კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთიდან ერეკებიან

11 ოქტომბერი, 2006

deportacia.gif"დიდმა რუსეთმა" საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო. რუსეთში ებრძვიან და დევნიან ყველას, ვისაც ქართული გვარი აქვს. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველები რუსეთში ლეგალურად ცხოვრობენ თუ არალეგალურად, მათთვის ყველა ერთია. თბილისში უკვე ორი სატვირთო და ერთი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ბარგის ნაცვლად დეპორტირებული ქართველები ჩამოიყვანა.

ამ ეტაპისთვის რუსეთიდან გამოძევებულ ქართველთა რაოდენობა 500-მდეა. როგორც დეპორტირებულები აცხადებენ, ისინი ისე გამოყარეს, ვერანაირი პირადი ნივთების წამოღება ვერ მოასწრეს: "მილიციელები თავდაპირველად ბაზრობებსა და იმ ადგილებს შეესივნენ, სადაც ქართვები ვმუშაობდით. საბუთები არავის მოუთხოვია, მათთვის მთავარი იყო ჩვენი ქართული წარმომავლობა. სამსახურებშივე აგვიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში წაგვათრიეს. არანაირი ახსნა-განმარტებები არ მოუციათ. რამდენიმე დღე პოლიციაში ვყავდით დაკავებული. შემდეგ ქალთა მომღებ-გამანაწილებელში გადაგვიყვანეს. არაადამიანურად, ღორებივით გვექცეოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი გვითხრეს, რომ რუსეთს უნდა დავემშვიდობოთ და მისკენ არასდროს გავიხედოთ. მიზეზად კი ჩვენი პრეზიდენტის აგრესიული პოლიტიკა დაგვისახელეს", - ამბობენ რუსეთიდან დეპორტირებული ქართველები.

რაც შეეხება მგზავრობას, ისინი საბარგულში მოათავსეს, სადაც არც ფანჯარა იყო და არც საპირფარეშო. "იმას, რაც ჩვენ გადავიტანეთ, არავის ვუსურვებ. 3 საათი საბარგულში სიბნელეში ვიჯექით და ყველანი იმაზე ვლოცულობდით, სამშობლოში მშვიდობით ჩავფრენილიყავით და სადმე არ გადავეყარეთ. არანაირი ბარგი არ წამოგვიღია. ეგრევე სამუშაოდან აგვიყვანეს და ბარგი თან ხომ არ გვექნებოდა. რაც კი წამებით ვიშოვეთ, ყველაფერი დაგვატოვებინეს. ჩვენს შემდეგ სკოლებსაც მიადგნენ. ყველა ქართველი მოსწავლის მშობელი სკოლაში დაიბარეს და შვილებთან ერთად დააპატიმრეს", - ამბობს ქალბატონი ნანა, რომელიც თბილისში 10 ოქტომბერს ჩამოფრინდა. 

მოსკოვში  ყველა დაწესებულება დაკეტეს, სადაც ქართველები მუშაობდნენ. პოლიციამ საქართველოს საკონსულოც ალყაში მოაქცია და გაჩხრიკა. იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკონსულოში ინფორმაციის მისაღებად მიდიოდნენ, ადგილზე აკავებდნენ. პოლიციელთა მსხვერპლი ცნობილი მხატვარი და სამხატვრო აკადემიის რექტორი ზურაბ წერეთელიც გახდა. შესაბამისმა ორგანოებმა აკადემიის ფინანსური მდგომარეობა შეისწავლეს და გარკვეული დარღვევები აღმოაჩინეს.
პოლიციამ ცნობილი საოპერო მომღერალი  ზურაბ სოტკილავაც არ დაინდო და შეამოწმა. საფრთხის ქვეშ არიან ქართველი სპორტსმენებიც. პრობლემები შეუქმნეს ცნობილ ქართველ მოციგურავეს ირინა გედევანიშვილსაც.

როგორც დეპორტირებული ქართველები აცხადებენ, თითო პოლიციელს ასამდე ქართველის სია აქვს, რომელიც ყოველ დღე უნდა დააკავონ. რუსეთში ასევე გახშირდა ეთნიკურ ნიადაგზე მკვლელობების შემთხვევებიც.

არაერთი ქართველი, რომელიც რუსეთიდან გამოაძევეს, საქართველოში უბინაოდ დარჩა. მათ რუსეთში წასასავლელად და სამუშაოდ სახლ-კარის გაყიდვა მოუწიათ.
დეპორტირებულებს არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ და არც არავის იმედი აქვთ. როგორს თავად აცხადებენ, ისინი რუსეთიდან საქართველოში რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ინახავდნენ, მათი დახმარების საშუალება კი არავის აქვს.

დეპორტირებულებს აეროპორტში საქართველოს ეკონიმიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე დახვდა და დახმარებას დაჰპირდა. მან გამოძევებულებს სთხოვა, სამინისტროში თავიანთი ბიოგრაფიები მიიტანონ და მთავრობა მათ დასაქმებაზე იზრუნებს. ასევე, მთავრობა აპირებს ევრო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს და მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, "სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართავთ. ამ ტიპის თვითმფრინავებით ნახირი გადაჰყავთ და არა ადამიანები. რუს ხალხთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. შესაძლებელია, რუსეთში მცხოვრებ არაერთ ადამიანს საქართველოსთან არანაირი შეხება არ ჰქონდეს, თუმცა ქართული გვარის გამო იდევნებიან. მზად ვარ, ასეთი ადამიანები მივიღო და საქართველოს მოქალაქეობა მივანიჭო."

რუსეთის ფედერაციაში ეთნიკურ ქართველებთან მიმართებაში ადამიანის უფლებების არაერთი დეკლარაცია დაირღვა. მაგალითად, ადამაინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; საერთაშორისო აქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ; საერთაშორისო აქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და საერათაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, "დეპორტაცია წარმოადგენს ლეგალურ ინსტრუმენტს, თუმცა ის კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, აქ უკვე სახეზეა ძალიან სერიოზუდ დარღვევა. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ ვიზა და მათი გამოძევების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა; მეორე, რუსეთს სრული უფლება აქვს  მის ტერიტორიაზე უკანონო მიგრაციას ებრძოლოს, მაგრამ ეს ბრძოლა ეთნიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდეს; მესამე, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სისხლის სამართლის დამნაშავესაც კი, უფლება აქვს მოითხოვოს ადამიანური მოპყრობა. საქართველოს მოქალაქეების დეპორტირებისას კი მათი ღირსება და პატივი შეილახა. ეს არის პირდაპირი დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის. ჩვენს მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, ევროპულ სასამართლოში იჩივლონ და ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ."

ეკა გულუა

ახალი ამბები