კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსურმა პოლიციამ მოქალაქე ჩხრეკის ოქმის გარეშე დააკავა

8 სექტემბერი, 2006

8_sek.gif„მაჩვენეთ ჩხრეკის ოქმი, მეტს არაფერის ვითხოვ”, – ეუბნებოდა ფინანსური პოლიციის მუშაკებს 53 წლის დაკავებული თამაზ ელბაქიძე, რომელსაც შიდა ქართლის ფინანსური პოლიცია კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვაში ედავება. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა არ გაითვალისწინა დაკავებულისა და მისი ადვოკატის თამარ თედლიაშვილი მოთხოვნა და დაკავებულს ისე შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, რომ მოსამართლესაც თვალით არ უნახავს ჩხრეკისა და დაკავების ოქმი.

ფინანსური პოლიციის გამომძიებლის გიორგი სანიკიძის ინფორმაციით, 2006 წლის 31 აგვისტოს თამაზ ელბაქიძე, ახდენდა რა უაქციოზო რუსული წარმოების 5500 კოლოფი სიგარეტის გადაზიდვას, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა კომბინატის ტერიტორიაზე დააკავეს. გამომძიებელ სანიკიძის და სტაჟიორ-პროკურორ კახა მინდიაშვილის მტკიცებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები - ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების მოსიაშვილისა და მამასახლისის ჩვენებები, რათა დაკავებული თამაზ ელბაქიძე მიეცეს პატიმრობაში.

გამომძიებლის მიერ დასახელებული ყველა მტკიცებულება სასამართლო პროცესზე დადგა ეჭვქვეშ. პროცესზე ადვოკატმა თავდაპირველად გამომძიებლის მიერ დასახელებეული ჩხრეკის ოქმი მოითხოვა, თუმცა როგორც ფინანსური პოლიციის წარმომადგენელმა თავდაპირველად აღნიშნა, ოქმი სასამართლოს კანცელარიაში ჩააბარა. მოსამართლე ზაზა რამიშვილმა კი მხრები აიჩეჩა, ოქმი ჩემთან არ არისო. ამის შემდეგ სტაჟიორ-პროკურორმა მურადაშვილმა გამომძიებელი დაბნეულობას გადაარჩინა და თქვა, ტექნიკური მიზეზების გამო, კომპიუტერზე ვერ ამოვბეჭდეთ, მთავარი პროკურორი ფრიდონ ჩიტაშვილი თბილისშია და რა წამს ჩამოვა, გაახლებთო. მოსამართლე რამიშვილმა სამართალდამცავებს დაუჯერა და პროცესი გააგრძელა.

ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა სამართალდამცავები კიდევ ერთ უკანონო ქმედებაში ამხილა. მისი თქმით, თამაზ ელბაქიძის ფაქტობრივი დაკავება მოხდა 17:10 სთ-ზე, ხოლო პროკურორ ჩიტაშვილთან გაგზავნილი შეტყობინების ოქმი გატარებულია 15:20 სთ-ზე. გამომძიებელ სანიკიძის თქმით, ეს მექანიკური შეცდომა იყო. მოსამართლე ზაზა რამიშვილმა კვლავ არ გაითვალისწინა დაკავებულის მხარის პოზიციები და აღნიშნა, სასამართლო არ შედის არსებით განხილვაშიო.

თამარ თედლიაშვილი(ადვოკატი): „პროკურორი ბრალის წაყენების დროს ეყრდნობა 4 მტკიცებულებას. ესენია ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება, ექპერტიზის დასკვნა და მოწმე ორი პოლიციელის ჩვენება. ჩხრეკის ოქმი საერთოდ არ უნახავს მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, თუ არ არსებობს ჩხრეკის ოქმი, საიდან გავიგებთ, ამოღებულ ნივთმტკიცებად ცნობილი სიგარეტები ვისია. ექსპერტიზის დასკვნაში კი მხოლოდ წერია, რომ სიგარეტი კონტრაბანდულია, ხოლო ორი პოლიციელი დაინტერესებული მხარეა, მით უფრო რომ ისინი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები არიან.“

დაკავებული ელბაქიძე დეტალურად ყვება დაკავების ფაქტს. იგი ამბობს, რომ დიდი ხანია ტაქსის მძღოლად მუშაობს. 31 აგვისტოს მას ჩაუჯდა უცხო პიროვნება და სთხოვა ქალაქის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადაადგილება. ცოტა ხანში მგზავრმა თავი გააცნო, როგორც ფინანსური პოლიციის თანამშრომელი და ტაქსისტს მოსთხოვა მართვის ლიცენზია. რადგანაც იმ მომენტისთვის მძღოლს არ ჰქონდა ხელთ ლიცენზია, ელბაქიძეს ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა ფინანსურ პოლიციაში წასვლა კატეგორიულად მოსთხოვა. ელბაქიძე უცხო პირს წინააღმდეგობას უწევდა. ამასობაში სხვა პოლიციელებიც გამოჩდნენ. ტაქსის მძღოლი ფინანსურ პოლიციაში პოლიციელების მანქანით წაიყვანეს, ხოლო მის მანქანაში სამართალდამცავები ჩასხდნენ. დაკავებული თამაზ ელბაქიძე ირწმუნებოდა, რომ გზაში პოლიციელებმა მანქანა 11 ყუთი სიგარეტით გაავსეს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები