კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი მონები საბერძნეთში (ნაწილი I)

19 ოქტომბერი, 2006

როგორ მოხვდნენ და ცხოვრობენ თურქეთის აუქციონზე გაყიდული ქართველი არალეგალები საბერძნეთში?

saberznetis_sazrvari.gif„თურქეთის ტყეში 2 ახალგაზრდა გაგვეყინა, ერთიც ხევში გადაიჩეხა, საბერძნეთის ციხეში კი ჯერ გვაწამეს და შემდეგ გაგვაუპატიურეს“...

ექსკლუზიური რეპორტაჟი საბერძნეთიდან

„საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლამდე, წვიმაში, თოვლსა და ქარბუქში 27 დღიანი მგზავრობის შემდეგ ჩავაღწიეთ. მანამდე თურქეთში, ტრაპზონსა და სტამბულში, ქართველებმა ორჯერ გაგვყიდეს. 20-30 წლის გოგონებს, 60 წელს გადაცილებული თურქი მამაკაცებისთვის სექსუალურ მომსახურებას გვაიძულებდნენ. ...ყველაზე დიდი საშინელება სტამბულში და იქიდან საბერძნეთის საზღვრამდე იყო. ტყეები, კლდეები, ვიწრო ბილიკები და ტბები. აუტანელი სიცივე. თურქეთის ტყეში 2 ახალგაზრდა გაგვეყინა. იქვე დავმარხეთ, ერთიც ხევში გადაიჩეხა“...

23 წლის მაიამ საბერძნეთში სამუშაოდ წასვლა მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. „ოჯახს ძალიან გაუჭირდა. დედა ინვალიდი იყო, ჩემი ძმა კი მეშვიდე კლასის მოსწავლე და მას პატრონობა სჭირდებოდა. ბევრი ვეცადე, რომ სამსახური თბილისში მეშოვა, მაგრამ სამუშაოდ არავინ მიმიღო. მიზეზად უმაღლესი განათლების არ ქონას ასახელებდნენ. მხოლოდ ერთმა შემომთავაზა სასტუმროში მოსამსახურედ მუშაობა, რაზედაც არ დავთანხმდი. სამუშაოს ძებნაში ზაზა გავიცანი. მითხრა, შემიძლია ერთ-ერთ ოფისს დაგაკავშირო, რომელიც სამუშაოდ საზღვარგარეთ გაგგზავნისო. ჯერ არ დავთანხმდი. ოჯახის მიტოვება მიძნელდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჩანდა. ეს ამბავი დედაჩემს გავუმხილე. ბევრი იტირა, ოღონდ შენ არსად წახვიდე და ვინმეს მოსამსახურედ მე დავუდგები და სანამ შევძლებ ვიმუშავებო. დედას მუშაობა არ შეეძლო, ავადმყოფობდა“.
 
- და ზაზას წინადადებას დასთანხმდი?

- სხვა გამოსავალი არ მქონდა. ზაზამ, დიდუბეში მეტროსთან ახლოს, მარჯვნივ ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ვინმე შალვასთან მიმიყვანა. მან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედით. მითხრა, საბერძნეთში რომ გადაგიყვანო და იქ მყოფი ჩვენი პარტნიორები მუშაობის დაწყებაში დაგეხმარნენ, 2 500 აშშ დოლარია საჭირო, მაგრამ მთლიანი თანხა თუ არ გაქვს, ნახევარი აქ გადაგვიხადე და ნახევარი საბერძნეთში, სამსახურს როცა იშოვიო. ამ კაცმა იმდენად დამაჯერებლად მელაპარაკა, მერე ვიღაცას დაურეკა, ვითომ საბერძნეთში და უთხრა, ერთ კარგ გოგოს გიგზავნი, ჩემი ახლობელია და მომვლელის ადგილი იქნებ უშოვო სანამ ჩამოვაო. მოკლედ, შევთანხმდით. სახლში რაც ოქროულობა და ძვირფასეულობა გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ. თანხის ნაწილი სოფელში დედაჩემის ნათესავებს გამოვართვი და სულ 1 150 აშშ დოლარი მოვაგროვე. შალვას ერთი კვირის შემდეგ შევხვდი. პასპორტი მე გავაკეთე. თურქეთის ვიზა კი ზაზამ ამაღებინა.

- კი მაგრამ, თურქეთის ვიზით საბერძნეთში როგორ გახვიდოდი?

- შალვამ მითხრა, შენთან ერთად ჩვენი წარმომადგენელი და სხვა გოგონებიც იქნებიან, გზაზე მოუგვარებელი პრობლემები არ გექნებათო. სტამბულში ჩვენი თურქი მეგობრები დაგხვდებიან და ისინი მოგხედავენ, სტამბულიდან საბერძნეთამდე კი მანქანით ჩაგიყვანენო.

თბილისიდან ტრაპზონამდე

„თბილისის ორთაჭალის ავტოსადგურიდან 2000 წლის 14 დეკემბერს, შუადღისას გავედით. საღამოს 12 საათისთვის უკვე ბათუმში ვიყავით, მაგრამ საზღვრამდე არ მივსულვართ. ავტობუსში მსხდომმა სხვა მგზავრებმა თქვეს, ამათ საბაჟოზე თავიანთი ხალხი ჰყავთ და ცვლა როდესაც მოხდება, მაშინ გავივლითო. დილის 6 საათზე თურქეთის საზღვარს მივუახლოვდით. სარფის საბაჟოზე დიდხანს არ გავჩერებულვართ.
...ავტობუსი ტრაპზონში გაჩერდა. დღე იყო. გვითხრეს, ჩამოდით, ჩაი დალიეთო. მძღოლს თანმხლებმა პირმა, რომელიც ნუგზარით გაგვეცნო, 6 გოგონას ერთ მაგიდასთან მოთავსდითო გვანიშნა. ჩვენს შორის ყველაზე უმცროსი 20 წლის თეა იყო. ყველაზე უფროსი კი 31 წლის. ჩაის ვსვამდით, როდესაც ჩვენთან ნუგზარი მოვიდა და გვითხრა, შალვამ რომ გაგაფრთხილათ, სტამბულში ჩვენები დაგხვდებიანო, სასტუმროში ჯერ არ დაუჯავშნიათ ოთახები და ტრაპზონში გაჩერება მოგვიწევს, სანამ ყველაფერი მოგვარდებაო. დავრჩით. იმ საღამოს ქალაქის გარეუბანში, კერძო სახლში მიგვიყვანეს. კეთილმოწყობილი სახლი იყო. ვივახშმეთ და დავიძინეთ.
მეორე დღეს, თურქმა ქალმა გაგვაღვიძა. გვანიშნებდა, დაბლა ჩადით, გელოდებიანო. ნუგზართან ერთად სხვებიც იყვნენ, მათ შორის ქალი, რომელიც ქართულად საუბრობდა. აგვათვალიერეს, ჩაგვათვალიერეს, მუშტრის თვალით გვიყურებდნენ. რაღაც კი ვიეჭვეთ, მაგრამ მარტო რომ არ ვიყავით, არაფრის გვეშინოდა. ერთმანეთის იმედი გვქონდა. მალევე ქართულად მოსაუბრე ქალმა გვითხრა, რომ თავისუფლები ვიყავით. ნუგზარიმ ყველა ჩვენგანს პასპორტები და ცოტა ფული გამოგვართვა, გვითხრა, რაღაც საბუთები მაქვს გასაკეთებელი, საბერძნეთში უპრობლემოდ რომ გადახვიდეთო. სიმართლე გითხრა, ჩემთან ერთად მყოფი ახალგაზრდები, მთლად კარგი, პატიოსანი ადამიანები არ ჩანდნენ, რადგან საღამოს ჩვენთან მოსულ თურქ ახალგაზრდებთან ურთიერთობა იმდენად მალე დაამყარეს, რომ... იმ საღამოს მშვენივრად გაერთნენ. მარტო ვიყავი, მოწყენილი. ...წამებაა და მეტი არაფერი (რესპონდენტმა ღრმად ამოიოხრა)...
მეორე საღამოს ახალგაზრდები თურქმა მამაკაცებმა შეცვალეს. ნუგზარი რომ ვიკითხეთ, არსად ჩანდა. დიასახლისმა გვანიშნა, გავიდა და ხვალ მოვაო. ...გვაიძულეს, მათთვის სექსუალური მომსახურება გაგვეწია. ვყვიროდით, მაგრამ გვაჩუმებდნენ, საწოლში ფულს გვიყრიდნენ. წინააღმდეგობას რომ ვუწევდით, სასტიკად გვცემდნენ. რუსულის ცოტა გაეგებოდათ და გამძვინვარებულები ჩხუბობდნენ, თქვენში ფული გადავიხადეთ და ჩვენ გვეკუთვნითო. ნუგზარი არც მეორე დღეს გამოჩნდა. გარეთ ვერ გავიდოდით. პასპორტები არ გვქონდა. არც იმდენი ფული, რომ რამე გაგვეხერხებინა, არც ენა ვიცოდით. პოლიციას რომ ჩავბარებოდით, არც ეს გვინდოდა, რადგან თითოეულ ჩვენგანს რაღაც აბრკოლებდა. ზოგს ვალი, ზოგს საქართველოში უფულოდ დაბრუნება არ უნდოდა და ა.შ. ტრაპზონში 4 დღე დავყავით. საშინელება იყო... ვერ გადმოგცემთ. მეხუთე დღეს, ის ქართველი ქალი მოვიდა და პასპორტებიც მოიტანა. მივცვივდით და ვეჩხუბებოდით. ვინ სად წვდა, აღარ მახსოვს. პასპორტების წართმევა გვინდოდა. წავაქციეთ და ვცემდით, თურქები რომ არ მიშველებოდნენ, მოვკლავდით. ბოლოს გვითხრა, მე რა შუაში ვარ, ამ პასპორტებს არ მოგცემთ, დავხევ და ვნახოთ რას იზამთო, დაგვემუქრა. ბოღმისა და სიმწრისაგან აღარ ვიცოდით რა გვექნა. დავიბენით. მანანას დავთანხმდით სტამბულში გადაყვანაზე, მაგრამ ნეტავ არ წავსულიყავით“.

პირველი ნაწილის დასასრული

გელა მთივლიშვილი საბერძნეთიდან

ახალი ამბები