კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპორტაციის პირველი მსხვერპლი საქართველოში

23 ოქტომბერი, 2006

putini.jpgრუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ქართული წარმოშობის გამო რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან. დეპორტაციის პირველი მსხვერპლი თენგიზ ტოგონიძე აღმოჩნდა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში 10 დღიანი ყოფნის შემდეგ მოსკოვის დამადედოვოს აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა. მარკელიების დეპორტაცია კი მოსკოვიდან სოჭში მოხდა, საიდანაც მათ სოხუმის გამოვლით მოუხდათ ზუგდიდში ჩამოსვლა. აფხაზეთში შეხვედრილ მრავალ პრობლემასთან ერთად, ნონა მარკელიამ გზად, სოხუმში მამაც დატოვა, რომლის დაბრუნებასაც აფხაზები 1000 აშშ დოლარის საფასურად ჰპირდებიან.

თენგიზ ტოგონიძე მეუღლესთან ერთად 4 წელი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, სადაც მას ავტო სარემონტო საამქრო და ავტო მაღაზია ჰქონდა. თ. ტოგონიძე ყოველწლიურად ჩამოდიოდა საქართველოში და ერთწლიან ვიზას აფორმებდა. მას რუსეთის ფედერაციაში მუდმივი რეგისტრაცია არ ჰქონია. მიმდინარე წლის ზაფხულში მან კვლავ გააკეთა ერთწლიანი ვიზა და პეტერბურგში დაბრუნდა.

7 ოქტომბერს თ. ტოგონიძესთან ბინაში მივიდნენ რუსეთის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლები და ახლომდებარე მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მხოლოდ მეათე დღეს გადაწყდა მისი დეპორტაციის საკითხი და ის სხვა ქართველ დეპორტირებულებთან ერთად ავტობუსით წაიყვანეს მოსკოვის  აეროპორტში, საიდანაც უნდა მომხდარიყო მათი თბილისში ჩამოყვანა. სამწუხაროდ, თენგიზ ტოგონიძე აეროპორტში მისვლისთანავე  გულის შეტევით გარდაიცვალა.
 
17 ოქტომბერს თ. ტოგონიძის მეუღლემ ემა ქირიამ და 86 წლის გამზრდელმა მამიდამ საინფორმაციო საშუალებებით გაიგეს მათ თავს დამტყდარი უბედურების შესახებ. გარდაცვლილის მეუღლე ე. ქირია კატეგორიულად უარყოფს თ. ტოგონიძის ასთმით დაავადების ფაქტს და აცხადებს, რომ მისი მეუღლე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მას გული გაუსკდა იმის გამო, რომ დაკარგა ყველაფერი რაც წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით იშოვა. იგივეს ამბობენ თ. ტოგონიძის ახლო ნათესავები.

ნანა ტოგონიძე (გარდაცვლილის ბიძაშვილი): „თენგიზი ჯანმრთელი იყო, უყვარდა სიცოცხლე. ის მოკლა ქართულ-რუსული ურთიერთობების  გამწვავებამ. დამცირებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ მილიციაში."

დათო კაჭარავა: „სულიერად გატყდა, ვერ აიტანა, რომ დაკარგა მთელი თავისი ნაშრომი, ფეხქვეშ გათელეს მისი ადამიანური ღირსებები“.
 
თენგიზ ტოგონიძე სენაკელი იყო და სულ ახლახანს შეუსრულდა 48 წელი.

მართალია, ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ტრაგიკულია კიდევ ერთი  რუსეთიდან დეპორტირებული ქართული ოჯახის ბედი. ამჯერად აფხაზეთიდან დევნილებს შეეხო რუსეთის მიგრაციის სამსახური.

18 ოქტომბერს, გალიდან, ენგურის მთავარი ხიდით ზუგდიდის რაიონში გადმოვიდნენ დედა-შვილი ნონა და ნანა მარკელიები. მათი ისტორია კი შემდეგნაირად განვითარდა: „მოსკოვიდან სოჭში მოხდა ჩვენი დეპორტაცია, რადგანაც ჩვენ აფხაზეთიდან ვიყავით დევნილები. სოჭიდან ჩავედით ფსოუმდე. იქ საზღვარზე დაგვხვდნენ აფხაზები, რომლებმაც შემოგვთავაზეს 15 ათას რუსული რუბლის საფასურად ენგურის ხიდამდე ჩაგიყვანთო, მათ იკისრეს ჩვენი უსფრთხოების დაცვაც. თანხა წინასწარ მივეცით. სოხუმამდე რომ ჩავედით, იქ ყველა გაგვაჩერეს, მე და ჩემი გოგონა გამოგვიშვეს ხოლო მამაჩემი დააპატიმრეს და მილიციაში წაიყვანეს. ჩვენმა გამცილებელმა, რომელიც ქალი იყო, გვითხრა, რომ მამაჩემის გათავისუფლებაში 1000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. ჩვენ ასეთი თანხა არ გვქონდა და ამიტომაც გადავწყვიტე ბავშვი მაინც წამომეყვანა სამშვიდობოს. დღეს გავყიდეთ თუ რამე გვქონდა ღირებული, მაგრამ 1000 დოლარი მაინც ვერანაირად ვერ მოვაგროვეთ. არ ვიცი რა ბედი ეწევა მამაჩემს, ცემენ იქ, აწამებენ, და საერთოდ იმაშიც არა ვარ დარწმუნებული ცოცხალს რომ ვნახავ აწი“,- აცხადებენ მარკელიები.

ნონა მარკელია იმასაც ამბობს, რომ აფხაზეთის გავლით სპეციალურად გაამგზავრეს, რადგანაც მას არ ჰქონდა აფხაზური პასპორტი და „რუსებმა იცოდნენ, რომ იქ პრობლემები შემექმნებოდა“. 

ამჟამად ნონა და ნანა მარკელიები ზუგდიდში ერთ-ერთ შორეულ ნათესავს არიან შეკედლებულნი და არ იციან ხვალ რა იქნება მათ ცხოვრებაში, აქ მათ არაფერი არა აქვთ, მოსკოვში კი ვაჭრობით გაჰქონდათ თავი.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები