კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში, პოლიციამ ჟურნალისტს ხელჩანთაში „მაკაროვის“ ტყვია ჩაუდო

11 ივლისი, 2006

კახეთში, პოლიციამ ჟურნალისტს ხელჩანთაში „მაკაროვის“ ტყვია ჩაუდო

დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლა კახეთში არავის უკვირს, მაგრამ შაბათს მომხდარმა ფაქტმა ყველა გააოცა. რეგიონული გაზეთის, „იმედის“ კორესპონდენტს მარინა გოგოლაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა ხელჩანთაში „მაკაროვის“ ტიპის, ცეცხლსასროლი იარაღის ვარგისი ტყვია ჩაუდეს, რის შემდეგაც პოლიციის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტს ხელჩანთის გაჩხრეკა კატეგორიულად მოსთხოვა.
 
„ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში, მიმდინარე პროცესის შესახებ საგაზეთო წერილის მოსამზადებლად ვიმყოფებოდი. მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი გაზეთისთვის საინტერესო სისხლის სამართლის საქმეს იხილავდა. სასამართლოში მობილიზებულნი იყვნენ, როგორც ლაგოდეხის, ასევე ყვარლის პოლიციის თანამშრომლები. ვცდილობდი ლაგოდეხის პოლიციის უფროსისთვის, არჩილ შაბურიშვილისთვის კომენტარი ჩამომერთვა ერთ-ერთი რესპონდენტის განცხადებასთან დაკავშირებით. პოლიციის უფროსმა კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა წესიერად რომ დამელაპარაკა, ძალიან გამიკვირდა, რადგან მანამდე პოლიციის შენობაში შესვლას მიკრძალავდა. მალევე, ლაგოდეხის პოლიციის უფროსის მოადგილემ გია ლომიძემ, თავისივე თანამშრომლების თანდასწრებით განმიცხადა, რომ ჩემი ხელჩანთა უნდა გაეჩხრიკა, მიზეზი არ დაუსახელებია. უარი ვუთხარი, შემდეგ კი ხუმრობით მივუგე, რომ მოსამართლის სანქცია წარმოედგინა. ლომიძემ გაიცინა და მოთხოვნა კიდევ რამდენჯერმე გამიმეორა, რის გამოც უკვე მკაცრი პასუხი გავეცი. მოგვიანებით, პოლიციის შენობაში შესვლა მომიწია, პროკურატურის წარმომადგენლისთვის კომენტარი უნდა ჩამომერთვა. ამ დროს თან ჩემი კოლეგა, ხათუნა გოგაშვილი მახლდა. პოლიციის შენობაში გია ლომიძემ ხელჩანთის გაჩხრეკვა კვლავ მომთხოვა და საეჭვოდ ჩაიცინა. შენობიდან გამოვედით თუ არა, ჩანთა გავხსენი. ნივთები ამოვალაგე და დავინახე, რომ ჩანთაში იარაღის ტყვია მედო“,- აცხადებს მარინა გოგოლაძე.

ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ პოლიციამ, ხელჩანთაში ტყვია დასაშინებლად ჩაუდო. „ვფიქრობ, ამით დამემუქრნენ, თუ ისე არ მოვიქცევი, როგორც მითვლიან, სხვა დროს ჩემს ჩანთაში შესაძლოა ნარკოტიკიც იპოვონ“,- ამბობს მარინა.

ჩვენთან საუბარში ხათუნა გოგაშვილი აღნიშნავს, რომ „ეს არ იყო ხუმრობა, როგორც ამას პირად საუბარში გია ლომიძე აღნიშნავს. იგი პოლიციის უფროსის მოადგილეა და მისი ეს საქციელი, არა მარტო არასერიოზული, არამედ მეტად დამაფიქრებელია“,- მიაჩნია ხათუნა გოგაშვილს. 
 
მარინა გოგოლაძის ხელჩანთაში არა მარტო ტყვიის ჩადებას, არამედ მასთან იმ დღეს საუბარს უარყოფს თავად გია ლომიძე. „რა ტყვია? ამ ამბის შესახებ არაფერი ვიცი. ან მარინა ჩემს სახელს რატომ ასახელებს, ალბათ დაავალეს“,- ამბობს პოლიციის უფროსის მოადგილე საგამოძიებო ნაწილის დარგში.

მომხდარი არასაყურადღებო ფაქტად მიაჩნია შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსს თემურ ანჯაფარიძეს. „არ მჯერა, მაგრამ ჟურნალისტმა გოგოლაძემ მაინც შემოიტანოს განცხადება, მიმართოს თუნდაც გენერალურ ინსპექციას“,- ამბობს ანჯაფარიძე. 
 
ლომიძის ბრალდებას მარინა სისულელეს უწოდებს და აკონკრეტებს, რომ მას შემდეგ რაც აღნიშნული რედაქციას შეატყობინა, პოლიციის უფროსის მოადგილის დავალებით, მას ჯერ სთხოვეს, შემდეგ კი შეუთვალეს, რომ გაჩუმდეს, არ იჩივლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნება.

ჟურნალისტი ლაგოდეხის რაიონის პოლიციას განცხადებით დღეს მიმართავს და იმ ტყვიასაც წარადგენს, რომელიც საკუთარ ხელჩანთაში აღმოაჩინა, თუმცა როგორც მან გვითხრა, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. იგი დახმარებას სახალხო დამცველსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთხოვს.
 
მარინა გოგოლაძე მცირე ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ კაკალაშვილის ძმამ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ კაკალაშვილმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო, მაგრამ ლაგოდეხის პოლიციამ „ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ვერ აღმოჩენის გამო“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები