კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლუკა რამაზაშვილი - თელავის ადგილობრივი ხელისუფლების პირადი პატიმარი

18 ივლისი, 2006

ლუკა რამაზაშვილი - თელავის ადგილობრივი ხელისუფლების პირადი პატიმარი

„დაზარალებულები“ პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ

„მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ყაზბეგი – ფშაველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლუკა რამაზაშვილი რომ ადგილობრივი ხელისუფლების პატიმარია, ამას მიმდინარე სასამართლო პროცესებზე განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. ე.წ. დაზარალებულები რამაზაშვილის მხრიდან მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა მათ პროკურატურამ და დაინტერესებულმა პირებმა აიძულეს.

კახეთის საოლქო პროკურატურამ ლუკა რამაზაშვილი 13 ცალი ე.წ. სამშენებლო ფილის ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წლის 31 იანვარს დააკავა. „მეწარმე ლუკა რამაზაშვილმა, რომელიც ამავე დროს კახეთის რეგიონის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარეცაა, 2005 წლის დეკემბერში, ახმეტაში უკანონოდ მიითვისა დაახლოებით 40 ათასამდე ლარის სხვისი ქონება, რაზედაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით. გამოძიების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მას ამ დანაშაულთან ერთად სხვა დანაშაულებიც ჰქონდა ჩადენილი“,- აცხადებდა მაშინ ჩვენთან საუბარში კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე.

პროკურატურამ რამაზაშვილს ბრალდება მას შემდეგ დაუმძიმა, რაც სამშენებლო ფილების მფლობელი გამოჩნდა. ახმეტაში მცხოვრებმა გელა ნინიაშვილმა განაცხადა, რომ ქონება მას ეკუთვნოდა და მისთვის არავის არაფერი მოუპარავს. პროკურატურის საწინააღმდეგო ჩვენების გამო ნინიაშვილი რამდენიმე დღით წინასწარი დაკავების იზოლატორშიც მოხვდა.

როგორც რამაზაშვილის ადვოკატმა ალექსი შოშიკელაშვილმა გვითხრა, ბრალდების მხარეს სწორედ ამის შემდეგ „გაახსენდა“, რომ მათთვის სასურველი ჩვენებების მიცემას აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებს უფრო ადვილად აიძულებდნენ. ამიტომაც რამაზაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში აზერბაიჯანელთა ჩვენებები ბევრია. ამათგან, ვინც „დაზარალებულად“ არის ცნობილი, თითქმის ყველა მათგანი სასამართლო გამოძიებისას, რამაზაშვილის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს.

„ლუკა, არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ დაგვმუქრებია. მასთან არც კონფლიქტი მოგვსვლია და არც რაიმე წაურთმევია. წინასწარი გამოძიებისას სხვა ჩვენება ნამდვილად მაქვს მიცემული, მაგრამ მე არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, არც თარჯიმანი მყავდა, ქართული ენა კარგად არ ვიცი. რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვიმეორებდი. მითხრეს ეგრეა საჭიროო და მაშ რა მექნა კაცო. ეხლა რასაც მოსამართლე მეკითხება, რაც ვიცი და როგორც ვიცი ვპასუხობ“,- აღნიშნა „დაზარალებულთაგან“ ერთ-ერთმა, შაის მაილ მურთაზ ოღლიმ და მას სხვებიც დაეთანხმნენ.

მოსაზრება, იქნებ მათ რამაზაშვილის ახლობლებმა სთხოვეს ან აიძულეს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების შეცვლა, „დაზარალებულებმა“ არ დაადასტურეს. უფრო მეტიც, მათ აღნიშნეს, რომ სასამართლოსთვის ჭეშმარიტი ჩვენებების მიცემისათვის, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

სასამართლო პროცესზე კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ბაჩიაშვილმა, მოსამართლე ლია ოთარაშვილს საქმის განხილვის გადადება რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა უსაფუძვლობის გამო, მოსამართლემ პროკურორის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რამაც ბრალდების მხარის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. დაზარალებულების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო ბაჩიაშვილმა, პროკურატურის მიერ მათი განმეორებით დაკითხვაც მოითხოვა, რასაც რამაზაშვილის ადვოკატის, შალვა შავგულიძის პროტესტი მოჰყვა.

„პროკურატურას უნდა, იმ ადამიანებზე, ვინც დღეს სასამართლოს სწორი ჩვენებები მისცეს, ზეწოლა განმეორებითი დაკითხვის გზით კიდევ მოახდინოს, რის შემდეგაც, თუ სასამართლო ამას დაუშვებს, მათ უეჭველად დააკავებენ და ამ გზით აიძულებენ ჩვენებების შეცვლას“,- აღნიშნა ადვოკატმა შავგულიძემ.

მოსამართლე ლია ოთარაშვილმა პროკურორს ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი უთხრა. მოწმეთა დაკითხვის შემდეგ საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადაიდო. დარბაზში მყოფი იურისტები კითხულოდნენ, რის გამო ჰყავთ დაკავებული რამაზაშვილი. გვინდოდა იგივე კითხვით პროკურორ ბაჩიაშვილისთვის მიგვემართა, მაგრამ მოსამართლე დარბაზიდან გასული ჯერ კიდევ არ იყო, რომ პროკურორი აღარ ჩანდა.

ა/ო „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“ ადამიანურ განზომილებათა ოფისი – ეუთოს მისია საქართველოში მხარდაჭერით, ლუკა რამაზაშვილის სასამართლო პროცესის მონიტორინგი დაიწყო.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები