კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“წითელი ჯვრის საზოგადოებას“ ქონებას ართმევენ

31 აგვისტო, 2006

31_agv_citeli_jvari.gifაჭარის  მთავრობა “წითელი ჯვრის საზოგადოების” აჭარის ორგანიზაციის ქონებას აუქციონზე ჰყიდდა. აუქციონი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიმართვის შემდეგ ბათუმის სასამართლომ დროებით შეაჩერა.

ბათუმში, “წითელი ჯვრის საზოგადოების” აჭარის ორგანიზაციის ქონებას წარმოადგენს მემედ აბაშიძის ქუჩის #4 და #10 ნომერში არასაცხოვრებელი ფართები ოფისების სახით, რაც ორგანიზაციას იჯარით ჰქონდა გაცემული.
 
„ეს ქონება არ ყოფილა გადმოცემული დროებით სარგებლობაში ან სხვა ფორმით ორგანიზაციაზე. ეს ფართები შესყიდულია თვითონ ამ ორგანიზაციის მიერ, როგორც კერძო პირებისაგან, ასევე მაშინდელი ქალაქის აღმასკომისგანაც და შესაბამისად, 30-იანი წლებიდან (მას შემდეგ რაც ბათუმშიც დაფუძნდა ეს საზოგადოება), „წითელი ჯვრის” ორგანიზაციის ბალანსზე იყო. ამის დამადასტურებელი მრავალი საარქივო დოკუმენტაცია არსებობს. სამწუხაროდ, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ამ ქონების რეგისტრაცია ვერ მოხერხდა. იმ პერიოდშიც იყო ქონების სხვაზე დარეგისტირების მცდელობა. თუმცა, გადავრჩით. რევოლუციის შემდეგ კი _ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურმა საკუთრების პასპორტი გამოგვიწერა”, _ აღნიშნა “წითელი ჯვრის” საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ დავითაძემ.

შემდეგი ეტაპზე, უკვე საჯარო რეესტრში ქონების დარეგისტრირებისას, “წითელი ჯვრის” ორგანიზაციას პრობლემები შეექმნა. საჯარო რეესტრმა მათი დოკუმენტები არასრულად ჩათვალა. „ჩვენ დავიწყეთ დოკუმენტაციის ხელახალი წარდგენისთვის მზადება, საარქივო მასალებიდან ამოღება. ამ პერიოდში საჯარო რეესტრს ჩვენი ქონება ქალაქის მერიისთვის დაურეგისტრირებია. მერიამ კი საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა, რაც ჩვენთვის არავის უცნობებია. აუქციონის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, თვითონ გავიგეთ და სასამართლოს მივმართეთ შეჩერებისთვის”, _ აცხადებს დავითაძე.

საჯარო რეესტრში კი „წითელი ჯვრის“ ქონების რეგისტრაციაში არ გატარებას ასე ხსნიან: “მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დღეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. უფრო მეტიც, აღნიშნულ მისამართზე არსებული ოფისები ბათუმის მერიის 2004 წლის 1 სექტემბერის #137 განკარგულებისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 6 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად”, _ განაცხადა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჯინჭარაძემ. მისი თქმით, ეს საკითხი სასამართლო დავის საგანია და მხოლოდ ამ გზით უნდა გადაიჭრას: “თუკი სასამართლო დაგვავალდებულებს, რომ “წითელ ჯვარს” ქონება დავურეგისტრიროთ, ჩვენ ამას შევასრულებთ”.
წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაკვირვებულია, თუ როგორ აღმოჩნდა მათი ქონება მერიის ბალანზე. “ჩვენ გვაქვს ტექნიკური პასპორტი, საჯარო რეესტრი სამართალმემკვიდრეა ამ ორგანიზაციისა და შესაბამისად, ქონება ჩვენს სახელზე უნდა დაერეგისტრირებინათ და არა მერიაზე”.
”წითელი ჯვრის” საზოგადოების აჭარის ორგანიზაცია ამჟამად საჯარო რეესტრს უჩივის. ორგანიზაციის ადვოკატების განცხადებით, საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა ორგანიზაციისათვის საკუთარი უძრავი ქონების დარეგისტრირებაზე. „წითელ ჯვარს“ აქვს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები. ხოლო აჭარის მთავრობამ ეს ქონება 2006 წელს დაირეგისტრირა მხოლოდ თავისი განკარგულების საფუძველზე. რეგისტრაცია განხორციელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონების საკუთრების დამდგენი დოკუმენტი გააჩნდებოდა. ამ შემთხვევაში კი, უკვე 2004 წელს, ყოფილ ტექ. ბიუროში იყო “წითელი ჯვრის” ქონებაზე პასპორტი გაცემული.
გამოდის, რომ სახელმწიფო ირეგისტრირებს სხვის ქონებას და სასწრაფოდ ატარებს აუქციონს, რათა ქონებას გამოუჩნდეს მფლობელი და დავამ დაკარგოს აზრი”, - აღნიშნა ადვოკატმა თეონა ჭუმბურიძემ.

“საჯარო რეესტრმა ჩაიდინა ორი დანაშაული - არ დაურეგისტრირა „წითელ ჯვარს“ თავისი უძრავი ქონება და მეორე, დაურეგისტრირა სახელმწიფოს. ჩვენ სარჩელი შევიტანეთ აჭარის მთვარობისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებულებების ბათილობაზეც", - დაამატა ადვოკატმა რუსუდან ბასკურიძემ.

“წითელი ჯვრის” საერთო ქონება 2527 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართია. სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეშია დანიშნული.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები