კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამდენი გადაუხადა თემურ ყორშიამ უგულავას ბაზრის კარის ჩაკეტვისათვის

5 ივლისი, 2006

რამდენი გადაუხადა თემურ ყორშიამ უგულავას ბაზრის კარის ჩაკეტვისათვის

ზუგდიდის ბაზრის კარების გახსნის თემა დღის წესრიგიდან ჯერჯერობით არ მოხსნილა და ჩანს, კარგა ხანს ასეც იქნება, რადგან ბაზრის კარების პრობლემას ხელისუფლებასა და მოსახლეობის ბაზარში დასაქმებული ნაწილის სერიოზულ დაპირისპირებას ხან ერთ, ხან მეორე ან სხვა კონტექსტში პერიოდულად ემატება აქტუალობა. 

ნაწილი მეორე

2005 წლის ივნისში ბაზარში მოვაჭრეები ზუგდიდის რაონულ სასამართლოში ზუგდიდის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელით შედიან და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ბაზრის კარების დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვენ. ივნისის თვეში მოვაჭრეები პროტესტის ნიშნად, ვაჭრობას 12 დღით ისევ წყვეტენ. ქალაქის საარსებო ერთ-ერთი წყარო კარგა ხნით პარალიზებული ხდება. სასამართლო პროცესი ხმაურითა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლე ნუგზარ სარიას გადაწყვეტილებას, მოვაჭრეების სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, დარბაზში შეკრებილი მოვაჭრეები სიხარულის შეძახილებითა და ზარ-ზეიმით ხვდებიან. რაიონის გამგეობის მოპასუხე მხარედ წარმოდგენილ იურისტს კი სპეციალური ბადრაგი სასამართლოს სათადარიგო კარებიდან გაჰყავს (სათადარიგო კარები აქტუალობას კარგა ხანი ვერ დაკარგავს, რადგან დადარაჯებული მოვაჭრეების რისხვისა და ფიზიკური შეურაცყოფის თავიდან ასაცილებლად ამ კარებით სარგებლობა, ამჯერად თეატრსა და ნაცმოძრაობის ოფისში, კარგა ხნის მანძილზე მოუწევს პარლამენტარ, ნაზი არონიას. მოგვიანებით, მის ბედს მიხეილ მაჭავარიანი და ნაცმოძრაობის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძრვანელი პირებიც გაიზიარებენ. ამ ინცინდენტის შემდეგ, მაჭავარიანი ნაცმოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობაზე ალაპარაკდება და განაცხადებს, რომ მოვაჭრეებს ხელისუფლების წინააღმდეგ და რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად იყენებენ. ის არაორაზროვან მინიშნებას გრიშა ქობალიაზე გააკეთებს, თუმცა მის ვინაობას არ დაასახელებს. აქ კიდევ ერთხელ ამოტივტივდება პარლამენტარ ქობალიას ინტერესები).
   
ადგილობრივ ხელისუფლებას მოვაჭრეებმა პირველი პროცესი მოუგეს
 სასამართლოს დადგენილების აღსრულების მომლოდინე მოვაჭრეები ფაქტის წინაშე დგანან: ფინანსური პოლიცია ისევ აქტიურდება და 16 ივნისიდან ბაზარში დახლების აღებასა და კონტრაბანდული სიგარეტების ამოღებას აგრძელებენ. მოვაჭრეები სიგარეტებით ვაჭრობის ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობენ, თუმცა ფაქტია, რომ პოლიცია სიგარეტებს ბაზარში მაინც პოულობს. მოვაჭრეები აქციას აქციაზე მართავენ და ხან ცენტრალური ქუჩების გადაკეტვით, ხან სამხარეო და რაიონის ხელმძღვანელობების ოფისებთან მართავენ ხმაურიან აქციებს. მათთან პერიოდულად ოპოზიციური პარტიებისა და პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლები ჩნდებიან. ყველა დახმარებას და თანადგომას პირდება მოვაჭრეებს, მაგრამ რეალური დახმარება არსაიდან ჩანს. ბოლო პერიოდში მოვაჭრეებთან ინტენსიურად ჩნდება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ფიფია, რომელიც მათი საკითხის პარლამენტში დასმას ჰპირდება. ის პირობას ასრულებს და პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე მიკროფონთან ბაზართან დაკავშირებულ სიტუაციას ახმოვანებს. მას ირონიით ხვდებიან და საკითხი რეაგირების გარეშე რჩება. ამ ფაქტით აღშფოთებული მოვაჭრეები რაიონის გამგეობასთან პერმანენტულ აქციებს მართავენ. რამდენიმე დღით, სპეცდანიშნულების რაზმის გაძლიერებული დაცვის მიუხედავად, ისინი გამგეობის მუშაობის პარალიზებას ახერხებენ. ბაზრის კარების თემა ცოტა ხნით განზე იწევს, მოვაჭრეები სალარო აპარატებს აპროტესტებენ. ამ დროსაც მათ გვერდით მაჟორიტარი ფიფია დგას. ოდნავ მოგვიანებით, სამეგრელოში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტისას, მოვაჭრეებთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი ინცინდენტი ხდება.
   
პრეზიდენტის ვიზიტის წინა ღამეს, ნიღბიანები ზუგდიდიდან ბაზრის მოვლენების აქტივისტებს გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანენ. ერთ-ერთი აქტივისტი აქტიური რევოლუციონერი, სააკაშვილის მიტინგის დროს სპეცნაზელების მიერ დაჭრილი ლუიზა ფიფიაა. მოგვიანებით გაირკვევა, რომ ქალბატონები ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისში, მიტოვებულ სახლში ჩაკეტეს, რათა პრეზიდენტის ვიზიტის დროს თავიდან აეცილებინათ „გაუგებრობები“ ან თუნდაც უსიამოვნო ინცინდენტები. ამ ფაქტს ბევრი მოწმე და თვითმხილველი ჰყავს, ისევე როგორც კიდევ ერთი ბაზრის აქტივისტის, ჯინა კატრტოზიას შვილის გატაცებას, ამიტომაც მათი მიჩუმათება ვერ ხერხდება, თუმცა ეს განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს სამართალდამცველების იმიჯზე; ისინი ზემდგომთა მითითებით მოქმედებდნენ. ასე, რომ მათი დასჯა არავის უფიქრია. მოვაჭრეებმა პრეზიდენტისათვის ხმის მიწვდენა მაინც მოახერხეს. ეს მისია ბაზრის მოვლენების აქტიური სახის, ჯინა კარტოზიას 13 წლის შვილმა, მარიამ გვარამიამ იკისრა. მან მოვაჭრეების მიერ პრეზიდენტისათვის საგანგებოდ მომზადებული წერილი მის ადრესატს, პრეზიდენტს თავად გადასცა (მოგვიანებით სწორედ ეს ფაქტი გახდება ნიღბიანი პოლიციელების მიერ მისი გატაცების და მუქარის მიზეზი).

ბაზრის პრობლემა ქუჩიდან სასამართლოში ინაცვლებს. პირველ პროცესს მეორე მოჰყვება, მესამე... ყველა სასამართლო პროცესი ბაზარში მოვაჭრეების სასარგებლოდ სრულდება.

ციცო სალია, ბაზარში მოვაჭრე: „ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ნოდარ ცალანი) ისევ მიიღო გადაწყვეტილება ბაზრის გაუქმებული ცენტრალური შესასვლელის აღდგენის თაობაზე. გამგეობამ ტრადიციულად 14 დღის შემდეგ კვლავ გაასაჩივრა გაანაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ამ შემთხვევაშიც გავიმარჯვეთ. უზენაესი სასამართლოს განჩინებაში,მესამე პუნქტად წერია, განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო. კარების გახსნას კი არავინ ჩქარობს“.
   
ბაზარში მოვაჭრეები პარლამენტარ ქობალიას მას შემდეგ გადაემტერნენ, რაც რაიონის გამგებლად მისი შვილი, ალექსანდრე ქობალია დაინიშნა და მათ სასარგებლოდ არაფერი შეიცვალა. მოვაჭრეები უკვე ალექსანდრე ქობალიასგან ითხოვენ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას, რომლის თანახმადაც, რაიონის გამგეობას ბაზრის კარების გახსნა ევალება.
 ქალაქში ვრცელდება ხმები, მისი ნება რომ იყოს, გამგებელი ქობალია დაუყოვნებლივ გახსნიდა ბაზრის კარებს, რომ არა უგულავას დაინტერესებაო. თავად გამგებელი ბაზართან დაკავშირებით ყოველგვარ კომენტარზე უარს აცხადებს (!), თუმცა დასძენს, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდება და ბაზრის კარების გახსნას სასამართლო გადაწყვეტს.

გადაწყვეტილება კი, რომლის არსებობასაც უარყოფს მხარის გუბერნატორი, ზაზა გოროზია,- არსებობს და ის 2005 წლის მაისით თარიღდება. მოვაჭრეები ამ დუმენტის ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებასაც აპირებენ და აღშფოთებას ვერ მალავენ გუბერნატორის ამ განცხადების გამო.
  
ციცო სალია, ბაზრის აქციების აქტიური მონაწილე, ვარაუდობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ არაფრად ჩააგდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბაზრის კარები ისევ არ გაიღება; მეტიც, ხელისუფლებას ეს ისევე შერჩება, როგორც მის მიერ კანონიერად შესყიდულ ადგილზე თვითნებურად დანგრეული მაღაზია.

ციცო სალია: „მაღაზიები რომ დაანგრიეს მდინარის სანაპიროსთან, იქ ჩემი მაღაზიაც იყო. ის მიწა მე ტენდერით მოვიგე. მაღაზიას 4 წელი ვაშენებდი. სახლი გავყიდე ის მიწა რომ მეყიდა. დამინგრიეს და იმ დროს შეპირებული კომპენსაციაც კი არავის მოუცია. ვიდეოკასეტაზე მაქვს გადაღებული იმ დროს „სპეცნაზი“ დუბინკებით რომ  გვცემდა“.

ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ბაზრის კარების ჩაკეტვით 20 000 ლარით იზარალა. მათივე თქმით, ბაზრის შიგნით განთავსებული 450-მდე კერძო მაღაზია ამ პრობლემის გამო ვერ ახერხებს ვაჭრობას.

სასამართლო განჩინების შეუსრულებლობით აღშფოთებულმა ბაზრის მოვაჭრეებმა ივნისის დასაწყისში თვითნებურად გაანგრიეს ბაზრის ჩაბეტონებული ჭიშკარი, მაგრამ სპეცნაზმა მათი თვითნებობა მალევე ალაგმა, მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს მუშებმა და მოვაჭრეების მიერ განგრეული კარები დილით ისევ ჩაგმანულ- ჩაბეტონებული იყო.
   
ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ „ბაზრის თემას“ ახალი განვითარება მოსდევს. ამჟამად ისინი მინიშნებებიდან აშკარა ბრალდებებზე გადადიან და აცხადებენ, რომ ბაზრის კარების ჩაკეტვით მისი გაკოტრება და შემდგომ გასხვისებაა დაგეგმილი.

ჯინა კარტოზია, ბაზარში მოვაჭრე: „თუ გინდათ მე გეტყვით რაც ხდება. არავისი არ მეშინია. ამ ბაზრის გამო ჩემი შვილი გაიტაცეს, ქმარი პოლიციელებმა ცემეს. არაფერი არა მაქვს დასაკარგი. ბაზრის კარების ჩაკეტვა ყორშიასა (რეგიონში „კოკა-კოლას“ წარმომადგენელი) და გიგი უგულავას (სამეგრელოს მაშინდელი გუბერნატორი) დანაშაულებრივი შეთანხმების შედეგია. ყორშიამ ამისათვის მას 60 000 დოლარი გადაუხადა. ყორშიას მფარველები პარლამენტშიც ჰყავს. ახლა რომ ჩვენი ბაზრის წინ თვითონ ბაზარს ხსნის, იქ წილში ბესო ჯუღელი, თემურ ჭყონია, ფრიდონ თოდუა ალიკა და გრიშა ქობალიები არიან. სხვა პარლამენტარებიც. მე ამას პირველად არ ვამბობ. ეს შეხვედრებისას სოზარ სუბარსაც ვუთხარი, ნაზი არონიასაც; ზურაბ ნოღაიდელსაც შევხვდი, გიორგი არველაძესაც...შედეგად რა?“.
  
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ბაზარს მიზანმიმართულად აკოტრებენ და თუნდაც ნიახურის ფასად გაყიდიან, ან გააუქმებენ. ასობით მოვაჭრე კი უმუშევარი დარჩება.
  
მზია ჭანია, მოვაჭრე: „ჩვენ რა ვქნათ. ყორშიას ბაზარში წინასწარ 1500 დოლარია სავაჭრო ადგილზე გადასახდელი, ყოველთვიურად კი 300 დოლარი. ამდენი თანხა რომ მქონდეს, რა მინდა, შვილო ბაზარში?“ .
 
„ძველი ბაზრის“ პირდაპირ თემურ ყორშიამ მართლაც დაიწყო საკმაოდ მასშტაბური მშენებლობა. სამშენებლო ტვირთების დაცლა ზოგჯერ საგზაო მოძრაობასაც აფერხებს (ეტყობა ამ ადგილს ასე დაებედა). მოსახლეობის ნაწილისათვის გაუგებარია, თუ ქუჩის მოძრაობისაგან განტვირთვას გეგმავდა ხელისუფლება, ერთი ქუჩიდან მეორეზე ბაზრის გადატანას რა აზრი ჰქონდა.

პიმენ ბულია, პენსიონერი: „აქ სხვა ხდება. უბრალოდ, იმ ბაზარს სხვა მთავრობა ჭამდა, ამ ბაზარში კი თავისი კაცი ყავთ და იმასაც აჭმევენ და თვითონაც შეჭამენ. ეს რა რთული გასაგებია. ბაზარში კი ფული ყრია“.

ნაწილს კი ეს ცვლილებები მოსწონს. ნატა ჟვანია, სტუდენტი: „ძალიანაც კარგია, რომ ბაზრის კარები ჩაკეტეს. რა საჭიროა იქ ბაზარი. სხვაგან უნდა გადაიტანონ. მყიდველიც ეყოლებათ. რა ამბავია, დავიღალეთ ამდენი ხმაურით“.
  
ქალაქში ხმები დადის, ყორშიას ბაზარი მალე გაიხსნება და გახსნაზე პრეზიდენტსაც ელოდებიანო. იმასაც ამბობენ, გოროზიას ბაზრის მოვაჭრეები სერიოზულ სკანდალს უმზადებენო.


მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები