კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზღვრის დადგენისას, დაპირისპირება შესაძლოა სისხლისღვრამდეც მივიდეს

20 აგვისტო, 2006

20_agv_sazgvari.gifბევრ ქარტეხილს გაუძლო დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსმა, რომელიც 12-მდე განშტოებას მოიცავს და დღესაც მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, თუმცა ქართველების აღშფოთებას აზერბაიჯანელთა საქციელისადმი საზღვარი აღარ აქვს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში მიხეილ თვალიაშვილმა განაცხადა, საქართველოს დაკარგული აქვს ბერთუბანი და საზღვრის დადგენისას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ამავე საფრთხის წინაშე დგას სხვა ისტორიული ძეგლებიც.

„მართალია საქართველოდან აზერბაიჯანში გადასასვლელად ვიზა არ გვჭირდება, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გვაძლევენ საშუალებას მოვილოცოთ ბერთუბანი. თუ ისე გადავედით, რომ ვერ შეგვნიშნეს, ხომ კარგი და თუ გვნახეს ან გაიგეს, რომ ბერთუბანი უნდა მოვილოცოთ, რომელმაც თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის უნიკალური ფრესკები შემოგვინახა, მაშინ სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. დაგვიჭერენ და რამდენიმე დღის განმავლობაში თავიაანთ ჰაუბახტში გვამყოფებენ. როგორ შეიძლება, ის ადგილები, სადაც ოდესღაც ქართული კულტურა ყვაოდა აზერბაიჯანელებს საძოვრად და სანახირედ ჰქონდეთ ქცეული და მოვლის უფლებასაც არ გვაძლევდნენ. რახან ჩვენს ტერიტორიაზეა, ე.ი ჩვენია და თქვენ არაფერი გესაქმებათო. ასეთი სიტუაცია თითქმის ყოველთვის არის და დაპირისპირებაც დღითი-დღე ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ალბათ ამიტომ მძაფრდება. საზღვრის ძალიან დიდი ნაწილი სადაო და შეუთანხმებელია. მისი დადგენა მხოლოდ ახლა მიმდინარეობს. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა საზღვრის პირას მდებარე ჩიჩხიტური, ვერანგარეჯა და უდაბნო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდეს, რაც ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელებს შორის არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს~- ამბობს მიხეილ თვალიაშვილი.
 
ჩვენთან საუბარში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლები იმასაც აცხადებენ, რომ დაპირისპირებამ ბოლო დროს უფრო იჩინა თავი. „მცირე ხნის წინ ქართველები და აზერბაიჯანელები ისე დავუპირისპირდით ერთმანეთს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რომ არ ჩარეულიყო, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ უდაბნო და სხვა საზღვრისპირა სოფლები რიონული ცენტრიდან საკმაო მანძილითაა დაშორებული და სიტუაციის განმუხტვას ყოველთვის ვერ შეძლებენ. მოვითხოვთ, საზღვარი ისე დაადგინონ, რომ ქართული ისტორიული ძეგლები ჩვენს საკუთრებაში იყოს, სხვანაირად არ დავუშვებთ. ბერთუბანიც ეყოთ, რომ გააპარტახეს და საქონელმა ააოხრა იქაურობა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ტერიტორიების გაცვლის ინიციატივაც აქვს, მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა უარს ამბობს,“- აღშფოთებას ვერ მალავენ უდაბნოელები.

საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის საგარეჯოს მონაკვეთზე არსებულ დაძაბულ მდგომარეობას, საგარეჯოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გარი ბუხნიკაშვილიც არ უარყოფს. მისი თქმით, საზღვრისპირა სოფლებში დავით გარეჯასთან დაკავშირებით ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირებას ადგილი ნამდვილად აქვს, თუმცა ამ პროცესში განსაკუთრებით ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა აქტიურობს.

„ორ ქვეყანას შორის, საზღვრის ამ მონაკვეთზე, მკვეთრად გამიჯნული საზღვარი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს სადემარკაციო ზოლის დადგენა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაირკვევა კონკრეტული გოჯი მიწა საქართველოს ეკუთვნის თუ აზერბაიჯანს. რაც შეეხება დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსს და საფრთხეს იმისას, რომ საზღვრის დადგენისას შესაძლოა კომპლექსის რომელიმე განშტოება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდეს, მე ვერ გეტყვით, რადგან ამ საკითხში კომპეტენტური არ გახლავართ, თუმცაღა ამ პრობლემის ირგვლივ საზღვრისპირა სოფლებში როგორც უკვე გითხარით, ადგილი აქვს სამწუხარო ინციდენტებს. აქედან თუ რომელიმე გახდა ჩვენთვის ცნობილი, ვცდილობთ განვმუხტოთ,“- აცხადებს საგარეჯოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

შევეცადეთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადენლებს დავკავშირებოდით, რაც ვერ მოხერხდა.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, სადაც ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, მაგრამ დასძინეს, რომ მათ ტერიტორიაზე მდებარე ბერთუბანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქართული ძეგლია,  აზერბაიჯანელთა საკუთრებაა და მას „ქეშიშდაღის“ ეძახიან.  საელჩოს წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელმაც ჩვენთან საუბარში ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა, აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოსთვის მიწების გაცვლას არ გეგმავს და ამ პოზიციის შეცვლასაც არ აპირებს.

დათმობაზე წასვლას არც საგარეჯოს რაიონის საზღვრიპირა სოფლების მოსახლეობა ფიქრობს. ისინი ამბობენ, რომ დავით გარეჯა ერთია და მის არცერთ ნაწილს არავის დაუთმობენ და ბერთუბნის დაბრუნებასაც გეგმავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგარეჯოს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები