კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკადრო ცვლილებები, დიქტატურა და დაჭერების სერია გურჯაანში

4 აგვისტო, 2006

საკადრო ცვლილებები, დიქტატურა და დაჭერების სერია გურჯაანში

ბოლო რამდენიმე კვირაა, გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები, რომელსაც თან საჯარო მოხელეების მასობრივი დაკავება დაპატიმრებაც ახლავს. რეგიონში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამშრომლებისადმი ხელმძღვანელების დიქტატორულ დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების სხდომის საჯაროობას და იმას, რომ მისი ჩატარების შესახებ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ერთი კვირით ადრე უნდა იყოს ცნობილი, გამგეობის სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია, პრაქტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ რაიონის გამგებლის მ/შ-სთვის სასურველი ჟურნალისტებისთვის არის ცნობილი. აღარაფერს ვამბობთ გურჯაანის რაიონის გამგეობაში არსებული საჯარო ინფორმაციის კანონდარღვევით გაცემაზე, ბოლო დროს კი, საერთოდ გასაიდუმლოებაზე.

ა/ო „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ წარმომადგენლებს, რაიონის გამგეობის წევრთა სხდომაზე რაიონის გამგებლის მ/შ აკაკი სიხარულიძისგან თანამშრომლებისადმი შეურაცხყოფის მოსმენა არ უკვირთ, თუმცა მიმართვის ფორმებით შეშფოთებულნი არიან. „ნუ ბლუყუნებთ... გეყოთ ტლიკინი. მე არ მაინტერესებს მოხსენებების წაკითხვა, საქმე მაჩვენეთ, საქმე. სახელმწიფო სამსახურებში ვიწყებ შემცირებებს. ასაკიანი ხალხი, ჩაფრენილები რომ არიან სკამებს, მოუხადეთ მადლობა, ან უამისოდაც გაუშვით სამსახურიდან. წინააღმდეგობის გაწევას ნუ შეეგუებით. თვით გამგეობაშიც კი რომ დარჩეს 90-ის ნაცვლად 25 თანამშრომელი, არ მაინტერესებს. გასაგებია, ხომ გაიგეთ? გამეორება ნუ მიხდება!“-  ამ სიტყვებით მიმართა  აკაკი სიხარულიძემ რაიონის გამგეობის ბოლო სხდომაზე იმ თანამშრომლებს, რომელთაც სხდომის მიმდინარეობისას სიტყვის თქმის უფლება ითხოვეს. მათ შორის ერთ-ერთი ქ. გურჯაანის #1 საბავშვო ბაღის გამგე ასმათ კოკოლიშვილი გახლდათ. „გამგებლის მ/შ-ს განკარგულებით შექმნილი კანონიერების შესწავლის კომისიის მიერ დაწერილი დასკვნა აბსოლუტურად არასწორი და ცილისმწამებლურია. კომისიის შექმნა სიხარულიძესთან დაახლოებული მანანა ჯაჯანაშვილის ინიციატივა იყო. ეს ადამიანი პედაგოგებს წლების განმავლობაში განათლების რაიონულ განყოფილებაში მუშაობისას ატერორებდა. რესურს-ცენტრში დასაქმებისათვის ტესტირება ვერ გაიარა, თუმცა ბატონმა აკაკიმ უსამსახუროდ არ დატოვა და გამგეობაში სკოლამდელი აზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის სექტორი შეუქმნა. იგი პედაგოგების ტერორს კვლავ განაგრძობს და ამ უსამართლობის განმკითხავი არავინ არის“,- განაცხადა ასმათ კოკოლიშვილმა, რომლის გამოსვლამაც გამგებლის მ/შ სერიოზულად გააღიზიანა და მას საუბრის შეწყვეტა მკაცრად მოსთხოვა.
 
კომისიის საწინააღმდეგო განცხადების გაკეთება კოკოლიშვილს ძვირად დაუჯდა. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ მითვისება გაფლანგვის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. ფინანსური პოლიცია ბაღის ხელმძღვანელობას თანხების მითვისებას ედავება. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, საბუღალტრო დოკუმენტაციას რევიზია ჩაუტარდება, რაც ფინანსური პოლიციის გამომძიებელთა ინფორმაციით, დამალული თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს. გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება ან გაფლანგვა) დაიწყო. საბავშვო ბაღში აცხადებენ, რომ ფინანსურ პოლიციას დაწესებულების შემოწმების მოთხოვნით სწორედ აკაკი სიხარულიძემ მიმართა.

გამგეობის სხდომაზე კოკოლიშვილის გამოსვლის გამო მკაცრი შენიშვნა გამგებლის მოადგილემ ზაზა ნაცვლიშვილმაც მიიღო. „ასეთ ხალხს, ამდენ ხანს არ უნდა აბოგინებდეთ. მიიღეთ შენიშვნა“,- მიუგო ნაცვლიშვილს სიხარულიძემ და სხდომის დამთავრებისთანავე სამსახურიდან გაათავისუფლა.

„პირველთან“ მეგობრობამ, ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერით ათასმა მადლობამ“ და მით უმეტეს, ლაქუცმა იმაზე, რომ მისი წყალობით, მალე გურჯაანი იარსახეს შეიცვლის, გაჭრა. გამგებლის მოადგილედ, გამგეობის ინფრასტქრუქტურის განყოფილების გამგე, გამგებლის მ/შ-ს თანაკლასელი ამირან ოქროშიძე დაინიშნა, რომელიც ინფრასტრუქტურის სფეროს უხელმძღვანელებს. უცნობია, რისი კურატორი გახდება გამგებლის მოადგილე, ზოოვეტ დამთავრებული არჩილ სოლომნიშვილი, რომელიც მანამდე სწორედ ამ დარგს კურირებდა. არსებული ინფორმაციით, სოლომნიშვილი მალე შემცირებაში მოჰყვება.

საკადრო ცვლილებები არ შეხებია გამგებლის კიდევ ერთ მოადგილეს ნუგზარ კვაცაშვილს, რომელიც, ყველა მთავრობას მოერგო და არც მისი, არც თუ ისე ნათელი სამსახურებრივი წარსულით ინტერესდება ვინმე. აღსანიშნავია, რომ გამგებლის საამებლად იგი დღესაც აქტიურად აფათურებს ხელებს საგადასახადო სამსახურში.

ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ყოფილი დირექტორის, შემდეგ კი გამგებლის თანაშემწის რეზო აბელაშვილის დაკავება-დაპატიმრებით დასრულდა. აბელაშვილის წინააღმდეგ საფინანსო პოლიციას მცირე ხნის წინ, წერილი სწორედ გამგებლის მ/შ-მ გაუგზავნა, სადაც დარღვევებზე რეაგირებას ითხოვდა და ამ უკანასკნელს „დამნაშავედ“ მოიხსენიებდა, არადა მოგვიანებით თანაშემწედ დაინიშნა.

საკადრო ცვლილებებთან ერთად, გურჯაანში სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე თანამდებობის პირიც დააკავეს. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თსუ-ს სიღნაღის ფილიალის გურჯაანის განყოფილების თანამშრომელი ნინო ბარნაბიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბარნაბიშვილი „სოდში“ გურჯაანის რაიონის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა იზო ხარაზიშვილმა და ასევე, გამგებლის მ/შ-სთან დაახლოებულმა პირმა ბორის მამისაშვილმა დაასმინეს, თუმცა დასახელებული პირები ამ ინფორმაციას უარყოფენ. დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან.

ამ დღეებში დააკავეს ასევე გურჯაანის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების თანამშრომელი ირმა ბიწკინაშვილი, რომელიც გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა გირაოს (2000 ლარი) გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, ბიწკინაშვილის დაკავება მის ყოფილ სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. იგი წლების მანძილზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გურჯაანის განყოფილებაში მუშაობდა.

სავარაუდოდ, „დაჭერების სერია“ ამით არ დამთავრდება, რადგან არაოფიციალური ინფორმაციით, გურჯაანში, კიდევ რამდენიმე ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირის დაკავება იგეგმება, მათ შორის გამგეობის ორი თანამშრომელიცაა. ამავე ინფორმაციით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ, მასობრივი დაკავებები განხორციელდება კახეთის სხვა რაიონებშიც.   


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები