კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორის “ჯიბის ფულის” ლაქები

17 ოქტომბერი, 2006

misha_kareli.gifშიდა ქართლის გუბერნატორი საკუთარ ფონდში თავმოყრილი თანხების უმისამართოდ ხარჯვის თაობაზე ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მხილებული. მართლაც, ორი წლის წინ ფონდით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა რწმუნებულის ფონდს ანალიზი კონტროლის პალატაში არსებული მონაცემებზე დაყრდონით გაუკეთეს. ამ მონაცემების მიხედვით, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაცი ცენტრი“ გუბერნატორის ფონდიდან როგორც თანხების ხარჯვაში დატრიალებული მაქინაციების შესახებ, ასევე ფონდში შემტანი ზოგჯერ არსებული, ზოგჯერ კი არარსებული „ქველმოქმედი“ ბიზნესმენების თაობაზე ვრცლად წერდა. დღეს კი ახალი დარღვევების მოწმენი ვხდებით.

სულ ცოტა ხნის წინ, გუბერნატორ მიხეილ ქარელის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის მიერ 2005 წელს გახარჯული თანხების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ რწმუნებულის პრესსამსახურმა მიხეილ ქარელს „დათვური“ სამსახური გაუწია, რადგან ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ გუბერნატორმა 2004 წელს გამოყენებული მეთოდები არ დაივიწყა და უფრო მეტიც, უფლებამოსილებას კვლავ გადააჭარბა და საკუთარი ნებასურვილის მიხედვით განკარგა ფონდში თავმოყრილი თანხები.

თუკი 2004 წელს მიხეილ ქარელის ფონდში ოფიციალურად 490 000 ლარი იყო თავმოყრილი, 2005 წელს თანხამ 785 558 ლარი შეადგინა. 2004 წლის მონაცემებით, მიხეილ ქარელს სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდიდან 200 000 ლარი გადაერიცხა, დანარჩენი 290 000 ლარი „ქველმოქმედი“ ბიზნესმენების გაცემული თანხების ნაკრები იყო. ამ „ქველმოქმედი“ ბიზნესმენების სია კონტროლის პალატაშია დაცული, თუმცა როგორც თავის დროზე ვწერდით, 91 კაციდან 50 ბიზნესმენი არარსებულია.

რაც შეეხება 2005 წელს, შარშან სამართალდამცავ განვითარების ფონდს მიხეილ ქარელისთვის 500 000 ლარი უჩუქებია, ხოლო შემომწირველთა თანხის რაოდენობა 285 558 ლარს შეადგენს. მთლიანობაში 2004-2005 წლებში მიხეილ ქარელმა 1 275 558 ლარი ჩაიგდო ხელში და განკარგა.

ახლა ვნახოთ, როგორ ხარჯა 2005 წელს რწმუნებულმა მის ფონდში დაგროვებული თანხა. რწმუნებულის პრესსამსახური იუწყება, რომ მიხეილ ქარელმა 2005 წელს ოსურ-ენოვანი საინფორმაციო გადაცემების დაფინანსება განაგრძო. თუკი 2004 წელს ფონდიდან ადგილობრივ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ანგარიშზე 9 000 ლარი გადაირიცხა, 2005 წელს ფონდიდან „ნაციონალ“ პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილის ტელეკომპანია „თრიალეთში“ დამატებით 10 500 ლარი გადაირიცხა. ოსურ-ენოვან საინფორმაციო გამოშვებებში მომუშავე ოსმა ჟურნალისტებმა, მაგალითად, ნანა ბესტაევამ, ბელა ქუმარიტოვამ და სხვებმა ტელევიზიაში ოფიციალურად დაწესებული 80 ლარიც კი ვერ აიღეს, ისე ყოველგვარი ახსნა-განმარტების და ხელფასის გარეშე გაუშვა ისინი სამსახურიდან აწ უკვე ყოფილმა პარლამენტარმა. ოსურ ენოვან საინფორმაციო გამოშვებას 2004 წელს ფონდი ამერიკული ორგანიზაცია „აირექსი“ აფინანსებდა. ჟურნალისტების თქმით, პირად ანგარიშზე გადმორიცხულ ხელფასი მიჰქონდათ ტელეკომპანიის ბუღალტერთან და აბარებდნენ, საიდანაც მათ არანაირი სარგებელი არ მიუღიათ. საერთოდ კი, 2005 წელს ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერით ოსურ-ენოვანი საინფორმაციო გამოშვებები აღარ მზადდებოდა. გაურკვეველი რჩება რწმუნებულის ფონდიდან „თრიალეთში“ 10 500 ლარის გადარიცხვის მიზეზი.

გაურკვეველია, ასევე მთლიანობაში დაქცეულ და დანგრეულ გორის სახელმწიფო თეატრისთვის გადაცემული თანხის ბედიც. 2004 წელს ქარელი  კონტროლის პალატისათვის მიწოდებულ დოკუმენტში იტყობინებოდა, რომ გორის თეატრს 15 000 ლარი გადაურიცხა. 2005 წელს მისი პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებში კი, კვლავ აღნიშნულია, რომ თეატრს 10 000 ლარი გადაერიცხა. გამოდის, რომ მიხეილ ქარელმა თეატრს ორი წლის განმავლობაში 25 000 ლარი შესწირა, ან კიდევ 2004 წელს გაცემული თანხა 2005 წელსაც ხარჯებში აღნიშნა. ორივე შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რადგან რეალურად გორის თეატრის ჭერი კვლავ ჩამოსანგრევად განწირულია. 2004 წელს 15 ათასი ლარის ფარგლებში ვარდისფრად შეღებილი თეატრის შიდა კედლები კვლავ შესაღებია.

2005 წლის მონეცემებში გამეორებულია 2004 წელს ქალაქ ქარელში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენების ამბავი. თუკი 2004 წელს მიხეილ ქარელს ქარელის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი 22 ათასი ლარი დაუჯდა, მომდევნო წელს 2 ათასი ლარით ძვირი დაუჯდა. სამაგიეროდ, გორში 2004 წელთან შედარებით, სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსების აშენება 2005 წელს, ფონდის მიხედვით, ორმაგი ჯდება. ერთი და იგივე ზომის სპორტული მინი მოედნების აშენებაში მიშა ქარელი 2004 წელს 22 000 ლარს ხარჯავდა, 2005 წელს მისი აშენება უკვე 60 000 ლარი უჯდება. უფრო მეტიც, მიშა ქარელის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ნასყიდაშვილი (ამჟამად სტალინის სახლმ-მუზეუმის დირექტორი) ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნავდა, რომ მინი სტადიონების აშენებას 10 000 ლარი სჭირდებაო. იმავე შეხვედრაზე „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ შენიშვნაზე, რომ ოფიციალურ ცნობაში (შიდა ქართლის ოფიციალურ ვებ-გვერზე) 60 000 ლარი უწერიათ, ნასყიდაშვილმა უპასუხა – მაგდენი ალბათ გასახდელებს და საშხაპეებს მიაქვთო. თუმცა, მინი სტადიონებიდან მხოლოდ ერთ სტადიონს აქვს მიშენებული საშხაპე და გასახდელი, რომელიც 2004 წელსაა აშენებული, როდესაც მისი აშენება 22 000 ლარი ჯდებოდა. ამავე დროს, დღეს-დღეობით იქ არც საშხაპე მუშაობს და არც გასახდელი. გარდა ამისა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გორელი პარლამენტარი თეო ტლაშაძე სოფელ უფლისციხის პედაგოგებთან წინასაარჩევნო კამპანიის დროს უცხადებდა, რომ ხელისუფლება იმდენად ზრუნავს ახალგაზრდებზე, რომ 80 000 ლარად მინი სტადიონს გიშენებთო. ამდენად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან, თუ სად რა თქვან.

წყალში გადაყრილად ითვლება რწმუნებულის ფონდიდან სოფლების – კარალეთისა და ტინისხიდის „გაზიფიკაციის პროგრამის“ დაფინანსება. გაზის ცენტრალური მაგისტრალი ორივე სოფლის შესასვლელამდეა მიყვანილი. აღნიშნული მიხეილ ქარელს სულ 17 128 ლარი დაუჯდა. რეალურად კი გაზის ცენტრალური მაგისტრალი სოფლების შესასვლელამდე მიყვანილი. მოსახლეობა კი ამ მაგისტრალით ვერ სარგებლობს. რადგან ჯერ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი სოფლის ცენტრამდე არ მიდის, ამავე დროს გლეხს გაზის შიდა ქსელების დამონტაჟების საშუალებაც კი არა აქვს. როგორც ირკვევა, სოფელ ტინისხიდში გაყვანილი რამდენიმე ათასიანი გაზის ცენტრალურ მაგისტრალით მხოლოდ რწმუნებულის მოადგილე მარლენ ნადირაძე სარგებლობს, რომელსაც საცხოვრებელი სახლი სოფელ ტინისხიდში აქვს.

რწმუნებულს ასფალტის საფარის აღდგენაზე საკუთარი ფონდიდან გაუცია 15 825 ლარი, მაშინ როდესაც საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 2005 წელს გორსა და გორის რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1 მლნ 900 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი, ხოლო მიმდინარე წელს - 3 მლნ ლარი.

საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე საკმაოდ სოლიდური თანხებია გაწერილი. გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მცხოვრებ ვანო ნუსხელიძის თქმით, სოფელ ქვახვრელის მინდვრებში ჩაფლული სარწყავი მილები სამხარეო ადმინისტრაციის წევრების დავალებით ამოიეღეს და გორში შუქნიშნების დასამონტაჟებლად წაიღეს. ამ კამპანიას, მისი თქმით, გუბერნატორის მოადგილე მარლენ ნადირაძე ხელმძღვანელობდა. როგორც ირკვევა, მარლენ ნადირაძე სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირებას შეჰპირდა ერთი მოთხოვნით – თუ მილების ამოღების უფლებას მოგვცემთ, ნაწილს ჩვენ წავიღებთ, ხოლო ნაწილს სოფელს მოვახმარებთო. ნუსხელიძე რამდენიმე თვის წინ სოფლის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო. როგორც თავად აცხადებს, მას ადგილობრივ მთავრობასთან სწორედ მილების თაობაზე მოუვიდა უთანხმოება, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ნუსხელიძის თქმით, მარლენ ნადირაძის ხელმძღვანელობით, მილები მთლიანად გორში წაიღეს. სოფელს კი არაფერი დაუტოვეს.

სხვათა შორის, მილების ამოღება ადგილობრივ მთავრობას ერთი თეთრიც არ დაუჯდა. მიხეილ ქარელი მაშინ მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თუ მილებს ამოიღებთ, თქვენი სოფლის გაზიფიცირებას მოვახდენო. მოსახლეობამ მილები კი ამოიღო, მაგრამ გამზადებული მილები რაიონის გამგებელმა ნუკრი პაპუნაშვილმა გორში შუქნიშანის დასაყენებლად და კარალეთი-ტინისხიდის გაზიფიცირებისთვის გამოიყენა. ფონდიდან საგზაო მოძრაობის ნიშნების დამონტაჟებისთვის 22 175 ლარია გაწერილი. რეალურად კი რწმუნებულს არც რკინის კონსტრუქციების და არც ნათურების ყიდვა დასჭირდა. რაიონის გამგეობას იმ ერთადერთი მაღაზიის ვალი დღესაც აქვს, რომელ მაღაზიაშიც მანათობელი ნათურები იყიდება. გუბერნატორის მოადგილე მარლენ ნადირაძის თქმით, თითო 70 ევრო ღირს. ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, რომ აღნიშნული ნათურები შეიძინეს მაღაზია „ნათებაში“ და  რომ ამ მაღაზიიდან ნათურები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აქვთ წაღებული. მაღაზია „ნათების“ გამყიდველები მაღაზიის მეპატრონის კოორდინატებს მალავენ. ამბობენ, რომ იგი სულ თბილისში იმყოფება, ხოლო თვითონ არავითარ ინფორმაციას არ ფლობენ, რეალურად რამდენი თანხა აქვთ მიღებული გამგეობის თანამშრომლების მიერ ნათურების წაღების დროს.


მიხეილ ქარელი ყველაზე არაკეთილსინდისიერად სამართალდამცავებს მოექცა. თუკი შარშან სამართალდამცავთა განვითარების ფონდიდან რწმუნებულს ფონდს 200 000 ლარი „უფეშქაშეს“, 2005 წელს ამ რიცხვმა 500 000 ლარს გადააჭარბა. რაოდენ სასაცილოც უნდა იყოს, რწმუნებულის ფონდმა სამართალდამცავებისთვის იმ 500 000 ლარიდან მხოლოდ 5 300 ლარი  გაიმეტა. რწმუნებულის პრეს სამსახური იტყობინება, რომ პოლიციას რწმუნებულმა „07“-ის მარკის მანქანა უყიდაო. სხვა არავითარი მონაცემი არ არსებობს, რომ მიხეილ ქარელი პოლიციის შემადგენლობის გაძლიერებით იქნეს დაინტერესებული.

იმ დროსაც როდესაც არმიის განვითარების მრავალმილიონიანი ფონდიდან მიხეილ ქარელის ფონდში ოფიციალურად არც ერთი თეთრია გადახდილი, სამართალდამცავთა განვითარების ფონდიდან გადარიცხული თანხებიდან მიხეილ ქარელმა გორში მდებარე სამხედრო ნაწილებზე გაწერა ხარჯების სახით.

ასე მაგალითად, გორში ვერხვებისა და წმინდაწყლის დასახლებებში მდებარე სამხედრო ნაწილებში წინა წლებში დაგროვილი დავალიანებების გამო შეიქმნა საფრთხე გაზ-მომარაგების შეწყვეტისა ზამთრის პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზის დავალიანების დასაფარავად მათთვის გამოყოფილ იქნა თანხა 17825 ლარი.

ასევე სამხედრო ნაწილ #2062-ში ინფრასტრუქტურის და სამხედრო მოსასმსახურეთა პირობების გაუმჯობესების მიზნით, გაზმომარაგება მოეწყო აბანოში, ყაზარმებში და სამზარეულოში, რისთვისაც გამოყოფილ იქნა 10730 ლარი, გაყვანილ იქნა 0.64კმ გაზის მაგისტრალი.

სამხედრო ნაწილი #16101 იმყოფებოდა ჩამოყალიბების პროცესში და ესაჭიროებოდა შტაბის სამუშაო ოთახების დაკომპლექტება ავეჯით და ინვენტარით, რაც დაფინანსდა 980 ლარით.

ქ. ცხინვალში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ძალების შტაბი იმყოფებოდა სავალალო მდგომარეობაში, საჭიროებდა სასწრაფო შეკეთებას. სასადილო და სამზარეულო ფუნქციონირებდა ფიცრულ შენობაში, რაც ქვეყნის პრესტიჟზე უარყოფითად მოქმედებდა. აღნიშნული შენობის კაპიტალური შეკეთება და სამზარეულო-სასადილოს მიშენება დაფინანსდა 69918 ლარით.

ქ. გორში თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით, შეიქმნა ცალკეული ჯავშან სატანკო ბატალიონი, რომელსაც არ გააჩნია მუშაობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკა. აღნიშნული ბატალიონისათვის შეძენილ იქნა ორი კომპიუტერი და პრინტერი, საერთო ღირებულებით 2114 ლარი.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები