კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხში მალარია მძვინვარებს

11 ივლისი, 2006

ლაგოდეხში მალარია მძვინვარებს

კახეთი ეპიდემიისა და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში, მიმდინარე წელს მალარიის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში მალარიით დაავადებული ავადმყოფია. დაჭაობებული ჭიაურის ტყის პირობები ყოველდღიურად უარესდება, შესაბამისად, მრავლდება მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესიც, რაც სპეციალისტთა თქმით, კახეთის რეგიონს ეპიდემიისა და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისათვის კარგად არის ცნობილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო მონაცემები, (დედამიწის 2 მილიარდზე მეტი მაცხოვრებელი მალარიით დაავადების რისკის ქვეშაა. მალარიით ყოველწლიურად 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი ავადდება და 1-დან 3 მილიონამდე იღუპება, მათგან 1-1,5 მილიონი ბავშვია), საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრს, რომელიც მალარიის გავრცელების წინააღმდეგ უნდა იბრძოდეს, დაფინანსება მკვეთრად შეუმცირეს.

ოფიციალური ინფორმაციით, პირველად ლაგოდეხის რაიონში მალარიის ორი შემთხვევა სასაზღვრო რაზმის სამხედრო ნაწილში 1996 წელს აღირიცხა. 2000 წლიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაიძაბა და 60 ადამიანი დაავადდა. 2001 წელს 160 შემთხვევა დაფიქსირდა და ა.შ არაოფიციალური ცნობით, დაავადებულ ადამიანთა რიცხვი გაცილებით დიდია.

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო კოღო ანოფელესი ლაგოდეხის რაიონში მდებარე ჭიაურის ტყის მასივში დიდი რაოდენობით ბინადრობს. ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებულა მდინარეების - აფენის, კაბლის და არეშის კალაპოტების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები. წყალდიდობის დროს მდინარეების წყალი ალაზანს უერთდება და შემდეგ ჭიაურის ტყის მასივში ჩაედინება, რის გამოც უკვე წლებია ათასობით ჰექტარი დატბორილი და დაჭაობებულია. განადგურებულია უნიკალური ფლორა და ფაუნა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მალარია და დაავადების პირველი შემთხვევებიც ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ჰერეთისკარსა და ულიანოვკაში ფიქსირდება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებარვლის #91 განკარგულების თანახმად, საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლაგოდეხის რაიონის ბიუჯეტს ტყის სარეაბილიტაციოდ 450 000 ლარი გამოეყო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინფორმაციით კი, სარეაბილიტაციო თანხა ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა უცნობია, როდის დაიწყება ჭიაურის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ადგილობრივი მოსახლეობა რაიონის ხელმძღვანელობას გარკვეული თანხების მითვისებასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს, მალარია კი ელვის სასაწრაფით ვრცელდება და მისი ლიკვიდაცია დღითიდღე შეუძლებელი ხდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში ლაგოდეხის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნუნუ ნოზაძე, მალარიის გავრცელების მიზეზად, კლიმატური პირობების გარდა მიგრაციასაც ასახელებს: „სოფელ კაბალიდან მოსახლეობა რეგულარულად აზერბაიჯანში გადის, სადაც დაავადების ლიკვიდაციის მცდელობაც არ ყოფილა. სოფელი კობახჩო 25 კმ-იანი ზოლით ესაზღვრება ულიანოვკის ტერიტორიას. მალარიის გადამტან კოღოს კი დღის განმავლობაში ათეული კილომეტრის გავლა შეუძლია. გაძლიერებული მიგრაცია, ბუნებრივი კლიმატური პირობები, ენდემური კერა - ყველაფერი ეს ერთად მალარიის გავრცელებისათვის კარგ სუბსტანციას იძლევა. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ მალარიამ ულიანოვკიდან კართუბანში, ბაისუბანში, ცოდნისკარში, კავშირსა და ლაგოდეხში გადმოინაცვლა. ეპიდემიიდან გამომდინარე, ამ დაავადების ერთ შემთხვევას 30000 შემთხვევის მოცემა შეუძლია“, - შეშფოთებულია ნუნუ ნოზაძე.

„მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამით შარშან 37 ათასი ლარით დაგვაფინანსეს, წელს ეს თანხა 16,5 ათას ლარამდე შეგვიმცირეს. შედეგიც სახეზეა. შარშანდელთან შედარებით, მალარიით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. ეს საშინელებაა. არსებული მდგომარეობის შესახებ ლაგოდეხის რაიონის გამგებელს თამაზ გოძიაშვილს მოხსენებითი ბარათით მივმართე და როგორც რაიონის ხელმძღვანელს, დახმარება ვთხოვე, მაგრამ არავინ დაგვხმარებია“, - აცხადებს ლაგოდეხის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ანასტასია რჩეულიშვილი.

პრობლემასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის რაიონის გამგებელი თამაზ გოძიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ადგილობრივი მოსახლეობა კი გამოსავალს საპროტესტო აქციებში ხედავს და გამოსვლებისთვის ემზადებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები