კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სოხუმში ფეხით წასვლით იმუქრებიან

3 ივლისი, 2006

თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სოხუმში ფეხით წასვლით იმუქრებიან

თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ უპასუხისმგებლობას აპროტესტებენ. ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გეგმავენ და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებენ. დევნილთა განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ხევიაშვილი მათი პრობლემებით ერთხელაც არ დაინტერესებულა.

„ახალი მინისტრი ერთხელაც არ მოსულა ჩვენთან და ერთხელაც არ უკითხავს რა მდგომარეობაში ვართ. სოხუმში ფეხით წავალთ და თუ ვერ მივაღწევთ, გზაში მოვკვდებით. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი სჯობია...“ – აცხადებენ თელავში მცხოვრები დევნილები.
 
დევნილების პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მიმდინარე თვეში მათ ყოველთვიური დახმარება, 11 ლარი ვერ მიიღეს. „რვა წელია ხელისუფლებას არ გავხსენებივართ. მხოლოდ 11 ლარს ვიღებთ დახმარებას და ახლა ამასაც არ გვაძლევენ...” – აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი დარეჯან ფანჩვიძე.
 
დევნილების განცხადებით, მათ დახმარებები მხოლოდ იმ მიზეზით არ ეძლევათ, რომ სახალხო ბანკში დევნილთა სიები არ არსებობს. ადგილობრივი ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ ლტოლვილთა პრობლემების მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის და საკითხი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოსაგვარებელია.

„თერთმეტი ლარით ბავშვებისათვის მხოლოდ პურის ფქვილს ვყიდულობთ და ესეც რომ არ გვქონდეს შვილები უნდა ვაშიმშილოთ. გვეუბნებიან, რომ ბანკში ფული ჩარიცხულია, მაგრამ ვერ გასცემენ, რადგან სიები არ არის. ყველა ერთმენეთს აბრალებს. ვიღაცამ ხომ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა?..” – აცხადებს დევნილი დ. ფანჩვიძე.
 
თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები აცხადებენ, რომ მინისტრი ხევიაშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. „ორჯერ გავგზავნეთ სამინისტროში განცხადება, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ...“ – აცხადებს ნანული მითაგვარია და მინისტრს იმის გამოც საყვედურობს, რომ ის ჩეჩენი ლტოლვილების მდგომარეობით უფრო მეტად ინტერესდება და პანკისში მათთან ერთად ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს ზეიმობს. „ხევიაშვილი პანკისში იყო ჩასული და ჩეჩენი ლტოლვილები მოინახულა, მათთან ერთად ლტოლვილთა დღეც იზეიმა. ჩვენთანაც მოსულიყო და ერთხელ მაინც ეკითხა როგორ პირობებში ვცხოვრობთ, ჩვენც ლტოლვილები ვართ...“ – აცხადებს ნ. მითაგვარია.
 
თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები აფხაზეთის ომის პერიოდსაც იხსენებენ და აცხადებენ, რომ ომის დროს მათ არა საქართველოს, არამედ აფხაზეთის ხელისუფლება ეხმარებოდა. „აფხაზეთის შტაბში პროდუქტს გვაძლევდნენ ხოლმე და გვპირდებოდნენ, რომ ყველანაირად დაგვეხმერებოდნენ, მაგრამ მაინც წამოვედით. ჩვენი ხელისუფლება თუ ასე გაგვწირავდა, ამას ვერ წარმოვიდგენდით...“ – აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი გ. ქარაია.
 
სახალხო ბანკის თელავის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი კოჭლოშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თანხა ჩარიცხულია, თუმცა ბანკი დევნილებს აღნიშნულ თანხას მანამდე ვერ მისცემს, სანამ სიები არ დაზუსტდება. „ბანკში თანხა ჩარიცხულია, მაგრამ გაცემა არ მიმდინარეობს, რადგან ჩვენ არ გვაქვს სიები, რომლის მიხედვითაც თანხა უნდა გაიცეს...“ – აცხადებს კოჭლოშვილი.
 
თელავის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსის, ლევან ახალაურის განცხადებით, „გამგეობა გამოხატავს კეთილ ნებას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან სიების ჩამოტანას უზრუნველყოფს,“ თუმცა როდის, ამაზე არავინ საუბრობს.
 
თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებიც ჯერ-ჯერობით თელავის რაიონის გამგეობის „კეთილი ნების“ იმედად რჩებიან და პრობლემის მოგვარებას ელიან, ხოლო თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ და შემდეგ კი სოხუმში ფეხით გაემართებიან.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები