კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუჩის ბავშვები - სახელმწიფოს საზრუნავი თუ ვალის მოხდა? (ნაწილი მეორე)

11 აგვისტო, 2006
2005 წლის ივნისში თბილისში ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი გაიხსნა. მართალია, ცენტრს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საზოგადოებასა და ადაპტირებულ გარემოში დაბრუნებაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, ის სკანდალში გაეხვა. სულ რაღაც 3 თვეში  ცენტრის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, კიდევ 3 თვის გასვლის შემდეგ კი მისი ბედი ლამის ახლმა დირექტორმაც გაიზიარა. საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ეს ცენტრი ზოგიერთებს საკუთარი ინტერესებისა და ჯიბის გასასქელებლად აინტერესებთ და არა ბავშვების მომავლისთვის. ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. 

 

პრობლემები

როგორც ამჟამინდელმა დირექტორმა გვითხრა, ცენტრის ამ სახით არსებობას აზრი არა აქვს და თუ მისი იურიდიული სტატუსი არ შეიცვალა, უმჯობესია, ცენტრი დაიხუროს: „სამწუხაროდ, ამ ცენტრის იურიდიული ფორმა არის შპს და ის მუშაობს მეწარმის წესდებით, როგორც ნებისმიერი მომგებიანი საწარმო. შპს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის იმ მხრივ, რომ დონორები დაფინანსებისგან თავს იკავებენ. არაერთხელ ვთქვი, რომ ეს შპს არ უნდა იყოს.  ყველაზე დიდი პრობლემა არის დაფინანსება. უამრავი მსურველი არსებობს, რომელთაც გრანტების საშუალებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება სურთ, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მივა და გაიგებენ, რომ კონკრეტული პროგრამა შპს-ში უნდა განხორციელდეს, თავს იკავებენ დადაფინანსებაზე.  დონორები არ აფინანსებენ ისეთ პროექტს, რომელიც ხორციელდება შპს-ში, რადგან ეს ერის მომგებიანი საწარმო და მოგების 50 პროცენტი ქალაქის ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს.“
შპს-ს გამო არსებულ პრობლემებს გამორიცხავს ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა. როგორც მან გვითხრა, დონორებს შპს-ს არსებობა ნამდვილად არ უშლით ხელს: „მართალია, ამ დაწესებულების სამართოებრივი სტატუსი მოსაწესრიგებელია, მაგრამ ამ ეტაპზე დაწესეულებას არავინ უყურებს როგორც მომგებიან საწარმოს. ყველას კარგად ესმის, თუ რა დაწესებულებას წარმოადგენს ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი. ამ ეტაპზე ეს ნამდვილად არ არის პრობლემა და ნებისმიერი დონორი მოდის მის დაფინანსებაზე.“

ბავშვთა სახლში სტაბილურად დაახლოებით 50 ბავშვი ცხოვრობს. წესით, იქ მყოფთა ასაკი 18 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ცეტრში 18 წელს გადაცილებულებიც არიან. როგორც დირექტორი ამბობს, მათ უფლება არა აქვთ ბავშვებს უარი უთხრან. არადა, საერთაშორისო კონვენციით, ისინი არ უნდა მიიღონ.

ქაცარავა კი დაჟინებით აცხადებს, რომ „იქ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვები და არა ზევით. კანონის საწინააღმდეგოდ ჩვენ მათ ასაკზე თვალს ვხუჭავთ. მათ უნდა გაითვითცნობიერონ, რომ იქ 18 წლის ზევით არ შეიძლება ცხოვრება, რადგან ეს ნამდვილად ჩამოაყალიბებს იქ კრიმინალურ გარემოს“.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, სად უნდა წავიდნენ ისინი? ამ კითხვაზე ქაცარავას პასუხი კი ასეთია: „მათ ყველას აქვს ოჯახი. იმ განწყობით, თუ სად უნდა წავიდნენ, არ შეიძლება ვისაუბროთ. არცერთ სახელმწიფოში არ არსებობს, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს შრომის უნარი, მასზე სახელმწიფომ იზრუნოს. არ შეიძლება, დავაწესოთ დაწესებულება, სადაც ადამიანს რომელსაც შრომა არ უნდა და არ არის მომზადებული ცხოვრებისთვის, სახელმწიფომ შეინახოს. ასე რომ იყოს, სახელმწფიფოს ნახევარი ახალგაზრდობა ამ ინსტიტუციაში გადმოვა. არ შეიძლება ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ერს დააჩლუნგებს და შრომას შეაძულებს. ჩვენ მათ სამსახურს თავაზობთ და თუ უარს იტყვიან, სადაც უნდათ იქ წავიდნენ. თითქმის ყველას, ვინც ამ ბავშვთა სახლში ცხოვრობს, სახლი აქვს. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს სოცმუშკების მუშაობა. ბავშვებთან ერთად, პარალელურად, მათ ოჯახებთან უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა. რომ შესაძლებელი იყოს გარკვეული კონტიგენტის ოჯახში დაბრუნება. ამ მხრივ პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ერთი წელია რაც ცენტრი არსებობს და ის არაერთხელ იყო ინტრიგებისა და სკანდალების საგანი. თუ ასე გაგრძელდა, ამ ბავშვებისგან  მწიფე ნაყოფს ვერ მივიღებთ.“


კიდევ ერთი პრობლემა რომელზეც დირექტორი საუბრობს, ის არის, რომ  დაწესებულება ღია ტიპისაა, და ბავშვები დღისით სხვადასხვა სახის დანაშაულბებს ჩადიან, ღამე კი ცენტრს აფარებენ თავს. სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ბავშვმა დაცვის უფროსი დაჭრა და ის დააკავეს. მსგავსი შემთხვევები იქ არცთუ იშვიათად ხდება.     

„ბავშვებს რომ ჰკითხოთ, ჭამა-სმისა და დაძინების გარდა არაფერი უნდათ. რადგან ეს არის ღია ტიპის ცენტრი, საქართველოს კონსტიტუციის 18-ე  მუხლის თანახმად, არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს ადამიანს თავისუფლება თუ ის არ არის მსჯავრდებული. ჩვენ ამ ბავშვებს ოფიციალურად ვერ ჩავკეტავთ. ამიტომ, როცა სკოლაში ან სამუშაოზე ვუშვებთ, ნახევარზე მეტი დანიშნულების ადგილამდე არ მიდის და ისევ ძველი საქმე ურჩევნიათ. უმეტესობას მოსვლამდე ჰქონდა გამოცდილება, რაც კი უარყოფოთი რამ არსებობს. ეს არის ქურდობა, მათხოვრობა, ტოქსიკომანია. ძირითადად აქედან გასული ბავშვები ჩართულები არიან ქურდობაში. ჩვენ არ ვიცით სად რა დანაშაულს ჩაიდენს და ხშირად გვიწევს სხვადასხვა რაიონის პოლიციის განყოფლებებსა და საავადმყოფოებში გათენება. არის შემთხვევები, როცა დაჭრილები მოგავდგებიან ხოლმე ბავშვები, საავადმყოფოში მიგვყავს და გამორბიან.“ 

რაც შეეხება სხვადასხვა სახის პროგრამებს, რომლებიც ბავშვთა საზოგადოებასთან ადაპტირებას შეუწყობს ხელს, ამ ცენტრში არ ხორციელდება. ამის გამო უკმაყოფილოა თავად ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავაც. მისი თქმით, ცენტრის თანამშრომლები უნდა შეიცვალონ და კონკურსის წესით მიიღონ. მისივე თქმით, იქ საჭიროა პოფესიონალები და ის ადამიანები, რომელთაც მსგავსი გამოცდლება აქვს.

პედაგოგთა არაპროფესიონალისმი ბავშვებზე პირდაპირ აისახება. ამის ერთ-ერთი მაგალითი ის არის, რომ მათ ელემენტარულად, წერა-კითხვაც კი არ იციან. ცენტრის ამ სახით არსებობას არავინ ამართლებს და ამ ბავშვების მომავალსაც ვერევინ ხედავს. „კრიმინალთა თავშესაფარი“ - ასე აფასებს ცენტრს ამჟამინდელი დირექტორი კობალაძე მას. იმის გამო, რომ ისინი ცუდი წარსულის არიან და არც წერა-კითხვა იციან, მათ სკოლაში არავინ იღებს. ამიტომაც ცენტრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა პედაგოგები ადგილზე მიეწვიათ. ისინი ბავშვებს არითმეტიკასა და წერა-კითხვას ასწავლიან.

კობალაძე მიიჩნევს, რომ ცენტრის ამ ტიპით არსებობას აზრი არა აქვს და გამოსავალს ფილტრაციის სამსახურის შექმნაში ხედავს: „ან ეს ცენტრი უნდა დაიხუროს ან ამ ბავშვების ქუჩიდან იზოლაცია უნდა მოხდეს. ამათ აუცილებლად სხვანაირი მიხედვა სჭირდება, რადგან სერიოზულ გავლენას ახდენს სხვა ბავშვებზე. გამოსავალი ის არის, რომ შეიქმნას  ფილტრაციის სამსახური, რომელიც ამ ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით გადაანაწილებს. მაგალითად, ვისაც შედეგი არა აქვს, ქალაქგარეთ ან ბუნების წიაღში იძულებით დააკავონ და  შესაბამისად მიხედონ. ვინც არ ჩაიკეტება კი სხვანაირად.“

მართალია ბავშვებს ხელობის სწავლა და შემდეგ დასაქმება სამშენებლო კომპანია „აქსის“-მა შესთავაზა, მაგრამ ამ წინადადებამ არ გაამართლა. უმრავლესობამ შეთავაზებაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ფირმა მათ დღეში 10 ლარს უხდიდა. რაც შეეხება გოგონებს, ისინი სადალაქო კურსებზე ჩაწერეს, მაგრამ არ იარეს.

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, დირექტორს უჭირს დასკვნის გაკეთება, რამდენი ბავშვი ადგას გამოსწორების გზას და რა მიზანს ემსახურება ცენტრი. ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ამ ბავშვებთან მიმართებაში საკუთარი ფუნქციები არც პილიციელებმა იციან. რადგან არ არსებობს სახელმწიფოს ხედვა, სტრატეგია თუ მიზანი ამ კატეგორიის ბავშვებზე ზრუნვისა, შესაბამისად, არ არსებობს შედეგიც.

რაც შეეხება პოლიციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორც კობალაძემ გვითხრა: „პოლიციელებმა არ იციან, რისი უფლება აქვთ და რისი არა. მაგალითად, დიღმის მასივის ბაზრის ტერიტორია არის ტოქსიკომანი  ბავშვების ბუდე. მართალია პატრული ამას ხედავს, მაგრამ არაფრის უფლება არა აქვს, რადგან კანონთ ტოქსიკომანია დანაშაული არ არის, არც მათხოვრობა.  მე კი შეწუხებული ადამიანები მაკითხავენ, რომლებიც იქ ცხობრობენ და არ უნდათ მათი შვილები ამას ხედავდნენ. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. დაცვამ ბავშვებს მოპარული მობილური ტელეფონები ჩამოართვა. ავჭალის პოლიციას გამოვუძახე და ტელეფონები ვაჩვენე. მათ კი მითხრეს, ვერაფერს ვიზამთ, რადგან ფაქტზე არ დაგვიჭერიაო.“

ამართლებს თუ არა ცენტრის არსებობა, დასკვნის გაკეთება უჭირს ქაცარავასაც. მისი თქმით, რა ფორმითაც ის დღეს ფუნქციონიერბს, იმ მოთხოვნებს ნამდვილად არ შეესაბამება, რისთვისაც ეს ცენტრი დაარსდა:
„ეს ცენტრი ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს. ის უნდა იყოს მიმღებ - გამანაწილებელი, საიდანაც უნდა ხდებოდეს ამ ბავშვების გადაყვანა ადაპტირებულ გარემოში, სხვადასხვა ბავშვთა სახლებში, იმის მიხედვით, თუ რომელ ბავშვთა სახლს მოერგება ის თავისი ფსიქოლოგიური განწყბით. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ამ ბავშვებთან უნდა მუშაობდნენ სოცმუშაკები და ფსქოლოგები. თავიდანვე სპეციალისტები უარს ამბობდნენ, მისი ამ ფორმით დაარსებაზე. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ის იქნებოდა მიმღებ-გამანაწილებელი და არა ინსტიტუციური დაწესებულება, სადაც წლობის განმავლობაში ქუჩიდან შეყვანილი ბავშვები იცხობრებდნენ. ამ ფორმით მის არსებობას არც მე არც ექსპერტები არ ეთანხმებიან“.

ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განვითარების ფოდის ხელმძღვანელი ლია სალარიძე. ის  ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ქუჩის ბავშვებისთვის თავშესაფარი უნდა არსებობდეს, თუმცა მთავარია, ისინი ამ ზომამდე არ მივიდნენ, როგორც დღეს არიან: „თუ ეს კონტიგენტი ისე ჩამოყალიბდა, როგორც გლდანის კონტიგენტია, მათ მორჩენასა და  კიდევ დამატებით რაღაცეებზე ლაპარაკი ძნელია. შეიძლება ამ კონტიგენტიდან დიდი შედეგები არც იყოს. თუ პრევენციისკენ მივდივართ, სოციალურმა სამსახურებმა პრობლემა წამოჭრისთანავე უნდა მოაგვარონ, სანამ ის გართულდება. ამ ბავშვებს წლები ქუჩაში აქვთ გატარებული. შესაბამისად, მათი ფსიქიკური თუ   ფიზიკური მდგომარეობა შერყეულია. მათი მენტალიტეტი აბსოლუტურად სხვაა. მათი ერთ, ორ თუ ათ თვეში შემობრუნება, თან მაშინ, როცა არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკა, სტრატეგია თუ ტაქტიკა, შეუძლებელია. ასეთ ქაოსურ სიტუაციაში შედეგი ვერ იქნება.“ 

რესპონდენტი გამოსავალს სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის სწორად განსაზღვრაში ხედავს. მისი თქმით, „მთავარია კარგად განისაზღვროს, რისთვის არსებობს ეს ცენტრი, რა ფორმით და რომელ კონტიგენტზე როგორ მუშაობს, როდის ელოდება შედეგს. ასევე გასათვალისწინებელია ყველა ქვეყნის გამოცდილება. შთაბეჭდილება თუ კითხვა არ უნდა რჩებოდეს, რომ სახელმწიფომ ქუჩის ბავშვებთან მიმართებაში ვალი მოიხადა.“ 

ეკა გულუა

ახალი ამბები