კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართლიანობის მოთხოვნისათვის ადვოკატებს აპატიმრებენ

13 ივლისი, 2006

სამართლიანობის მოთხოვნისათვის ადვოკატებს აპატიმრებენ

ადვოკატები და ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატთა შევიწროებასა და დევნაზე ალაპარაკდნენ და არაკონსტიტუციური კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. თელავში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ადვოკატ ონისე მებონიას 10 დღიანი პატიმრობა იმიტომ შეუფარდა, რომ სასამართლოს კანონის დარღვევისთვის შენიშვნა მისცა.

მართალია, ადვოკატმა 10 დღიანი საპატიმრო ვადა მოიხადა და თავისუფალია, გაჩერებას არ აპირებს და კანონმდებლობის არაკონსტიტუციური ნორმების გაუქმებას ითხოვს. მას მხარდაჭერას ადვოკატთა ასოციაცია და „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლი უცხადებს.

როგორც „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლის წარმომადგენელი მანანა კობახიძე  აცხადებს, ადვოკატი პროცესს შეგნებულად ჩამოაცილეს: „ონისე მებონია მოსამართლემ იმის გამო დააპატიმრა, რომ მიკერძოებისა და უკანონო ქმედებისთვის შენიშვნა მისცა. კერძოდ, მოსამართლე იხილავდა სს საქმეს, სადაც უნდა დაეკითხათ როგორც მოწმე, ისე დაზარალებული. დაკითხვა აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც ადვოკატსა და სხვა პირებს არ ესმოდათ. ამის გამო მებინიამ თარჯიმნის მოყვანა ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მას არც ეს და არც სხვა შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ამის შემდეგ კი ადვოკატმა გამოხატა პოზიცია, რომ დარბაზში მისი ყოფნა აზრს კარგავდა. მოსამართლემ ის დარბაზიდან გამოაძევა და 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.“

როგორც კობახიძე ამბობს, ბოლო პერიოდში მოსამართლეები სს საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლს ბოროტად იყენებენ, რის გამოც მათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და ამ მუხლის გაუქმება მოითხოვეს.  208-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უპატივცემულობის ან წესრიგის დარღვევისთვის მხარე შეიძლება გამოაძევონ დარბაზიდან, დააჯარიმონ ან დააპატიმრონ 30 დღემდე.

„ეს არის ძალიან სუბიექტური კატეგორია და შესაძლებელია, მოსამართლემ ადვოკატის სრულიად კანონიერი მოთხოვნა უპატივცემლობად მიიჩნიოს და ის დააპატიმროს. ზუსტად ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ადვოკატი, რომელიც მისთვის არასასურველი აღმოჩნდა, პროცესს ძალიან მარტივად ჩამოაშორა,“ - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში კიდევ ერთი დარღვევა ის არის, რომ მოსამართლის განკარგულება პატიმრობის შესახებ არ საჩივრდება: „ადვოკატს არცერთ სასამართლო ინსტანციაში არ ეძლევა უფლება, მოსამართლის მსგავსი გადაწყვეტილება გაასაჩივროს. კონსტიტუციის 42-ე მუხლი კი ამბობს, რომ ყველას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. გარდა ამისა, „რომის სტატუტის“ მიხედვით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, დაუშვებულია პირის დაპატიმრება, დარბაზში წესიგის დარღვევისთვის. სამწუხაროდ, მოსამართლეები ბოლო დროს ამ არაკონსტიტუციური ნორმით ძალიან კარგად სარგებლობენ. ზუსტად იგივე მოხდა ირაკლი კაკაბაძის შემთხვევაშიც. მოსამართლეებმა დაცვის მხარის სრული იგნორირირება, შევიწროება და ზეწოლა დაიწყეს.“

ადვოკატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი დავით ასათიანი: „პირველი შემთხვევაა, როცა ადვოკატს სამართლიანობის მოთხოვნისთვის პატიმრობა შეუფარდეს. ყველა ზღვარს გადავიდნენ. ეს ფაქტი არის ნიშანი იმისა, რომ თუ ხმა არ ავიმაღლეთ, უფრო სერიოზულ გართულებებს უნდა ველოდეთ. მსგავს ქმედებებზე ხმაურის ატეხვას და საზოგადოების ყურადღების კონცენტრირებას ვაპირებთ.“

მომხდართან დაკავშირებით, კომენტარები უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს ვთხოვეთ. სპიკერი მოსამართლე ნუნუ კვანტალიანი ამბობს, რომ მოსამართლე ჩიტაშვილმა კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა და სასამართლო ადვოკატებს არ დევნის: „რაც შეეხება ადვოკატ მებონიას საქმეს, სხდომის დარბაზში, საქმის განხილვის დროს, მან ხმაური დაიწყო, რაზეც მოსამართლემ შენიშვნა მისცა. მან მოსამართლის მიერ უპატივცემლობა არაერთხელ გამოხატა. რაგან მოსამართლემ მისი ეს ქმედება ვერ აღკვეთა, სხდომის დარბაზიდან გააძევა. ადვოკატმა ისევ გააგრძელა მოქმედება. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ის 10 დღით დააპატიმრეს.“

სპიკერი მოსამართლის განმარტებით, ადვოკატები სასამართლოს მხრდან არ იდევნებიან და თუ მოსამართლე კანონს არღვევს, მის მიერ გამოტანილი გადაწყეტილება უნდა გასაჩივრდეს და არავის აქვს უფლება, სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენოს.

ეკა გულუა

ახალი ამბები