კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ ქარელის ფონდის შავი ლაქები

28 ივლისი, 2006

მიხეილ ქარელის ფონდის შავი ლაქები
შიდა ქართლში რწმუნებულის ფონდის ალტენატიული ფონდები იქმნება

შემოწირულობების მიხედვით, საქართველოს რეგიონების სხვა რწმუნებულების ფონდებთან შედარებით, შიდა ქართლის გუბერნატორის, მიხეილ ქარელის, ფონდი ყველაზე მასშტაბურია. ამ მასშტაბურობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ერთ-ერთი ფონდის - „შიდა ქართლის განვითარების ფონდის“ არსებობა, რომლის დამფუძნებლად ითვლება მიხეილ ქარელის უახლოესი მეგობარი და, ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი - დავით კეკელიშვილი. მთელი ორი წლის განმვალობაში (2004-2005 წწ.) ამ ორი ფონდის შემოსავლებისა და გასავლების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ რჩება. რწმუნებულის ადმინისტრაცია ფონდების შესახებ ინფორმაციას ბლოკავს.

შიდა ქართლის რწმუნებულის ფონდი, როგორც იურიდიული პირი, 1997 წლის 19 ნოემბერს შეიქმნა. 2002 წელს აღნიშნული ფონდის შემოსავლები აღწევდა 13.500 ლარს. 2003 წელს შემოსავლები 23.000 ლარამდე გაიზარდა. 2004 წელს კი, რწმუნებულ მიხეილ ქარელის გუბერნატორობის პერიოდში, ფონდში თავი მოიყარა დაახლოებით 489.000 ლარმა, რომლის წარმომავლობა კვლავ ბურუსით არის მოცული, ხოლო ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაცია უფრო მეტად იბურება.

რაც შეეხება 2005 წელს მიხეილ ქარელის ფონდში თავმოყრილ თანხებს, ეს ინფორმაცია კვლავ საიდუმლოდ რჩება. ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლო პროცესებზე უხდებათ საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას ჩინოვნიკების მხრიდან დარღვეული უფლებების აღდგენა. თუმცა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში არც ჟურნალისტების მიერ მოგებულ სასამართლო პროცესებს უწევენ ანგარიშს. არავინ ფიქრობს, შეასრულოს გორისა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებები. პირიქით, რწმუნებულის ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოში ცდილობს დაამტკიცოს თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ რწმუნებულ მიხეილ ქარელის ფონდში შეტანილი და გატანილი თანხების მოძრაობა კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. რწმუნებულის მოადგილე გელა ნასყიდაშვილი კატეგორიულად აცხადებს, რომ ფონდების შემოსავლები და გასავლები კომერციული საიდუმლოებაა.

შიდა ქართლის რწმუნებულის ფონდმა ყურადღება 2004 წლის დასაწყისიდან მიიქცია. ჟურნალისტებთან პირად საუბარში არაერთი გორელი ბიზნესმენი აღნიშნავდა, რომ ისინი გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავენ ფონდში და თან უცხადებდნენ, რომ ეს თანხა გორის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ბიზნესმენს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაახდევინეს. სოლიდური თანხების შემტანებში მოიაზრებოდნენ შპს „სამეგობროს“ (წვენების ქარხანა), შპს „ატენის“ (ღვინის ქარხანა), შპს „ფორტეს“ (წისქვილ-კომბინატი), შპს „გორკონის“ (ვაშლის გადამამუშავებელი ქარხანა) და სხვა საწარმოების მეპატრონეები. ისინი პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ ფონდში გადარიცხული ჰქონდათ თითო-თითოს 100.000 ლარი.
ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ოფიციალური მონაცემებით, ზემოთ ჩამოთვლილმა გორელმა მსხვილმა მეწარმეებმა 50.000 – 50.000 ლარი გადაიხადეს. გორის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროგრამას 2004 წელს დასჭირდა 133.201 ლარი. ეს ციფრი დაფიქსირებულია კონტროლის პალატის მიერ შემოწმებისას შედგენილ ცნობებში. კონტროლის პალატამ რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაცია 2005 წლის მარტში შეამოწმა. ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის, „თრიალეთის“, 2004 წლის 4 – 11 ოქტომბრის ნომერი. აქ ერთი გვერდი უკავია რწმუნებულ მიხეილ ქარელის ფონდის დებულებას, შემოსავლებისა და ხარჯების ინფორმაციას. აქ აღნიშნულია, რომ გორის კულტურისა და დასვენების პარკზე ფონდიდან 166.266 ლარი გამოიყო. ანუ, თუ 2004 წლის ოქტომბერში ფონდის საბჭო გაზეთით იტყობინება, რომ პარკის რეაბილიტაციას 166.266 ლარი დასჭირდა, 2005 წლის მარტში კონტროლის პალატას რწმუნებული უჩვენებს, რომ პარკის რეაბილიტაცია 133.201 ლარი დაჯდა. ახალ მონაცემებში გაწეული ხარჯები 33.000 ლარით ნაკლები დაფიქსირდა.

რეალურად, პარკის მშენებლობას 133.201 ლარი თუ 166.266 ლარი დასჭირდა, ესეც საკითხავია, რადგანაც გორის პარკში დამონტაჟებული ატრაქციონები ბორჯომიდან ჩამოიტანეს, რაც ბორჯომის პარკის მიერ ჩამოწერილი, ჯართისთვის გამზადებული მოძველებული ატრაქციონები ყოფილა. 2005 წლის მაისში, როდესაც პარკის სეზონი გაიხსნა, გორში ვიზიტისას პრეზიდენტი სააკაშვილი ამ ატრაქციონებზე დაჯდა. 2005 წლის 1 ივნისს კი გორში მცხოვრებ 11 წლის თამთა ზედგინიძეს კარუსელის ჯაჭვი ჩამოუწყდა და სასწაულებრივად გადარჩა. პარკს სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ჩაუტარა ჯანდაცვის სამინისტრომ შემოწმება ტექნიკური გამართულობის მხრივ.

პარკშივე მდებარეობს ახლად აშენებული სპორტული მოედანი. 2004 წელს გორში სულ ორი ახალი სპორტული მოედანი აშენდა, მათ შორის ერთი - პარკში. 2005 წელს - კიდევ ერთი. 2004 წელს რწმუნებულის ფონდიდან სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მშენებლობაზე გაიხარჯა 57.600 ლარი. შუაზე რომ გავყოთ, თითო მოედანი 2004 წელს, მათ შორის, პარკში მდებარე სპორტული მოედანი, სადაც პრეზიდენტმა 2005 წლის 18 მაისს ჩოგბურთი ითამაშა, 28.800 ლარი დაჯდა. გამოდის, რომ გორის კულტურისა და დასვენების პარკის განახლებას, ჯართად ჩამოწერილი ატრაქციონებითა და სპორტული მოედნით, 162.001 ან 195.066 ლარი დასჭირდა.

საინტერესოა ასევე ოსურენოვანი საინფორმაციო გადაცემების დაფინანსების ფაქტი. ოსურენოვანი საინფორმაციო გადაცემების ჩვენების პროექტს აფინანსებდა ამერიკული ორგანიზაცია „IREX“. აღმოჩნდა, რომ შიდა ქართლის ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოსურენოვანი საინფორმაციო გადაცემების დაფინანსებაზე 2004 წელს რწმუნებულ ქარელის ფონდიდანაც 9.000 ლარი გაიწერა. ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ გადაცემისთვის სიუჟეტებს ამზადებდნენ, აცხადებენ, რომ მათ საერთოდ არ მიუღიათ გრანტიდან ან ფონდიდან ხელფასები. ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, თამარ ოქრუაშვილის განცხადებით, ოსურენოვან საინფორმაციო გადაცემებზე გამოყოფილი გრანტები ჟურნალისტებამდე არ მისულა.
უფრო მეტიც, „თრიალეთის“’ ჟურნალისტებმა ჩვენგან გაიგეს, რომ რწმუნებულ მიხეილ ქარელის ფონდიდან მათთვის გამოყოფილი ყოფილა 9.000 ლარი. რწმუნებულის მოადგილე გელა ნასყიდაშვილი გვირჩევს, თვით ტელეკომპანია „თრიალეთს“ მივმართოთ იმ ქვითრის ჩვენებისთვის, რომელიც დაადასტურებს, რწმუნებულის ფონდიდან თანხა „თრიალეთის” ანგარიშზე გადაირიცხა თუ არა. ჩვენ ასეც მოვიქცით, თუმცა ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალურმა დირექტომა ბ-მა ჯონი ნანეტაშვილმა ჩვენს შეკითხვებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არ უპასუხა და უარი განგვიცხადა ნებისმიერი ინფორმაციის გაცემაზე.

დღემდე ვერ მოხერხდა რწმუნებულ მიხეილ ქარელისგან იმ ინფორმაციის მიღება, სადაც აღნიშნული იქნება, თუ სად გახარჯა მან ჯერ 2004 წელს 489.000 ლარი, ხოლო 2005 წელს, სავარაუდოდ, იმაზე უფრო მეტი თანხა. რაკიღა სამხარეო ადმინისტრაციიდან ამ ინფორმაციის გამოთხოვნა ვერ მოხერხდა, გარკვეული შეფასებების გაკეთება შეიძლება კონტროლის პალატის მიერ შემოწმებისას შედგენილი ცნობებიდანაც. რწმუნებულის მოადგილე გელა ნასყიდაშვილი კი ამბობს, რომ მეწარმეებმა თანხა ქველმოქმედების სახით შეიტანეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, პირიქით, მათ სჭირდებოდათ „ქველმოქმედება“ ანუ ხელშეწყობა.

ასე მაგალითად, შემოწირულობათა სიაში არ არის შეყვანილი „გორი-გაზის“ ყოფილი დირექტორი რეზო აბრამიშვილი, რომელსაც 2005 წლის სექტემბრიდან შიდა ქართლის პროკურატურა ბიუჯეტისადმი დაახლოებით 1 მლნ ლარის დამალვისთვის ეძებს. რეზო აბრამიშვილმა 2004 წელს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გორში ავტომოსაცდელები ისედაც გაკოტრების პირას მდგარი „გორი-გაზის“ ხარჯებით გაკეთდა. ოფიციალური მონაცემებით, ავტომოსაცდელები 48.855 ლარი დაჯდა.

მაგალითად, შპს „საქართველოს“ (შამპანურის ქარხანა) დირექტორს, ბორია გოგიჩაიშვილს, რომელსაც, თანხის გარდა, გორიდან თავის სოფლამდე გზა საკუთარი ხარჯებით „დააკერინეს“, 2005 წელს ფინანსურმა პოლიციამ ბიუჯეტისადმი დავალიანების გამო ქარხანა დაულუქა.

მაგალითად, შპს „სამეგობროს“ (ხილის კონცეტრატების ქარხანა) დირექტორმა - ზურაბ წკრიალაშვილმა მიხეილ ქარელის ფონდში 50.000 ლარი გადარიცხა, რაღა თქმა უნდა, რწმუნებულის მოადგილე გელა ნასყიდაშვილის შეხედულებით, ქველმოქმედების მიზნით. სწორედ იმავე წელს „სამეგობროს“ შიდა ქართლის პროკურატურამ ბიუჯეტისადმი გადასახდელი თანხა 98.000 ლარი დაუთვალა. წკრიალაშვილის მიერ გადახდილი 100.000 ლარი (2.000 ლარით ზედმეტი) აღმოჩნდა არა ბიუჯეტის ანგარიშზე, არამედ 50.000 ლარი მიხეილ ქარელის ფონდში, 50.000 ლარი – სამართალდამცავთა განვითარების ფონდში. სამართალდამცავთა განვითარების ფონდიდან რწმუნებულის ფონდში გადაირიცხა 200.000 ლარი. თუმცა მიხეილ ქარელმა შიდა ქართლის სამართალდამცავებისთვის მხოლოდ 22.643 ლარი გაიმეტა.

მიხეილ ქარელმა კიდევ ერთი საინტერესო ქმედება ჩაიდინა. მან 2005 წლის აპრილში მისწერა საქართველოს მაშინდელ ფინანსთა მინისტრს - სამაჩაბლოს განვითარებისთვის თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით. საუბარი იყო დაახლოებით მილიონ ნახევარ ლარზე. აღსანიშნავია, რომ სამაჩაბლოს განვითარების პროგრამაზე უკვე ორი წელია ევროკომისია მუშაობს დაახლოებით მილიონ ნახევარი ევროს დაფინანსებით. მიხეილ ქარელმა ფინანსთა მინისტრს იმ ობიექტების მშენებლობაზე მოსთხოვა დახმარება, რომლებიც ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხებით კეთდება. მიხეილ ქარელმა, როგორც ჩანს, მარტო ფინანსთა მინისტრის შეცდომაში შეყვანა არ იკმარა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელს მისწერა, რომ სამაჩაბლოს განვითარების პროგრამას ფონდიდან მოახმარა 49.950 ლარი, ხოლო სამაჩაბლოში კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის პროგრამა 19.970 ლარით დააფინანსა (2002-2005 წლის იანვარი). არადა, 2005 წლის აპრილში მიხეილ ქარელი ფინანსთა მინისტრს სწორედ კონტროლის პალატის ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ წერილში მითითებული დარგების დაფინანსებითვის სთხოვს ფულს. ქარელის მაშინდელი წერილი არ დააკმაყოფილეს.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჯართის უკანონო გადატანისთვის დაკავებული პიროვნების მიერ გადახდილი ჯარიმისა თუ ეკლესიისთვის შეწირული თანხები რწმუნებულის ფონდში აღმოჩნდა. რწმუნებულის ფონდის „ქველმოქმედი“ ინგა ჯაბანაშვილი, რომელმაც, როგორც დაფიქსირებულია, 400 ლარი გადაიხადა, ვერ იხსენებს, თუ როდისმე რწმუნებულის ფონდისათვის თანხა შეეწიროს. ინგა ჯაბანაშვილს ახსოვს, რომ 2004 წელს მისი სიძე ჯართის თაობაზე დაიჭირეს და, ჯარიმის სახით, გადასახდელი 400 ლარი სიძის მაგივრად ბანკში ინგამ შეიტანა, რადგან პირადობის მოწმობა იმ წუთას მას ჰქონდა. რატომ აღმოჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე გადახდილი თანხა რწმუნებულის ფონდში, გაურკვეველია.

გორში წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ერთ-ერთი მოკრძალებული მაღაზიის მეპატრონე კობა საური იხსენებს, რომ მას სამხარეო ადმინისტრაციიდან მისულმა თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ ეკლესიის მშენებლობისთვის სჭირდებოდათ თანხა. კობა საურმა მათ დიდი სიამოვნებით გადაუხადა 1.000 ლარი. საურმა დაადასტურა, რომ მას თანხა არ შეუწირავს რაიმე ფონდისთვის. საურს ვაჩვენეთ კონტროლის პალატისთვის მიხეილ ქარელის მიწოდებული ინფორმაცია, სადაც წერია, რომ ზემოაღნიშნული 1.000 ლარი კობა საურმა რწმუნებულის ფონდს შესწირა, საიდანაც რეალურად არც ერთი თეთრი არ არის გახარჯული ეკლესიის მშენებლობისათვის. არადა, საურს მანამდე სჯეროდა, რომ მის მიერ შეწირული თანხა ეკლესიას მოხმარდა.

კონტროლის პალატის მონაცემების მიხედვით, რწმუნებულ მიხეილ ქარელს 91 „ქველმოქმედი“ ჰყავს. თუმცა ამ ეტაპზე ყველას გადამოწმება ვერ მოხერხდა. უმრავლესობა მოხსენიებულია მხოლოდ გვარითა და სახელით და სხვა არანაირი მონაცემები არ არის, რაც გადამოწმების საშუალებას ართულებს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რწმუნებულის ფონდების გაუქმების შესახებ, შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება ფონდების გაუქმებას მაინც ვერ შეელია. როგორც გაირკვა, რწმუნებულ მიხეილ ქარელის ფონდის გაუქმების შემდეგ რეგიონში მაინც რამდენიმე ფონდი რჩებოდა, მათ შორის: „შიდა ქართლის განვითარების ფონდი“ და „გორის რაიონის განვითარების ფონდი“.

იუსტიციის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ „შიდა ქართლის განვითარების ფონდიც“ უქმდებოდა. ჯერჯერობით, ვერ მივაკვლიეთ იმ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ „გორის რაიონის განვითარების ფონდიც“ გაუქმდებოდა.

საქმე ისაა, რომ 2005 წლის 20 ივნისს გორის რაიონის გამგეობის დადგენილებით, შეიქმნა „გორის რაიონის განვითარების ფონდი“. იგი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. 20 ივნისს ამ ფონდში გორის რაიონის გამგეობა დამფუძნებლის სახით შევიდა. გარდა ამისა, დადგენილებაში წერია, რომ „გორის რაიონის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრად შევიდა შპს „ახალი ბაღის“ (ანუ გორის კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის რეაბილიტაცია რწმუნებულის ფონდიდან მოხდა) დირექტორი რამაზ ცაციაშვილი.

გამგეობის 20 ივნისის დადგნილებით ირკვევა, რომ გორის რაიონის გამგეობის გაწევრიანებამდე ფონდის დამფუძნებლები სხვები იყვნენ. თუ ვინ, ამის გასარკვევად ქონების მართვის გორის სამმართველოს უფროსს - ნუკრი აბალაკს დავუკავშირდით.

ნუკრი აბალაკი: „ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს, რაც თქვენ მითხარით, ასეთი სახელწოდების ფონდი, მაგრამ დაწვრილებითი ინფორმაცია არ მაქვს. არც რაიონის გამგეობის მიერ მიღებულ დადგენილებას ვიცნობ. ბუნებრივია, არ მეცოდინება, ვინ არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის „გორის რაიონის განვითარების ფონდის“ ძირითადი დამფუძნებლები.“

ჩვენ კომენტარისათვის იურისტ გიორგი გოცირიძეს დავუკავშირდით. გიორგი გოცირიძე: „ჯერ თავად ის ფაქტია დანაშაული, რომ ქონებისა და პრივატიზაციის აღრიცხვის გორის სამმართველოსთვის კერძო სამართლის იურიდიული პირის ფონდში გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. მართალია, სახელმწიფოს არა აქვს ასეთი ორგანიზაციის აკრძალვის უფლება, მაგრამ კერძო სამართლის იურიდიულ პირად გაერთიანებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სახით წარმოგვიდგება, რადგან საქმე გვაქვს ქონების გადაცემაზე. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ფონდი იქმნება ქონების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, „გორის რაიონის განვითარების ფონდი“ ძირშივე არაკანონიერი სტრუქტურაა. კარგია, რომ ამ ფაქტს მიექცა ყურადღება, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ დღესაც ხდება წვრილ-წვრილი მეწარმეებისაგან პატარ-პატარა თანხების გამორთმევა.“

საინტერესოა „გორის რაიონის განვითარების ფონდის“ შესახებ გორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის - რევაზ გოგიაშვილის კომენტარი.

რევაზ გოგიაშვილი: „ეს ფონდი სულ ახლახან ჩამოყალიბდა. ძირითადად, ჩვენი ქონების საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ. ამ ფონდის საშუალებით, ხდება ქალაქში, მაგალითად, ფასადების შეღებვა, შუქნიშნების დაყენება და ა.შ. ამ ფონდში ფული შემოაქვთ, როგორც იურიდიულ, ასევე კერძო პირებს. თუ, მაგალითად, რომელიმე პირი უარს განაცხადებს, დაასახელოს ფონდში შეტანილი თანხის წარმომავლობა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, უარი გითხრათ თანხების შემომტანების სახელებისა და გვარების დასახელებაზე.“

ქალაქის გამგებელი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ქალაქ გორის ბიუჯეტი წინა წლებისგან განსხვავებით, რაიონის გამგეობამ გაანახევრა. მისი თქმით, „თუკი ის თანხა, რომელიც ფონდშია თავმოყრილი, რასაკვირველია, ტენდერის საფუძველზე დაიხარჯება, უფრო გამჭვირვალედ მოხდება ფასადების შეღებვაც, განათებაც და შუქნიშნების დაყენებაც“.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გორის რაიონის სოფელ უფლისციხისა და ქვახვრელის მინდვრებიდან ამოღებული სარწყავი მილები რაიონის გამგეობამ ქალაქის ცენტრში შუქნიშნების დაყენებისათვის გამოიყენა. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ მათ ტერიტორიაზე ამჟამად უქმად მყოფ სარწყავ მილებს სოფლის მოსახლეობა გაზიფიცირებას მოახმარს.

ერთი სიტყვით, ფონდების ირგვლივ ბევრი საინტერესო დეტალი იკვეთება. როგორც ჩანს, 2006 წლის 1 იანვრიდან რწმუნებულის ფონდის გაუქმების მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებას საგანგაშო არაფერი აქვს, რადგან სხვა ფონდები მაინც არსებობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობამ, რწმუნებულის ფონდების გაუქმებით, უბრალო პიარ-კამპანია მოაწყო, რადგან ფონდების ბუმი გორში მაინც არსებობს.

იხილეთ "შემწირველთა" სია:

http://www.humanrights.ge/files/list.pdf

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები