კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდება!” - წინასწარ გამოცხადებული შედეგების ეტიუდები

20 ივლისი, 2006

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდება!” - წინასწარ გამოცხადებული შედეგების ეტიუდები

ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი თელავის რაიონის მოსახლეობას ბურღულეულს და სხვადასხვა სახის პროდუქტს ურიგებს. დასაჩუქრებულთა მცირე ნაწილი ნობათით კმაყოფილია, თელაველთა უმეტესობის განცხადებით, პროდუქტს მათ თვითმმართველობის არჩევნებში ხმების სანაცვლოდ აძლევენ.
 
თელაველი ნაციონალები აცხადებენ, რომ დახმარებებს მოსახლეობას არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ადგილობრივი მმართველობა და თვითმმართველობა ურიგებს, ნაციონალური მოძრაობა კი მათ დახმარებების გაცემაში ეხმარება.
 
თელავში იმაზეც საუბრობენ, რომ „ნაცმოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და ხმების დასაგროვებლად ყველა ბერკეტს იყენებს. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ნაციონალები მათგან მხარდაჭერის გარდა აგიტაციის გაწევასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უმუშევრობით ემუქრებიან.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, იმედა კევლიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. ის ირწმუნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პროდუქტით ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარება. პროდუქტის სანაცვლოდ ხმების შესახებ კი ის აცხადებს, რომ „გაჭირვებულ ადამიანებს არჩევნებში ნაციონალებისთვის ხმის მიცემას ვერავინ დაავალდებულებს.“ იმედა კევლიშვილის გაცხადებით, ის მზადაა მოსახლეობაზე ნაციონალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი სახის ზეწოლის შემთხვევა პირადად შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მისცეს.
 
„სისულელეა, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დავიწყეთ. თუ გავიგებ, რომ რომელიმე ნაციონალი გაჭირვებულ მოქალაქეს დახმარების მიღების სანაცვლოდ საარჩევნოდ ხმებს სთხოვს, აუცილებლად დავინტერესდები და შევისწავლი. ბრალდებები აბსურდულია...“ – აცხადებს ი. კევლიშვილი.

თელაველები აცხადებენ, რომ საარჩევნო შტაბი ნაციონალებმა თელავის თითქმის ყველა უბანში უკვე გახსნეს. შტაბის წევრები იქ კვირაში ორჯერ მაინც იკრიბებიან. თელაველები იმის შესახებაც საუბრობენ, რომ მოსახლეობის აღწერაც დაწყებულია და ნაციონალების კოორდინატორები მათ აღწერისას პირადობის მოწმობების ნომრებს სთხოვენ.
 
თელავის მოსახლეობა პროგნოზირებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი გაყალბებისთვის ემზადება. „მოვიდნენ ჩემთან ოჯახში და აღრიცხეს ოჯახის ყველა წევრი. ეს არ გამკვირვებია, არჩევნების წინ ყოველთვის დადიან ხოლმე. პირადობის მოწმობის ნომერი რომ მომთხოვეს, ამან დამაეჭვა. მგონია, რომ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდები, რას აპირებენ...“ – აცხადებს ვანო ორკოდაშვილი.
თელაველების ერთი ნაწილი თუ ვერ ხვდება რატომ ითხოვენ მათგან პასპორტის ნომრებს, ზოგიერთი აღნიშნულ საკითხს საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს. „ყველა პასპორტის და პირადობის მოწმობის ნომერი რომ ექნებათ, იმათ ხმებს, რომლებიც არჩევნებზე არ მივლენ, სათავისოდ გამოიყენებენ...” – აცხადებს თელაველი შალვა მაისურაძე.
 
მერი ლაზარიაშვილის აზრით, მოსახლეობისთვის პროდუქტის დარიგება საარჩევნო კამპანიის ნაწილია, პასპორტების ნომრების დაფიქსირება კი ნაციონალებსაც და ადგილობრივ ხელისუფლებასაც არჩევნების გასაყალბებლად სურს. „ხელისუფლება და ნაციონალები არჩევნების გაყალბებას აპირებენ. უანგაროდ ეს მთავრობა არავის არაფერს აძლევს. როცა ვიღაცას უანგაროდ ეხმარები, არ უნდა ჰკითხო, არჩევნებში ხმას მოგცემს თუ არა...“ – აცხადებს მ. ლაზარიაშვილი.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, იმედა კევლიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის აღწერა მათ პარტიას არ დაუწყია და შესაბამისად მოსახლეობას პირადობის მოწმობების ნომრებსაც არავინ ითხოვს.
 
თელაველების ერთი ნაწილი პროტესტს იმის გამოც გამოთქვამს, რომ ნაციონალები მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს დახმარებებს არ სთავაზობენ და ხშირია შემთვევები, როდესაც დახმარებას შეძლებული ოჯახები იღებენ.
 
„მე და ჩემს ოჯახს სიმპათიები პარტია „რესპუბლიკელების“ მიმართ გვაქვს. ამაზე ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობთ ხოლმე. ჩვენთან დახმარება არავის მოუტანია, მაგრამ ჩემს მეზობელს ბრინჯი, მაკარონი და ზეთი მისცეს. ისინი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობენ, მაგრამ მათი ოჯახის ერთი წევრი პადაგოგია სკოლაში, მეორე საავადმყოფოში მუშაობს. სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანთა უმეტესობას უმუშევრობით ემუქრებიან და ისინიც ავტომატურად ნაციონალების მხარდამჭერები და აგიტატორები ხდებიან...“ – აცხადებს თელაველი გ. შიუკაშვილი.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, იმედა კევლიშვილის განცხადებით, ეს ბრალდებაც უსაფუძვლოა. კევლიშვილი „ფაქტების უკეთ შესწავლის მიზნით“ ზეწოლის ქვეშ მყოფ მოქალაქეებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, თუმცა მასთან არავინ მიდის და მიზეზად იმას ასახელებენ, რომ საკუთარი ვინაობის გამხელით მათ უმუშევრობა გარანტირებული ექნებათ.
 
„უმადური“ თელაველების მცირე ნაწილი ნაციონალებს პროდუქტებზე უარსაც ეუბნება. „მითხრეს, რომ არჩევნებში ხმას თუ მივცემდი, რამდენიმე კილო ბრინჯს და მაკარონს მომცემდნენ, მაგრამ სახლშიც არ შემოვუშვი. ბრინჯზე არ გავიყიდები. ის პროდუქტი რომ გამითავდება, ისევ მომშივდება და თან სინდისიც შემაწუხებს...“ – აცხადებს ნათელა თუშიშვილი.
 
მოსახლეობის აღწერას პარალელურად შს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებიც აწარმოებენ. პოლიციელთა ერთი ნაწილი თუ ოჯახებში შედის და რეალურ მონაცემებს აღრიცხავს, მეორე, არც ისე მცირე ნაწილი საკრებულოების მიერ მიწოდებული სიებითაც კმაყოფილდება, ხოლო  აღნიშნულ სიებში გარდაცვლილებიც საკმაოდ ფიქსირდებიან.
 
თელაველი პოლიციელები ირწმუნებიან, რომ „ეს აღწერა არჩევნებთან კავშირში არ არის.“ ისინი აცხადებენ, რომ შს სამინისტროს დავალებას ასრულებენ.
 
მიუხედავდ იმისა, რომ თელაველებში პროტესტის გრძნობა თანდათან მატულობს, საარჩევნო პროგნოზი ყველას მსგავსი აქვს: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდება!“

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები