კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუნიციპალურ სასადილოებში ერთ ადამიანზე 55 თეთრი იხარჯება

3 ივლისი, 2006

მუნიციპალურ სასადილოებში ერთ ადამიანზე 55 თეთრი იხარჯება

 

თბილისში თუ სხვადასხვა რეგიონებში უფასო სასადილოების გახსნა მოდად იქცა. თვე არ გავა, სოციალურად დაუცველთათვის ერთი უფასო სასადილო მაინც არ გაიხსნას, თუმცა ტელევიზიებისა და მთავრობის წევრთა თანხლებით გახსნილი სასადალოების შემდგომი მდგომარეობით არავინ ინტერესდება. არც არავინ კითხულობს რა ხდება იქ, როგორ იკვებებიან სოციალურად დაუცველები და დღეში 55 თეთრად ერთ ადამიანს რა სადილს სთავაზობენ.       

პური, წიწიბურა, „ტყუილი სუფი“, ფაფა, ლობიო და ბორშჩი -  ეს ის ძირითადი მენიუა, რითაც მშიერ ადამიანებს უფასო სასადილოებში უმასპინძლდებიან. რაც შეეხება ხორციან კერძებს, ეს მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში კეთდება. ასეთ დღეებად ითვლება სასადილოში მთავრობის წევრთა ვიზიტი, ახალი წელი, აღდგომა, შობა თუ სხვა დღესასწაულები. ზოგჯერ მოხუცებს კვირაში ერთხელ კატლეტს, სოსისს ან თევზსაც აჭმევენ.

მართალია, მოხუცთა ნაწილი პრეტენზიებს გამოხატავს და უკეთეს მომსახურებას ითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში, მათ ეუბნებიან, რომ თუ არ მოსწონთ, შეუძლიათ არ მიბრძანდნენ. მსგავსი არაერთი შემთხვევა არსებობს. მაგალითისთვის კი თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ცაგარელის ქუჩა 19-ში მდებარე სასადილოც საკმარისია. იქიდან
მოხუცი იმის გამო გამოაძევეს, რომ მომზადებულ საკვებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოხატა.

რუსუდან სეხნიაშვილი ერთ-ერთი რესპონდენტია, რომელიც ამ ინციდენტის შესახებ ხმამაღლა საუბრობს. ბევრი კი იმის შიშით, რომ სასადილოში არ შეუშვებენ და მშიერი დარჩება, ხმას ვერ იღებს. რესპონდენტის თქმით: „სასადილოებში ძირითადად ძველი, გაფუჭებული და უხარისხო პროდუქტებით გვიმასპინძლდებიან. საჭმელებს არც გემო აქვს, არც სუნი, მოკლედ, ვერ გაიგებ, რას მიირთმევ. ისიც მოსწრებაზეა. ძირითადად სულ ფაფებს ამზადებენ. ხორციანი კერძები მხოლოდ „პრაზდნიკებზეა“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თეფშებს წესიერად არ რეცხავენ და სუნი ასდის. ჩვენ მათხოვრები არ ვართ. დამსახურებული ადამიანები ვართ, რომლებიც უპატრონო ქვეყანაში ვიჩაგრებით. ამ ყველაფრის გამო პრეტენზიები სასადილოში არაერთხელ გამოვთქვი. მათ კი ამითვალწუნეს და არ მიშვებენ.“
     
ვაკე-საბურთალოს გამგეობამ აღნიშნულ ქალბატონს აქტი შეუდგინა და ულუკმაპუროდ დატოვა. ქალბატონის თქმით, მას სასადილოში რაღაც აქტზე ხელი გამგებლის მოადგილე ნანა ლაცაბიძემ მოაწერინა. ამის შემდეგ კი მას  სასადილოში მისვლა აუკრძალეს.

როგორც ჩანს, ასეთი  სიტუაცია მხოლოდ ერთ სასადილოში არ ხდება. იგივე მდგომარეობაა სხვა რაიონებშიც. მაგალითად, დიდუბის რაიონის სასადილოს პირობებით უკმაყოფილო არაერთი ადამიანი დაგვიკავშირდა. მათ ვინაობის გამხელა იმიტომ არ სურთ, რომ წინა რესპონდენტის ბედის გაზიარების ეშინიათ. მათაც ძირითადად პრეტენზიები უხარისხო პროდუქციაზე აქვთ.   

როგორც ამ რაიონის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ქალბატონი ქეთევანი ამბობს, საკვები გემრიელი და ხარისხიანი მხოლოდ მაშინ არის, როცა განსაკუთრებულ სტუმრებს ელოდებიან: „დალხენილი ცხოვრება რომ გვქონდეს და მშივრები არ ვიყოთ, აქ ნამდვილად არ მოვიდოდით. კარგია, რომ უფასო სასადილოები არსებობს და ბევრი ამ საკვების იმედზეა, მაგრამ გაფუჭებულ და უვარგის საკვებს ნუ მოგვიმზადებენ. უმადურები არ ვართ, მაგრამ რასაც მოამზადებენ, საშიში არ უნდა იყოს. გარდა ამისა, თუ უკმაყოფილებას გამოვხატავთ, არ მოსწონთ და ცუდი თვალით გვიყურებენ. კარგი იქნება, თუ მთავრობის წევრები მოულოდნელად შეამოწმებენ სასადილოებს. საკუთარი თვალით ნახავენ, სიმართლეს ვამბობთ თუ არა.“     

მუნიციპალურ სასადილოებში ერთ ადამიანზე 0,55 ლარი იხარჯება, „ნაციონალური მოძრაობის“ სასადილოებში კი 2,5 ლარი. ფასიდან გამომდინარე, იქ უკეთესი პირობებია, თუმცა, ასეთი სასადილოები ცოტაა და ბევრს არ ჰყოფნის. როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელი  დათო იოსელიანი ამბობს: „ერთ ადამიანზე დაფინანსება 55 თეთრია, რომელიც უშუალოდ კვებაზე იხარჯება. ამ ფასად თუ ისეთ სადილს მოამზადებთ, რომ ოჯახის წევრები კმაყოფილი გყავდეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სასადილოზე 2,5 ლარი იხარჯება. მესმის რომ ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ ისინი იქ დადიან ყოველდღიურად და ძალიან ბევრი მსურველია. გაუთავებელ მონიტორინგს ვახორციელებთ და ამ სფეროს ყურადღებას არ ვაკლებთ.”

მსგავსი ისტორიების მოსმენის შემდეგ თბილისის პრემიერს - თემურ ქურხულს დავუკავშირდით. მისი თქმით, მერიაში უკმაყოფილო ადამიანთა მხრიდან არანაირი საჩივარი არ შესულა: „ჩემთან არანაირი საჩივრის წერილი ან მსგავსი ინფორმაცია არ მოსულა. ასე რომ იყოს მაშინვე მოვახდენ რეაგირებას. ჩვენ კატეგორიულად გვყავს გამგებლები გაფრთხილებული, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. ეს საქმიანობა ტენდერით ხდება და არ გამოვრიცხავ, იმ კომპანიებიდან, რომლებიც სასადილოებს ემსახურებიან, ვიღაც უსინდისო და უზნეო ადამიანი აღმოჩნდეს.“   

ეკა გულუა

ახალი ამბები