კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინის მსხვერპლთა თავშესაფარში 3 თვეა ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობს

18 ოქტომბერი, 2006

pic4.jpgწელს პირველად, აგვისტოში, აჭარაში ტრეფიკინგის (ადამიანებით ვაჭრობა) მსხვერპლთა თავშესაფარი ამოქმედდა. გახსნის დღიდან, იქ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგონა მოხვდა, რომელიც წარმოშობით გურიიდანაა. მისი ვინაობის გამხელა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და შესაძლებელია, ტრეფიკერთა კვალზე გასვლა.

როგორც  ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელმა  მარინა მესხმა „ადამაინის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული მსხვერპლის ისტორია იმიტომ არის გასაიდუმლოებული, რომ ის თავშესაფარში მხოლოდ ერთადერთია და მის შესახებ ინფორმაციების გამჟღავნება შესაძლებელია, ტრეფიკერთა დახმარებაც იყოს. „რამდენიმე მსხვერპლი რომ გვყავდეს, პრობლემა არ იქნებოდა, ერთ-ერთი ისტორიას მოგიყვებოდით“, - გვითხრა მესხმა.

გოგონა თავშესაფარში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიყვანეს. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. თავშესაფარში მოხვდრის ორი გზა არსებობს. ადამიანი უნდა იყოს ან დაზარალებული ან მსხვერპლი. დაზარალებულს ამ სტატუსს სამართალდამცველები ანიჭებენ, მსხვერპლის სტატუსს კი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს მუდმივმოქმედი მუშა ჯგუფი იძლევა.

დაზარალებულის სტატუსი იმას ნიშნავს, ადამიანი სამართალდამცველებთან თანამშრომლობს, მსხვერპლი კი თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. თავშესაფარში ისე ვერავინ მოხვდება, თუ რომელიმე სტატუსი არა აქვს.

მარინა მესხის თქმით, „კანონით, თავშესაფარში როგორც მსხვრეპლს, ისე დაზარალებულს შეუძლია დარჩეს 3 თვე. ამ პერიოდის განმავლობაში მას როგორც სამართლებრივ, ისე ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ. ცენტრში არის ექთანიც და, საჭიროების შემთხვევაში, იურისტი.“

სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის გარკვეული არ არის 3 თვის მერე დაზარალებული თუ მსხვერპლი სად უნდა წავიდეს, თუ მას წასასვლელი არსად აქვს. მესხის თქმით, ამ პრობლემაზე ისევ თავშესაფარმა უნდა იზრუნოს: „თუ დაზარალებულს გამოუვალი სიტუაცია აქვს და ვერსად მიდის, შესაძლებელია, თავშესაფარში კიდევ 3 თვე დარჩეს. მაგრამ, ამის შემდეგ რას იზამს, ჯერჯერობით ეს საკითხი დარეგულირებული არ არის.  გვინდა, მათთვის სარეაბილიტაციო პროგრამები ამუშავდეს. მსხვერპლს სხვადასხვა ხელობა შევასწავლოთ და დასაქმებაში დავეხმაროთ, რაც მას საშუალებას მისცემს, ბინა იქირაოს და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თავშესაფარი ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, შეუძლიათ სახლში დაბრუნდნენ.“

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებული სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს და ყველა შესაძლო ინფორმაციას აწვდის, რაც მან იცის. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრეფიკერთა კვალზე გასვლა შესაძლებელია. როცა მსხვერპლს სამართალდამცველებთან თანამშრომლობა არ სურს, მას ამისი უფლება აქვს. ის თავშესაფარში ისეთივე უფლებებით სარგებლობს, როგორც დაზარალებული.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ფონდის წლევანდელი ბიუჯეტი 80 000 ლარს შეადგენს. ის სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ თანხაში შედის მსხვერპლთა კომპენსაციები და ასევე თავშესაფრისთვის გარკვეული სახსრების გაღება. რაც შეეხება კომპენსაციებს, ამისთვის 15 000 ლარია განსაზღვრული. თითო მსხვერპლისთვის კი გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ფულადი დახმარება. თავშესაფარი სულ 10 ადგილიანია.

რაც შეეხება ტრეფიკინგის შესახებ საქართველოში არსებულ ვითარებას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ტრეფიკინგის მხრივ, საქართველოს მსოფლიო ქვეყნებს შორის მეორე კალათაში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა სათანადოდ არ ხდება. 2003 წელთან შედარებით, კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რადგან, მაშინ მესამე, უმძიმესი კატეგორიის ქვეყნებში გავდიოდით. წელს, ისევე როგორც წლების წინ, საქართველო ტრეფიკინგის მსხვერპლთა სატრანზიტო და მიმწოდებელ ქვეყნად ითვლება.

ეკა გულუა

ახალი ამბები