კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსურ პოლიციას ფეხმძიმე ქალის ცემაში ადანაშაულებენ

19 ივლისი, 2006

ფინანსურ პოლიციას ფეხმძიმე ქალის ცემაში ადანაშაულებენ

შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ადამიანების ცემაში არაერთხელ დაადანაშაულეს. მორიგი ფაქტი, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მოხდა. კონტრაბანდული ტვირთების გადაზიდვაში ეჭვმიტანილ ფსოურების ოჯახში 17 ივლისს საღამოს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ოჯახის წევრს – ნიკოლოზ ფსოურს თავის არეში ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო მისი ფეხმძიმე მეუღლე საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, ფეხმძიმე მანდილოსანს ავადმყოფობის შემდგომი გართულება ელოდება.

კონტრაბანდული სიგარეტის შენახვის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ ფსოური შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. დაკავებულს ახსნა-განმარტება სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ლევან ჯაჭვლიანმა ჩამოართვა. მისი თქმით, ფსოურს თავის არეში, სახესა და ქვედა კიდურებზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ნიკოლოზ ფოსურის საცხოვრებელ სახლში კონტრაბანდული სიგარეტის სამალავს მიაგნო. ესენი არიან ნამდვილი კონტარაბანდისტები. მას შემდეგ, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა განიზრახეს მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობას. მაშინვე ატეხეს ყვირილი. დაუძახეს მეზობლებს და ხელოვნურად დაძაბეს მდგომარეობა. სწორედ ამ შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა რამდენიმე მათგანი. მათი მხრიდან რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, ასეთ შედეგს არ მივიღებდით“, – აცხადებს ზურაბ არსოშვილი.

ნიკოლოზ ფსოურთან ერთად, სამართალდამცავებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში მისი მეუღლეც ადანაშაულებს. იგი ამჟამად გორის რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ფინანსური პოლიციას ასევე უპირისპირდება გორში მცხოვრები შორენა გაბინაშვილი. შორენა გაბინაშვილის თქმით, უშუალოდ ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი ემუქრება და დაჭერით ემუქრება.

შორენა გაბინაშვილი: „დღეს დაბარებული ვარ ფინანსურ პოლიციაში. უკვე რამდენიმე ხანია, მაწუხებენ და დაჭერით მემუქრებიან. მემუქრებიან, რომ სიგარეტს ჩამიდებენ. მე ვფიქრობ, იმიტომაც გადამეკიდნენ, რომ რვა თვის წინ დამიჭირეს რამდენიმე ბლოკ სიგარეტზე. ასე მეუბნებიან, იმ საქმეს განვაახლებთ და ასეთი გზით დაგიჭერთო. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი არ გვამუშავებო. სახლში დღე და ღამე არ მძინავს. წლების წინ რომ რამდენიმე ცალ სიგარეტზე დამიჭირეს და რაზეც პასუხი უკვე მაქვს ნაგები, იმ საქმის ხელახლა გახსენებით მემუქრებიან ახლა. იქნებ რამე რეაგირება მოახდინოთ, რომ დღეს რომ მივალ ფინანსურ პოლიციაში, რამე არ მომიწყონ.“

ზურაბ არსოშვილი (ფინანსური პოლიციის უფროსი): „საერთოდ, არ ვიცნობ ეგეთ პიროვნებას. თუ დასაკავებელია პიროვნება, მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ იქნება, დავაკავებთ. საერთოდ, არ ვიცნობ ეგეთ პიროვნებას და მაგ საკითხზე ვერანაირ კომენტარს გავაკეთებ. რაც შეეხება სოფელ ფლავისმანში მომხდარ ინციდენტს, მანდ საგანგაშო არაფერია. მე ვესაუბრე ექიმებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ფეხმძიმე ქალბატონს არაფერი საშიშროება არ ემუქრება. უბრალოდ, ამ ქალბატონმა პირადი განცხადების საფუძველზე მოისურვა საავადმყოფოში დაწოლა, რათა ისეთი სურათი შეექმნა, რომ ვითომ სერიოზულად არის დაშავებული. ადგილი აქვს წმინდა წყლის პროვოკაციას და ავანტიურას. დამიჯერეთ, კონტრაბანდისტებთან ბრძოლაში ასეთი ავანტიურისტები ბევრია“.

საბა წიწიკაშვილის გორიდან

ახალი ამბები