კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოში უჩივის

17 აგვისტო, 2006

7._sek__da_17_agvisto.gif ა/ო “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი”, რომელიც ადამიანურ განზომილებათა ოფისი - ეუთოს მისია საქართველოს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, კახეთში, სასამართლო მონიტორინგს ახორციელებს, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონული სასამართლოების მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოში უჩივის და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დამცირებისათვის რეაგირებას ითხოვს.
უკვე მეორე თვეა, რაც ორგანიზაცია კახეთის რეგიონის რვავე რაიონული სასამართლოს მონიტორინგს ახორციელებს. რაიონებში გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და ძალიან ჭირს. ამიტომ, დამკვირვებელს ესაჭიროება ზუსტად იცოდეს, რომელი რაიონის სასამართლოში, რა კონკრეტული საქმე განიხილება და როდის, რათა ზუსტად შეძლოს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

ვიმედოვნებდით რა, რომ სასამართლოები კანონის შესაბამისად გაგვიწევდნენ დახმარებას, კახეთის ყველა რაიონულ სასამართლოს გავუგზავნეთ ერთნაირი შინაარსის მიმართვა, სადაც მოვითხოვდით ინფორმაციას მოსამართლეთა მიერ განსახილველად უკვე ჩანიშნული საქმეების შესახებ, საქმის არსის, ზუსტი დროის, საქმის განმხილველი მოსამართლისა და სხდომის ადგილის მითითებით.
 ჩვენს მოთხოვნაზე, ინფორმაცია ყველაზე სრულყოფილი სახით და დროულად მივიღეთ (ვიღებთ რეგულარულად) დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოდან. ინფორმაცია დაგვიანებით მოგვაწოდეს სიღნაღის და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა, თუმცა სიღნაღის სასამართლომ ინფორმაციის მოწოდება დაუსაბუთებლად შეწყვიტა. რაც შეეხება დანარჩენ რაიონულ სასამართლოებს (საგარეჯო, ახმეტა, თელავი), მათ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წერილობითი მოთხოვნა საერთოდ უგულებელყვეს და უპასუხოდ დატოვეს, გარდა ყვარლისა და ლაგოდეხისა“- აცხადებს ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციას, მოთხოვნაზე, ყვარლის რაიონული სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ნ. ტუხაშვილმა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით აცნობა, რომ „...ინფორმაცია ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა მიერ განსახილველად ჩანიშნული საქმეების შესახებ იკვრება ყოველ კვირას, სასამართლოს ფოიეში საინფორმაციო დაფაზე. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნოთ ადგილზე,“- ნათქვამია საპასუხო წერილში. თუმცა პროექტის მონაწილეთა თქმით, სასამართლოს ფოიეში მათ საინფორმაციო დაფაც ვერ აღმოაჩინეს.

„მოვახერხე და დავესწარი ყვარლის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთ სამოქალაქო პროცესს, სადაც მოსარჩელე გახლდათ ჟურნალისტი. პროცესის დაწყებისას მოსამართლე ვაჟა ტურაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა ღია იყო, დეტალურად გამოიკითხა, რომელი გარეშე პირები ესწრებოდნენ პროცესს და როდესაც აღმოაჩინა, რომ პროცესის მონიტორინგი უნდა განმეხორციელებინა, აღნიშნული მუშაობაში ხელის შეშლად და მასზე ზეწოლად შეაფასა. ამიკრძალა პროცესის მიმდინარეობისას მონაწილეთა დიქტოფონზე ჩაწერა, რომელიც უხმაუროდ და დარბაზში გადაადგილების გარეშე მოხდებოდა. ყოველივე ამან, მნიშვნელოვნად და სერიოზულად შეაფერხა ჩვენი მუშაობა,“- ამბობს იურისტი რუსუდან ზარდიაშვილი.

როგორც ჩვენთან საუბარში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იუსტიციის საბჭოში საჩივრის შეტანის ძირითადი მიზეზი, ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს წერილი და 17 ივლისის გადაწყვეტილება გახდა.

„მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ მიმართვაში, რომელიც ჩვენ გადმოგვეგზავნა, მითითებულია, რომ, გვეგზავნება „ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს ა/წლის  17 ივლისის გადაწყვეტილება“. მიმართვას თანდართულია გადაწყვეტილება, რომლის ავტორია მოსამართლის თანაშემწე, `საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი, ვინმე შ. ხარაიშვილი,“- აცხადებს იურისტი ლია ხუროშვილი და შეშფოთებას ვერ მალავს: „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას უარს ეუბნებიან იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც კანონის შესაბამისად ყველა ინსტანციის სასამართლოში გამოკრული უნდა იყოს საინფორმაციო დაფაზე და „საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი“ პირველ რიგში ამაზე და მის დაუყოვნებლივ გაცემაზეა პასუხისმგებელი, და მისგან ვიღებთ ამგვარ გადაწყვეტილებას, ასეთ ვითარებაში, რამდენად სამართლიანი იქნება ამგვარად მომუშავე სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ კატეგორიის და სხვა საქმეებზე, რიგითი მოქალაქეებისთვის?“- კითხულობს ადვოკატი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ამბობენ, რომ მათი შეშფოთება გამოიწვია ასევე იმ ფაქტებმა, რასაც ლაგოდეხის, ყვარლის და თელავის რაიონულ სასამართლოებში აქვს ადგილი. „სასამართლოში, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად მისულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მოსამართლეებზე, ვაჟა ტურაშვილზე (ყვარელი), ნანა ჩალათაშვილსა (ლაგოდეხი) და ნათელა ჯაშიაშვილზე (თელავი) რომ აღარაფერი ვთქვათ, თანაშემწეები და სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლები მათ დასცინიან, უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ, რითაც, ვფიქრობთ, ნებით თუ უნებლიეთ, მათ დისკრიმინაციას ახდენენ,“- აცხადებენ ცენტრში.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მოსამართლებთან დაკავშირებას, თუმცა ყველა მათგანი დაკავებული აღმოჩნდა. „დრო არ გვაქვს,“- ასეთი იყო მათი პასუხი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან


 

ახალი ამბები