კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰოლანდიური ავტობუსები – კრახით დამთავრებული ნაადრევად დაწყებული საარჩევნო კამპანია?!

10 ივლისი, 2006

ჰოლანდიური ავტობუსები – კრახით დამთავრებული ნაადრევად დაწყებული საარჩევნო კამპანია?!

                        

3 თვის წინ, მაშინ, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თელავში ჰოლანდიური ავტობუსები დიდი ზარ-ზეიმით შემოიყვანა, მოსახლეობამ იფიქრა, რომ ხელისუფლებამ ხალხზე ზრუნვა დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მგზავრობის იაფი ღირებულება თელავის რაიონის სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას მდგომარეობას შეუმსუბუქებდა. პრეზიდენტის კახეთის მხარის რწმუნებული, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებდა, რომ ჰოლანდიური  ოცთეთრიანი ავტობუსები მალე კახეთის სხვა რაიონების მოსახლეობასაც მოემსახურებოდა, თუმცა, იაფად მგზავრობის სიამოვნება თელაველებისათვის ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით, თელავის რაიონის ხელმძღვანელობამ რეისების რაოდენობა გაანახევრა.
 
უკმაყოფილო თელაველები ხელისუფლებას ხალხისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს საცხოვრებლად ელემენტარულ პირობებსაც არ უქმნის. „ხელისუფლება ყველაფერს საკუთარი თავის წარმოჩენისთვის აკეთებს. როცა ავტობუსი ყოველ ერთ საათში დადიოდა, ბევრი ადამიანისთვის იყო შეღავათი, მაგრამ ახლა ან ისევ ძვირი ტრანსპორტით გვიწევს მგზავრობა, ან რამდენიმე საათი უნდა ველოდოთ იაფ ტრანსპორტს. ხელისუფლება ხალხზე ზრუნვას გადაეჩვია“, -  აცხადებს მაია გოცირიძე.
 
თელაველი ეთერ მამუკელაშვილის განცხადებით, მოსახლეობას ხელისუფლების ნდობა საბოლოოდ დაეკარგა. „მოსახლეობა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ არის. ამ ავტობუსებით ძირითადად ყველაზე გაჭირვებული ადამიანები მგზავრობენ. უმეტესობა მოხუცები არიან. ამ ხალხისათვის იაფად მგზავრობა საკმაოდ დიდი შეღავათი იყო, მაგრამ ესეც მოუსპეს. ზაფხულის სიცხეში რამდენიმე საათი ტრანსპორტის ლოდინი მათთვის ძალიან ძნელია. ხელისუფლებამ უკვე იმდენი გააკეთა, რომ ხალხს ყველაფრის იმედი დაუკარგა“, – აცხადებს ე. მამუკელაშვილი.
 
თელაველების დიდი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ყველაფერს მოსაჩვენებლად აკეთებს. მაია გოცირიძის განცხადებით, „სანახაობების დიდოსტატი ხელისუფლება საკუთარ ხალხს ძალიან დაშორდა.“
 
„ეს საწყალი ხალხის ავტობუსებია. ვისაც ფული აქვს, ის ან საკუთარი მანქანით დადის, ან ტაქსით. გვეგონა, რომ ხელისუფლებამ ეს ავტობუსები ჩვენთვის შემოიყვანა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თავისთვის შემოუყვანია და ყველაფერი მოჩვენებითი ყოფილა...“ – აცხადებს გიორგი ქევხიშვილი.
 
ჰოლანდიური ავტობუსების შესახებ საკუთარი აზრი აქვთ ადგილობრივ ოპოზიციურ პარტიებსაც. პარტია „კონსერვატორების“ თელავის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ავტობუსების შემოყვანა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნაადრევად დაწყებული საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც კრახით დასრულდა.
„ავტობუსების შემოყვანა საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. ამ კამპანიის დაწყება ხელისუფლებამ რატომღაც ცოტა იჩქარა და ამით წააგო. ავტობუსები ცოტა ადრე ჩამოიყვანეს. ეს მათი პირველი კრახია. ცოტა ხნის შემდეგ აღარც ეს განახევრებული რეისები იქნება. ხელისუფლებას ამ ავტობუსების შენახვა არ შეუძლია“,- აცხადებს პარტია „კონსერვატორების“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვანო გალახვარიძე.
 
თელავის რაიონის გამგეობაში ნაწილობრივ ადასტურებენ ადგილობრივი კონსერვატორების შეხედულებებს და აცხადებენ, რომ აღნიშნული ავტობუსების შენახვა სახელმწიფოს უჭირს, სამარშრუტო რეისების განახევრებაც მგზავრთა ნაკადის შემცირებით არის გამოწვეული, თუმცა ირწმუნებიან, რომ რეისები შემოდგომიდან აღდგება. „სასწავლო წლის დამთავრებასთან ერთად შემცირდა მგზავრთა ნაკადიც. ვინაიდან აღნიშნული ავტობუსები სახელმწიფო დოტაციაზე იყო და ხარჯები აჭარბებდა შემოსავლებს, ამიტომ შემცირდა გრაფიკი...“ – აცხადებს თელავის რაიონის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური უფროსი დავით გრიშიკაშვილი.
 
ოპოზიციის განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ ადგილობრივი ნაციონალები და აცხადებენ, რომ „სექტემბრიდან მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყება და თელავში დამატებით ახალი ავტობუსებიც შემოვა...“


ვერიკო კობიაშვილი თელავიდან 

ახალი ამბები