კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"პრეზიდენტი ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალია"

21 ივლისი, 2006

3 წელია, მარიამ საყვარელიძე რევოლუციის ღამეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას და მისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს, თუმცა, საქმე ადგილიდან არ იძვრის. შსს-მ აღნიშნული საქმე გაუხსნელად 2-ჯერ დახურა. დაზარალებულის აქტიური მოთხოვნით საქმე წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა. გარდაცვლილის დედა პრეზიდენტთან 3-ჯერ შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ის ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალია.

აღნიშნული გახმაურებული და სკანდალური ისტორია 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. კერძოდ, რუსთავის მხრიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი უშიშროების სამინისტროს სპეციალური ჯავშანტრანსპორტიორი „GTR“, რომელსაც ავთანდილ მამალაძე მართავდა, დაახლოებით 18.25 საათზე გორგასლის ქუჩაზე  საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ „ბმვ“-ს ტიპის ავტომანქანას შეეჯახა. ავტომანქანაში მჯდომი ეთერ წულიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მძღოლი დავით საყვარელიძე კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომანქანაში მყოფმა  ბავშვებმა - სოფო და ბადრი წულიაშვილებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

2003 წლის 23 ნოემბერს შსს-ში სს კოდექსის 276-ე მუხლით (ავტოსაგზაო შემთხვევა), მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა. 26 ნოემბერს მასალები სამხედრო პროკურატურას გადაეცა. 2004 წლის 19 აპრილს კი მისი მოკვლევა უშიშროების სამინისტროს  საგამოძიებო დეპარტამენტის ხელში გადავიდა ნომრით  04990.

„GTR“-ის   მძღოლი ჩვენებაში მიუთითებს, რომ მას მოძრაობის წესები არ დაურღვევია და 40 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობდა. დაზარალებული მარიამ საყვარელიძე კი ამბობს, რომ მათი მანქანის ციჩქარე  დაახლოებით 50-60 კმ. სთ იყო და უცებ დიდი სიჩქარით რაღაც დიდმა სამხედრო მანქანამ ჩაუქროლა.
იგივე ჩვენებას იძლევიან „ბმვ“- ში მჯდომი სოფო და ბადრი წულიაშვილები. 

საგამომძიებლო მოქმედებებიდან გამომდინარე, შეჯახების ზუსტი ადგილის დასადგენად სულ 8 ექსპერტიზა ჩატარდა. აქედან 3 ექსპერტი ამტკიცებდა, რომ შეჯახება „ბმვ“-ს სავალ ნაწილზე მოხდა, ორი ექსპერტი კი ეჭვობდა, რომ ზუსტი ადგილის დადგენა შეუძლებელი იყო. დანარჩენ ექსპერტებს კონკრეტული პასუხები არა ჰქონდათ.

2005 წლის 28 აპრილს დაზარალებულის ადვოკატმა (ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის ადვოკატი) დავით მანაგაძემ პროკურატურიდან შეტყობინება მიიღო, რომ გარდაცვლილის საქმის გამოძიება შეწყდა. წერილში მიზეზად მითითებული იყო, რომ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

„საქმეზე ჩატარდა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შეჯახების ზუსტი ადგილი ვერ დადგინდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები არ იძლევა საშუალებას, დასაბუთებული ვარაუდისთვის. ამიტომ, სს საქმე უნდა შეწყდეს“, - ვკითხულობთ თბილისის პროკურორის - ღოღობერიძის დასკვნაში.  

აღნიშნული გადაწყვეტილება მარიამ საყვარელიძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი თქმით, საქმე ისე დაიხურა, მოსამართლეს არც გადაუხედავს: „მოსამართლე ციცვიძემ მკითხა რომელ ტრანსპორტში იჯექითო. საქმე წაკითხული რომ ჰქონოდა, ის არ უნდა სცოდნოდა, რომ „GTR“-ში არ ვიჯექი?  ნამდვილად არ მეგონა, რომ საქმეს ასე ჩაფარცხავდნენ. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები. საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებ. ჩემი შვილის სისხლს არავის შევარჩენ.“

დაზარალებულის ადვოკატმა დასკვნის გასაჩივრების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და რეალურ მასალებზე დაყრდნობით, სწორი გადაწყვეტილების გამოტანა ითხოვა. სს საქმის განახლების არაერთი მცდელობის შემდეგ კი საყვარელიძის საქმე ხელახალ ძიებაში დაბრუნდა. ამის მიუხედავად, დაზარალებული ქალბატონი საქმის ჩაფარცხვის მცდელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, დამნაშავის დაუსჯელობას არავის აპატიებს.   

მარიამ საყვარელიძე: „საქმე ძიებაში ისევ იმ გამომძიებელს დაუბრუნდა, რომელმაც დახურა. ის არის ნუკრი ჭელიძე. მასთან მივედი ცნობის ასაღებად, რომ საქმე სწორედ მას აქვს წარმოებაში, მაგრამ პასუხი არაფერზე გამცა. მითხრა, ადვოკატთან ერთად მოდი და  მერე დავილაპარაკოთო. რაზე უნდა დავილაპარაკოთ, არ ვიცი. მე ვთხოულობ სამართალს, კანონის დაცვას. არანაირ მოტივს არ მეუბნებიან, საქმე ისევ ჭელიძეს რატომ გადასცეს. მას გამოძიება რომ სდომოდა, 11 თვე ჰქონდა ეს საქმე და არაფერი გაუკეთებია. შეგნებულად ხდება ყველაფერი. სხვა არაფერი მაქვს სათქმელი. მოტივი ალბათ ის არის, რომ ეს შემთხვევა ვარდების რევოლუციის  ღამეს მოხდა და არ უნდათ ამ დღეს სისხლის კვალი ჰქონდეს.“

დაზარალებული ქალბატონი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პრეზიდენტს არაერთხელ შეხვდა, თუმცა მისგან კონკრეტული ვერაფერი გაიგო. როგორს მარიამ საყვარელიძე ამბობს; „პრეზიდენტი ბრძოლის ველიდან გაქცეული მშიშარა, მფრთხალი სარდალია. პირველად მას თბილისობაზე შევხვდი. მითხრა, თქვენი საქმე ვიცი და ყველაფერი კეთდებაო. მეორედ ერთ-ერთი ძეგლის გახსნისას ვნახე. პრეზიდენტი თვალებში მიყურებდა. წერილი მის მეუღლეს გადავეცი. მისი დაცვის წევრებმა სადღაც ოთახში ჩამკეტეს და როცა ღონისძიება დამთავრდა, მერე გამომიშვეს. მესამედ ბინაში მივაკითხე, რასაკვირველია, მის სადარბაზოში არავინ შემიშვებდა. ამიტომ, გვერდით სადარბაზოში შევედი და გადმოვძახე: ვარ გაუბედურებული დედა, მოვითხოვ კანონის დაცვას, დამნაშავის დასჯას. მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოვასწარი. მან მომაძახა, ეს საცხოვრებელი სახლიაო, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამის შემდეგ დავარქვი მას ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალი.“

როგორც დაზარალებულის ადვოკატი დავით მანაგაძე ამბობს, ის სასამართლოს გამომძიებლის აცილების მოთხოვნით მიმართავს: „გაუგებარია, პროკურატურამ საქმე ისევ იმ გამომძიებელს რატომ დაუბრუნა, რომელსაც არაფერი გაუკეთებია და არც გააკეთებს. როცა პროკურატურას ვუკავშირდები და ვკითხულობ, რა მოტივით გადასცეს ჭელიძეს საქმე, ამბობენ პოლიციას კითხეთო. პოლიციაში კი ოფიციალურ საბუთს არ გვაძლევენ, რომ ეს საქმე მათ წარმოებაშია. ეს კი იმისთვის გვჭირდება, რომ გამომძიებლის და ამ სამმართველოს მერვე განყოფილების აცილება მოვითხოვოთ.“   

პროკურატურა კომენტარებს არც ჟურნალისტებთან აკეთებს. გამომძიებელმა  ნუკრი ჭელიძემ ამ საქმეზე საუბრისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ ვერანაირ კომენტარებს ვერ გაკეთებს.

ეკა გულუა

ახალი ამბები