კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელთან საქართველოში, იგორ გაონთან

4 ოქტომბერი, 2006
gagva42.gifროგორია დემოკრატიის ხარისხი საქართველოში? იზიარებენ თუ არა ევროპაში პრეზიდენტის აზრს დამნაშავეობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ? არის თუ არა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ევროპული სტანდარტების შესაბამისი? ამ და სხვა თემებზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელს საქართველოში, იგორ გაონს ვესაუბრეთ.

- ბატონო იგორ, ევროპის საბჭოს მიზანია წევრ სახელმწიფოებში უზრუნველყოს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რამდენად გამოდის ეს საქართველოში?

- ჩვენ ამას ვახერხებთ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ამის განხორციელება ერთბაშად შეუძლებელია და მას წლები სჭირდება. ერთ მხარეს არის კანონის უზენაესობა, მეორე მხარეს ადამიანის უფლებების დაცვა, მესამე მხარეს დემოკრატიის მშენებლობა, ანუ არსებობს სამკუთხედი, რომლის სამივე კუთხეც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანას ევროპის საბჭოს წინაშე გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა გააჩნია, რაც უკავშირდება კონვენციების მიღებას, მათ რატიფიცირებას, კანონპროექტების შემუშავებას, რეფორმებს სხვადასხვა სფეროში და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მთელი რიგი დაბრკოლებები, მაგრამ საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმატებებს მიაღწია. დემოკრატია ფართო ცნებაა და მასზე თითოეულ ჩვენგანს თავისი აზრი აქვს. მიუხედავად ამისა, ამგვარი რეფორმებით თანდათანობით დემოკრატიულ სახელმწიფოს მივიღებთ.

საქართველოში ევროპის საბჭოს საკუთარი წარმომადგენლობა აქვს. ჩვენ დახმარებას ვუწევთ ქართულ მხარეს იმ საკითხებში, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. რაც მთავარია, არსებობს იმ დიალოგების შედეგები, რომლებიც სისტემატიურად იმართება ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. მაგალითად, მიმდინარეობდა რეფორმა სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებით, რასაც რამდენიმე წელი დასჭირდა. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ მასზე მუშაობა ხუთი წლის წინ დაიწყეს, მაგრამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვიმუშავეთ და სისხლის სამართლის კოდექსის კანონპროექტი შევიმუშავეთ. ამჟამად, მონიტორინგის ჯგუფი მედიის საკითხებზე მუშაობს და ჟურნალისტებისთვის ეთიკის კოდექსის შემუშავებას ვაპირებთ.

- საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბევრ პროცესს აგებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ხშირ შემთხვევაში კვლავ უხეშად ირღვევა. საბოლოოდ, როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს იმიჯზე ევროპის საბჭოში?

- სტრასბურგის სასამართლოში თითქმის ყველა ქვეყანა აგებს საქმე. ეს ნამდვილად არ არის საქართველოს პრივილეგია. გააჩნია საქმეს, რამდენად ეხება ის ადამიანის უფლებების დარღვევას. თითოეული ქვეყანა იბრძვის იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე არ ჰქონდეს. მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო კონვენციასთან. იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხს ყურადღებას ნამდვილად აქცევს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ მცირე დროა გასული, რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა.

- კონვენცია იცავს სიცოცხლის, სისხლისა და სამოქალაქო საქმეების სამართლიანი განხილვის უფლებას, აზრის თავისუფლად გამოხატვის თავისუფლებას. ექსპერტები აღიარებენ, რომ ამ მხრივ საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა.

- ...ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მკვლელობა, მაგრამ დამნაშავე აუცილებლად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. დანარჩენი მართლმსაჯულების საქმეა. მოქალაქე, რომელიც ფიქრობს რომ ვერ იპოვა სამართალი საქართველოს ვერცერთ სასამართლო ინსტანციაში, შეუძლია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მე არ შემიძლია განვსაჯო თქვენი ქვეყანა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ საქართველოს სწორი გზით განვითარებაში დავეხმარო.

- ბატონო იგორ, რა შეფასებას მისცემთ საქართველოს პრეზიდენტისა  და შსს მინისტრის განცხადებებს წვრილმან დანაშაულზე ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ?

- მე წარმოვადგენ ევროპის საბჭოს და არანაირი უფლება არ მაქვს შესწორებები შევიტანო ხელისუფლების მიდგომაში დამნაშავეთა მიმართ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თუ ქვეყანაში დანაშაული ხდება, სახელმწიფომ მის აღსაკვეთად ყველა ღონე უნდა იხმაროს. მე მოგახსენებთ, როგორ ვეკიდები პირად უსაფრთხოებას. ზოგჯერ, დილის 5 საათზე თბილისის ქუჩებში მიწევს სიარული, მაგრამ თავს ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობ. ასევე, გადავაადგილდები ქვეყნის შიგნით, მაგრამ აქაც დაცულად ვგრძნობ თავს, რადგან საპატრულო პოლიცია ყველგან არის. ამ კუთხით უსაფრთხოების დონე იზრდება, რაც კმაყოფილებას მგვრის.

- ანუ, ნულოვან ტოლერანტობას ამართლებთ?

- ამ სიტყვებს ნუ მოარგებთ ჩემს ნათქვამს. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახდა, ვიდრე იყო. ჩემთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ცნობილია. მე ისიც ვიცი, რომ ადრე საქართველოში საღამოს 6 საათის შემდეგ ქუჩაში გავლა საშიში იყო. ეს არის ფაქტი, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ.

- რას გვეტყვით სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე. ასევე, იმაზე, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც სასამართლოში მხოლოდ ერთი მოსამართლეღა შემორჩა და ბევრი საქმის განხილვა წლობით ჭიანურდება. ამასთან ერთად, ფაქტობრივად, აღკვეთ ღონისძიებად მოსამართლეები ძირითადად პატიმრობას იყენებენ. ეს არ არის საგანგაშო?

- სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს რეფორმა, რასაც დრო სჭირდება. ვერ გეტყვით, რომ სასამართლო სისტემა იდეალურია და მაქსიმუმს მივაღწიეთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში შეიქმნას იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სადაც პროკურორები და მოსამართლეები დამატებით განათლებას მიიღებენ. ჩვენ უნდა განვავითაროთ კადრები, რომ შემდგომში მათ უკეთესად იმუშაონ. მე ვფიქრობ, რომ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

- არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტს პირადი პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, სულხან მოლაშვილის, ირაკლი ბათიაშვილის და სხვათა სახით. საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

- ალბათ, მათ თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს. თუ ისინი ასე ფიქრობენ, მათი ნებაა. ჩვენს მონიტორინგის ჯგუფს ამასთან დაკავშირებით თავისი შეხედულება გააჩნია, რასაც საჯაროდ აუცილებლად დააფიქსირებენ. აღვნიშნავ, რომ ბოლო დროს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფმა საკმაოდ კრიტიკული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ. ადამიანის უფლებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გლობალურად ირღვევა, მაგრამ მთავარი დარღვევის ხარისხია. 

- და ბოლოს, რაც შეეხება კონფლიქტის ზონებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, მაგრამ ამავე დროს გრძელდება სამხედრო ბიუჯეტის ზრდა. საგულისხმოა, რომ თავდაცვის მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, 2007 წლის ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო...

- ევროპის საბჭო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. რამდენიმე დღის წინ გამოცემული, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის განცხადება, აშკარა გზავნილი იყო სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მისამართით. `ნაცვლად რეფერენდუმისა, იფიქრე საქართველოსთან თანამშრომლობაზეო~- ეს იყო პირდაპირი გზავნილი. ასეთია ჩვენი მოსაზრება. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს და ორმხრივ თანამშრომლობას, რათა ერთად ვიპოვოთ გზა დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისათვის.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები