კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კვიციანის დასაჭერად ჩატარებულ სპეცოპერაციისას ოჯახი დაზარალდა

6 სექტემბერი, 2006

6_sek_spec_operacia.gif3 აგვისტოს ღამის 4 საათზე, ხულოს რაიონის სოფელ უჩხოში, გივრაძეების ოჯახში, სამართალდამცავები ემზარ კვიციანს, ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებდნენ. ჩხრეკისას სპეცრაზმელებმა ოჯახს გარკვეული ზიანიც მიაყენეს. სპეცოპერაციით შეშინებული ოჯახის წევრები ოპერაციის დეტალებს იხსენებენ.

აჭარის ტრადიციულ სახალხო დღესასწაულზე, შუამთობაზე გივრაძეების ოჯახს სიძე როლანდ აკობარდია და სიძის  დეიდაშვილი, ლტოლვილი (ამჟამად სამეგრელოში მცხოვრები) ემზარ ცობეხია 30 ივლისს ეწვივნენ. დღესასწაული აგარაკ ბეშუმში, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, იმართება.

„ჩემი შვილი და სიძე დღესასწაულზე ყოველწლიურად გვსტუმრობენ. აქამდე ეჭვი არავის შეუტანია მათ წესიერებაში და არც სამართალდამცავები დაინტერესებულან მათი საქმიანობით. ჩემი სიძე ბათუმში ცხოვრობს. ტერორისტი თუ იყო, აქამდე რატომ არ აიყვანეს?“, - კითხულობს სიდედრი ნანული აბულაძე.

სპეცოპერაცია გივრაძეების ოჯახში ღამით დაიწყეს. „ხმაურზე გაგვეღვიძა, შუბლთან ავტომატები გვქონდა მობჯენილი. დავიბენით... ხმის ამოღება ვინ გვაცალა, ხელ-ფეხი გაგვიკრეს... თავდაპირველად ყაჩაღები გვეგონა. მე ცუდად გავხდი, შვილები არ მომაკარეს. წყალი ისევ ნიღბიანებმა დამალევინეს. სხვა ოთახებში რა ხდებოდა, არ ვიცოდი. სპეცრაზმელები გვიყვიროდნენ, ტერორისტებს სად მალავთო. მათივე საუბრიდან მივხვდი, რომ სტუმრების ოთახშიც შესულიყვნენ. ჩემს სიძეს წინაღმდეგობა გაუწევია, მისი დეიდაშვილი ემზარ ცობეხია კი უცემიათ კიდეც“.

„შუაღამე იყო, ხმაურზე გამეღვიძა; იარაღიანი და ნიღბიანი პირები ბოროტმოქმედივით ჩვენს თავთან იდგნენ. ჯერ ვერ მივხდი, სიზმარი იყო თუ ცხადი. ემზარ კვიციანი, არ გაინძრეო - ყვიროდნენ. ჩემს დეიდაშვილს კი ჰქვია ემზარი, მაგრამ გვარად კვიციანი არაა. ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინათ და სპეცოპერაცია შემდეგ ჩაეტარებინათ. ასე როგორ შეიძლება“, - განაცხადა გივრაძეების სიძემ, როლანდ აკობარდიამ.

მას შემდეგ რაც სპეცრაზმს, ინფორმაციის შესაბამისად, ემზარ კვიციანი ვერ უპოვია, გივრაძეების სტუმრებისთვის პასპორტები მოუთხოვიათ. „პასპორტი რად მჭირდებოდა, სტუმრად ვიყავი მოყვრის ოჯახში“, - აღნიშნა აკობარდიამ.

სპეცდანიშნულების რაზმი გივრაძეების იმ ნათესავების ოჯახებშიც მისულა, რომლებსაც 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე ცობეხია და აკობარდია სტუმრობდნენ. უფრო მეტიც, სამართალდამცავებმა ისიც იცოდნენ იმ დროისათვის გივრაძეების ოჯახის ორი წევრი აგარაკ ბეშუმში რომ იმყოფებოდა. სპეცდანიშნულების რაზმი აგარაკზეც მისულა. გივრაძეებს ეჭვი აქვთ, რომ სამართალდამცავებთან ისინი მეზობელმა დაასმინა: „რადგან ჩვენს სტუმარს ემზარი ერქვა, ალბათ იფიქრეს, რომ კვიციანი იყო გვარად. პრეზიდენტმა კვიციანის მპოვნელისთვის ჯილდო დააწესა. ეტყობა ჩემს მეზობლებს გამდიდრება მოუნდათ. ალბათ, კვიციანი ტელევიზიითაც არ უნახავთ, თორემ მიხვდებოდნენ, ჩემი სტუმარი ის ემზარი რომ არ იყო“.

ოჯახის წევრები დღემდე შიშის ქვეშ იმყოფებიან: „მართალია, ყველაფერი დასრულდა, ქმარიც და სტუმრებიც გაათავისუფლეს, მაგრამ დღემდე შოკში ვართ. თვალს დავხუჭავ თუ არა, ნიღბიანები მელანდებიან. თუ მარტო ვარ და ხმაური შემომესმა, მგონია ისევ სპეცრაზმელები მოდიან...“, - აცხადებს ნანული აბულაძე.

სპეცოპერაციის შედეგად გივრაძეების ოჯახს მატერიალური ზარალიც მიადგა: „შუაღამე იყო, კარები დაკეტილი გვქონდა. ამიტომ სამართალდამცავებმა კარი შემოამტვრიეს, ბოსლის იატაკიც კი ჩაამტვრიეს, ჭურჭელი დაგვიმსხვრიეს, იარაღს ეძებდნენ და სახლში ყველაფერი ამოატრიალეს. როცა დარწმუნდნენ, რომ სპეცოპერაცია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაატარეს, წავიდნენ. ისინი კი წავიდნენ, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენ ვინ აგვინაზღაურებს ამ ზარალს?“- კითხულობს ოჯახის უფროსი თეიმურაზ გივრაძე.

შინაგან საქმათა სამინისტროს აჭარის მთავრი სამმართველოს უფროსი დავით ბედიას კომენტარი ამასთან დაკავშირებით ასეთია: „კომენტარს არ ვიძლევი. თუ ვინმეს ზიანი მიადგა, სასამართლოს მიმართოს“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები