კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იურისტები არასრულწლოვანის 10 წლიან პატიმრობას აპროტესტებენ

17 ივლისი, 2006

იურისტები არასრულწლოვანის 10 წლიან პატიმრობას აპროტესტებენ

სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს ამა წლის 30 ივნისს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ზერეკიძემ ცივი იარაღით  მსუბუქად დაჭრა მოქალაქე ბოჭორიშვილი. ადამიანისა და ბავშვთა  უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება არასრულფასოვნად ჩატარდა და სასამართლომ მას არასწორი კვალიფიკაცია მისცა.  

რაც შეეხება ინციდენტს, ის 2006 წლის იანვარში მოხდა. სახლიდან გასულ ზერეკიძეს შელაპარაკება მოუვიდა იქვე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის დისტრიბუტორთან. კერძოდ, ბრალდებულმა შეამჩნია, რომ დაზარალებულმა მანქანა იქ გააჩერა, სადაც მამამისის მანქანის სადგომი იყო. ამის გამო მას შენიშვნა მისცა. ლევან ბოჭორიშვილმა საყვედური არ მიიღო და მათი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. ზერეკიძემ კი ის მსუბუქად დაჭრა.  

პირველადი დაკითხვისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ ზერეკიძე  მას აყაჩაღებდა, თანხა მოსთხოვა  და მასთან ჩხუბი სწორედ ამ მიზეზით მოუვიდა. თვითმხილველები და თავად ზერეკიძე ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. მოგვიანებით დაზარალებულმაც აღიარა, რომ თანხის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია და მას ჩვენება მისმა დაცვის უფროსმა ძალით დააწერინა, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და არასრულწლოვანი 10 წლიანი პატიმრობისთვის გაიმეტა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროტესტი როგორც სახალხო დამცველის ოფისმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს. მომხდარ შემთხვევას თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრიც გამოეხმაურა. ცენტრის იურისტის მაგდა კოტრიკაძის თქმით, დაუშვებელია, არასრულწლოვანი, რომელსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, 10 წლით დააპატიმრონ.

მაგდა კოტრიკაძე: „მოსამართლე გოგინაშვილმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ გაითვალისწინა. ფაქტის შემსწრე თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ჩხუბის დროს არასრულწლოვან ზერეკიძეს დაზარალებული ბოჭორიშვილისთვის თანხა არ მოუთხოვია, მაგრამ სამწუხაროდ, მოსამართლე დაეყრდნო დაზარალებულის პირველ ჩვენებას.
მეორე დარღვევა ის იყო, რომ დაზარალებულის დაკითხვას მისი სამსახურის დაცვის უფროსი ესწრებოდა, რაც კანონის უხეში დარღვევაა. გამომძიებელი დავით სიხარულიძე ვალდებული იყო, დაკითხვა კანონით დადგენილი წესით ეწარმოებინა და ამ პროცესს მხოლოდ დაზარალებულის ადვოაკატი დასწრებოდა. ზერეკიძეს ის დანაშაული ედება ბრალად, რაც არ ჩაუდენია.“

ზერეკიძეს პატიმრობა 3 მუხლით შეუფარდეს: სს კოდექსის მე-19 მუხლით(დაუმთავრებელი დანაშული), 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 179-ე მუხლით (ყაჩაღობა). რაც შეეხება დაზარალებულ ბოჭორიშვილს, მას  აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის 2,5 სანტიმეტრიანი ჭრილობა, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიით დაუმუშავდა და ერთი საათის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

იურისტები სწორედ საქმის არასწორ კვალიფიკაციას აპროტესტებენ. მაგდა კოტრიკაძის თქმით: „ის სასურსათო მაღაზია, სადაც შემთხვევა მოხდა, რამდენიმე ხნით ადრე რამდენჯერმე დააყაჩაღეს. არ იყო გამორიცხული, რომ გამოძიებას ამ საქმეების გაერთიანება სდომოდა. ალბათ, სწორედ ამიტომ თქვეს, რომ ზერეკიძე ბოჭორიშვილს აყაჩაღებდა.“ 

ბრალდებულის ადვოკატის, დავით მოდებაძის ინფორმაციით, რამდენიმე პირმა ცრუ ჩვენებები დაწერა, რაზეც დაზარადებულს ხელი იძულებით მოაწერინეს.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის, პროექტის „არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრირების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ იურისტ-ტრეინერის, ნინო ტოგონიძის განცხადებით: “მოსამართლემ აშკარად არასწორი კვალიფიკაცია მისცა აღნიშნულ ქმედებას. გიორგი ზერეკიძის მიერ ჩადენილ ქმედებას აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“, ნიშნები. სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო არ არამყარი დაკარგვა გამოიწვია“, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.“ ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის, „ყაჩაღობა“ თანახმად, ყაჩაღობა წარმოადგენს თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ანუ, თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ყაჩაღობას, მაშინ ზერეკიძის ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო მხოლოდ ერთი, „ყაჩაღობის“ მუხლით.
მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არც ყაჩაღობასა და არც მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს, რომელიც მხოლოდ 14 წლისაა, მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის აშკარად არაადეკვატური, უმკაცრესი სასჯელი აქვს შეფარდებული.“

14 წლის პატიმრის დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციებს გამართავენ და იმედი აქვთ, არასრულწლოვანს სათანადოდ მიუსჯიან პატიმრობას.  

ეკა გულუა

ახალი ამბები