყვანა უნდა მომხდარიყო,  შემდეგ  აერჩიათ საბჭოები, შეემუშავებინათ წესდება და მეოთხე საფეხურზე უნდა ჩატარებულიყო კონკურსები. რექტორმა კი პირდაპირ მეოთხე საფეხურიდან დაიწყო რეფორმა.

უნივერსიტეტში დღეს აქციების მეოთხე დღეა. მართალია, დარბევის შემდეგ რამდენიმე პროფესორი მსუბუქად დაშავდა და აქციაში ვერ მონაწილეობს, თუმცა მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. რექტორი კი მათ აქციების შეწყვეტისა და კონკურსებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, „აკადემიურ თანამდებობებზე საკონკურსო განაცხადის შეტანის ვადა 23 ივნისს იწურება.  აკადემიური თანამდებობების გარდა უნივერსიტეტი მასწავლებლებს საკონტრაქტო წესითაც მიიწვევს. მათი რაოდენობა კი სასწავლო პროგრამებიდან გამომდინარე განისაზღვრება. ის, რომ უნივერსიტეტში 800 აკადემიურ თანამდებობაზეა კონკურსი გამოცხადებული, არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში მხოლოდ 800 თანამშრომელი იქნება.“

ეკა გულუა

ახალი ამბები