კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუხიტაშვილის ნათესავებს ნაკვეთებს ედავებიან

13 სექტემბერი, 2006

13_sek_suxita.gifგორის რაიონის სოფელ სვენეთში მცხოვრები შატბერაშვილის ოჯახს მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს. ამ საქმეში კი ალეკო სუხიტაშვილის სახელმაც გაიჟღერა. სვენეთი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალეკო სუხიტაშვილის მშობლიური სოფელია.

სოფელ სვენეთში ჯემალ შატბერაშვილის ოჯახი წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთებს ითხოვს. ჯემალ შატბერაშვილი რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა და ამჯერად მისი ვაჟები ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას. ოჯახის მოხუცებული წევრი მედიკო შატბერაშვილი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სოფლის ყოფილი გამგებელის დათო ბეჟანიშვილის წყალობით, ოჯახი ნაკვეთებისა და სასახლკარე მიწების გარეშეა დარჩენილი. დათო ბეჟანიშვილს ალეკო სუხიტაშვილთან ახლო ნათესაობა აკავშირებს, ისინი ბიძაშვილები არიან.

მედიკო შატბერაშვილი: „წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ჯემალ შატბერაშვილი მიწის ნაკვეთების თაობაზე იბრძოდა. კაცი დაავადმყოფდა კიდეც ამ სირბილში და გარდაიცვალა. საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი გვაქვს. ჩემს ოთხ შვილს არც სასახლკარე მიწის ნაკვეთები მისცეს და არც არაფერი. ნორმით რაც გვეკუთვნოდა, იმას სხვები პატრონობენ. არ გვაძლევენ ჩვენს კუთვნილ ნაკვეთებში მუშაობის უფლბას. ვერ გეტყვით, ურევია თუ არა ამ საქმეში ალეკო სუხიტაშვილის ხელი, მაგრამ ვინც ჩვენს უფლებებს არღვევს, მისი ნათესავები არიან. სადღა არ ვიჩივლეთ, ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ ალიკას (იგულისხმება სუხიტაშვილი) წყალობით ვერსად გავიმარჯვეთ”.

როგორც ირკვევა, ალეკო სუხიტაშვილის ნათესავებმა იმ მიწის ნაკვეთებს დაადგეს თვალი, სადაც ნავთობსადენი გადიოდა და საიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები მიიღეს. ერთ-ერთ ასეთ „პრესტიჟულ“ ადგილზე მოხვდა შატბერაშვილების ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებსაც რეალურად სხვები დაეპატრონნენ.

შატბერაშვილის ოჯახი იხსენებს, რომ როდესაც მიწის პრივატიზაცია დაიწყო, მიწის გაცემის კომისიამ სოფელში არსებული მიწები გადაზომა, დანომრა და მოსახლეობას დაურიგა. ნავთობსადენის ადგილას მდებარე 0,30 ჰა მიწის ფართობი შატბერაშვილებსაც ერგოთ. მართალია სოფლის საკრებულოში მიწის ნაკვეთის ნომერი მისცეს, მაგრამ ამ მიწის ნაკვეთის საძებნელად წასულმა ოჯახის წევრებმა მიწის კუთვნილ ნაკვეთს ვერ მიაგნეს. ადგილი, სადაც საკრებულომ ნაკვეთი გამოუყო შატბერაშვილების ოჯახს, მდებარეობს სოფლიდან ერთ კილომეტრში და „უყვედურას“ მიწებს ეძახიან.

2000 წლამდე აწ გარდაცვლილმა ჯემალ შატბერაშვილმა ჯერ რაიონის გამგეობას, შემდეგ სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს მიმართა წერილობით, რომ დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის მიღებაში. მაშინ გორის პროკურორი ალეკო სუხიტაშვილი იყო და ვარაუდობენ, რომ სწორედ სუხიტაშვილის გავლენის წყალობით, შატბერაშვილის ოჯახს ყურადღება არავინ მიაქცია.

გარდა ამისა, ჯემალ შატბერაშვილის ოჯახმა 2001 წელს მეზობლებთან ერთად მიწის ფართობები იჯარით აიღო. იმავე წელს ჯემალ შატბერაშვილი იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთებზეც აღარ შეუშვეს. როგორც ოჯახის წევრები იხსენებენ, ალეკო სუხიტაშვილის ახლობლებმა ოჯახს იჯარით აღებულ მიწებიდან 0,20 ჰა მიწის ფართობის დათმობა მოსთხოვეს; რომ არაფერი გამოუვიდათ მოიჯარეები სუხიტაშვილის ახლობლებს 0,60 ჰა მიწის ნაკვეთში აღარ შეუშვიათ. უფრო მეტიც, მოიჯარეების დამუშავებულ ფართობზე ტრაქტორი გადაატარეს და ნათესები გაანადგურეს. სწორედ ეს ფაქტი იყო უკანასკნელი წვეთი ჯემალ შატბერაშვილისთვის და იგი სულ მოკლე ხანში გარდაიცვალა.

მედიკო შატბერაშვილი (ჯემალ შატბერაშვილის მეუღლე): „მე ბეჟანიშვილებთან პიროვნულად არავითარი დაპირისპირება არ მაქვს. უბრალოდ ჩვენს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს ვითხოვ. 2003 წელს აეროპლანით გადაღებულ ფოტოზე ჩვენი ნაკვეთი ზუსტად იმ ადგილზე დაფიქსირდა, სადაც კოდით გვქონდა მონიჭებული, ხოლო მიწის მართვის დეპარტამენტიდან ოფიციალური საკუთრების მოწმობის დამადასტურებელი მოწმობაც მოგვივიდა. მიუხედავად ამისა, სამართალს მაინც ვერ მივაღწიეთ”.

ჩვენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალეკო სუხიტაშვილს დავუკავშირდით.

ალეკო სუხიტაშვილი: „მე არც შატბერაშვილის ოჯახს ვიცნობ და არც დათო ბეჟანიშვილს. ბეჟანიშვილი არც ჩემი ნათესავია და არც ბიძაშვილი“.

მართალია, ალეკო სუხიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს ბეჟანიშილებსა და შატბერაშვილებთან რაიმე ურთიერთობას, მაგრამ სოფელ სვენეთში სუხიტაშვილი, ბეჟანიშვილი და შატბერაშვილები მეზობლები არიან. უფრო მეტიც, ალეკო სუხიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დათო ბეჟანიშვილისა და შატბერაშვილების საცხოვრებელი სახლის შუა მდებარეობს. სხვა მეზობლები იმასაც ამბობენ სოფელში, რომ მოდავე მეზობლები “ერთად არიან დაზრდილები“.

სოფელ სვენეთის ყოფილი გამგებელი დათო ბეჟანიშვილი და მისი ახლობლები წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ. მათი თქმით, კარის მეზობლებს სადავო არაფერი აქვთ. დათო ბეჟანიშვილის ახლობლები იხსენებენ, რომ პირიქით, ალეკო სუხიტაშვილი შატბერაშვილების ნათესავები უფროაო. უკანასკნელ პერიოდში ალეკო სუხიტაშვილმა დათო ბეჟანიშვილისგან სასახლკარე ნაკვეთი იყიდა, სადაც საცხოვრებელი სახლი აიშენა.

სოფლის ამჟამინდელი გამგებელი ქეთევან მარკოზაშვილი გორის რაიონის გამგეობის სხდომებზეც არაერთხელ აღნიშნავს, რომ აეროპლანით გადაღებული ფოტოები არაზუსტია, რაც მოსახლეობას შორის სერიოზულ დაპირისპირებს იწვევს. ქეთევან მარკოზაშვილის აზრით, ახლად შექმნილი მიწის საკუთრების დამადასტურებელ პასპორტებში მონაცემები არაზუსტია. სწორედ ასეთი პასპორტი აქვთ ხელთ შატბერაშვილების ოჯახს, რომლის რეალურობაში ეჭვი სოფლის ამჟამინდელ გამგებელს შეაქვს.

სოფლის ამჟამინდელი გამგებელი ქეთევან მარკოზაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალეკო სუხიტაშვილი კი ალალი დეიდაშვილები არიან.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები