კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თანხის სანაცვლოდ ინტერნატიდან ბავშვები სახლში ბრუნდებიან

24 ოქტომბერი, 2006

imereti.gifგაეროს დახმარებით უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მყოფი ბავშვები ოჯახურ გარემოში ბრუნდებიან. ამისთვის ბავშვთა მიმღებ ოჯახებს მიზერულ თანხას უხდიან. დღევანდელი მდგომარეობით, ინტერნატიდან იმერეთში სულ 218 ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვი გამოვიდა. ზოგი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, ზოგიც როგორც შვილობილი დროებით უცხო ოჯახში ცხოვრობს.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტმა იმერეთის რეგიონში ინტერნატიდან ოჯახებში დაბრუნებული ბავშვები მოინახულა და მათ პირობებს გაეცნო. რაც შეეხება თავად პროგრამას, მას თავდაპირველად, 2 წლის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი და „ევრი ჩაილდ“-ი აფინანსებდნენ, დღეს კი პროექტი სახელმწიფოს ხელშია. პროექტი 3 მიმართულებით ხორციელდება - რეინტეგრაცია, პრევენცია და შვილობილობა. რეინტეგრაცია იმ კატეგორიას ეხება, რომელიც უკვე ინტერნატში ცხოვრობს, თუმცა საკუთარ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს; პრევენცია - ვინც ინტერნეტში მოხვედრის რისკ-ჯგუფს წარმოადგენს, მაგრამ პრორგამის დახმარებით ის ინტერნატში არ უნდა მოხვდეს;      
შვილობილობა - როცა ბავშვს 18 წლის მიღწევამდე უცხო ოჯახი დროებით იშვილებს.
 
სამივე კატეგორიისთვის შექმნილია სპეციალური სოცმუშაკის ინსტიტუტი, რომლებიც ინტერნატში მცხოვრებ ბავშვებს ოჯახებს ურჩევენ და მათ მუდმივად აკონტროლებენ. პროცედურა კი ასეთია, სოცმუშაკი არჩევს ისეთ ოჯახს, რომელსაც შვილობილობა სურს. როგორც ასეთ ოჯახთან, ისე ბავშვთან მიმდინარეობს გარკვეული ტიპის მუშაობა. თუ ისინი ერთმანეთს შეეწყვნენ, ბავშვი ინტერნატიდან ამ ოჯახში გადადის საცხოვრებლად და იქ მანამ ცხოვრობს, სანამ მის საკუთარ ოჯახს შვილის მიღების საშუალება და პირობები არ გაუჩნდება.     

იმერეთში სულ 12 სკოლა ინტერნატია. ინტერნატში ბავშვთა განთავსების ძირითადი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირეა. აღნიშნული პროგრამის დახმარებით კი ოჯახურ გარემოს 218 ბავშვი დაუბრუნდა. პროგრამის საბოლოო მიზანი კი ბავშვთა სახლების დახურვა და ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდაა. 

იმერეთის რეგიონში სულ 6 სოცმუშაკი მუშაობს. როგორც სოცმუშაკთა ხელმძღვანელმა ანა კისკეიძემ გვითხრა, მათ საკმაოდ ბევრი განცხადება აქვთ, როცა ოჯახები შვილობილობას ითხოვენ: „საწყის ეტაპზე ოჯახები განცხადებით შემოდიან, შემდეგ კი მათი შესარჩევი მუშაობა იწყება. არსებობს სტანდარტები,
რომელსაც ბავშვის მიმღები ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს. მთავარია, ბავშვი ხელსაყრელ პირობებში იყოს და მისი უფლებები არ უნდა ირღვეოდეს.
დღემდე შვილობილობით 15 ბავშვი გამოვიყვანეთ ინტერნატიდან,  
რეინტეგრაციის 60 შემთხვევა გვქონდა, პრევენცია კი 143 ბავშვს შეეხო.“

რაც შეეხება ფასებს, შვილობილობის შემთხვევაში ერთ ბავშვზე მიმღები ოჯახი თვეში 125 ლარს ღებულობს, რეინტეგრაცია-პრევენციის შემთხვევაში 60 ლარს და ამას გარდა 30 დოლარის ოდენობის საკვებ პროდუქტებს. რაც შეეხება უნარშეზღუდულ ბავშვებს, მათთვის გასაცემი თანხა თვეში 220 ლარია.
 
ქუთაისში მცხოვრები რიუზან სოხაძე ერთ-ერთია, ვინც ინტერნატიდან ბავშვი შვილობილობით გამოიყვანა. რატომ გადაწყვიტა შვილობილობა, დაწვრილებით თავად გვიამბო: „იმ სკოლა-ინტერნატში პედაგოგად ვმუშაობდი, სადაც ნათია კირთაძე ცხოვრობდა. ეს ბავშვი სწავლის მხრივ საკმაოდ გამოირჩეოდა. დედამისს ეკონომიურად ძალიან უჭირდა და ბავშვი ინტერნატში ამ მიზეზით ჩააბარა. როცა შვილობილობის პროგრამას გავეცანი, მაშინვე გადავწყვიტე ამ ბავშვის წაყვანა. მასაც ძალიან გაუხარდა და როგორც საკუთარი შვილი ისე მყავს. ეხლა იმას ვფიქრობ, 18 წლის რომ გახდება, სად და როგორ იქნება. არსად გაშვება არ მინდა, ჩემთან ახლოს უნდა იყოს“.

ნათიას ჰყავს და - ხატია, რომელიც  სოფელში ბებიასთან იზრდებოდა და ნათიას შესახებ არაფერი იცოდა. ქალბატონ რიუზანის წყალობით, დები ერთმანეთს შეხვდნენ. მან ხატიაც წამოიყვანა და 3 წელია,  მასთან ცხოვრობს. პროგრამის მიხედვით, ბავშვები ამ ოჯახში მხოლოდ 18 წლამდე უნდა დარჩნენ. 
საბოლოო ჯამში ისინი საკუთარ ოჯახს უნდა დაუბრუნდნენ. როგორც ნათიამ და ხატიამ გვითხრეს, მათ დედასთან ან მამასთან ცხოვრება, რომლებიც გაყრილები არიან, არ სურთ.

„ინტერნატში დედამ წამიყვანა, ძალიან უჭირდა.  მაშინ 10 წლის ვიყავი. ძალიან გამიხარდა ამ სახლში რომ მოვხვდი. ინტერნატში ვერ ვსწავლობდი, აქ კი ძალიან კარგად ვსწავლობ. ოჯახში ცხოვრება კარგია. დედ-მამასთან დაბრუნება არ მინდა. მათ პირობები რომ ჰქონდეთ, მაინც არ დავბრუნდები,“ - გვითხრა ნათიამ. იგივე გაიმეორა ხატიამაც.

ბავშვების მიმღები ოჯახის თხოვნაა, ნათიასთვის და ხატიასთვის  სახელმწიფომ ჯანმრთელობის პოლისები გამოყოს და ოჯახს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები დაუწესოს. გარდა ამისა, მათ კიდევ ერთი პრობლემა აქვთ, რომელიც ბავშვებისთვის გამოყოფილი თანხებს ეხება. კერძოდ, ვერ გაუგიათ, თანხა როდის ეკუთვნით - თვის დასაწყისში, შუა რიცხვებში თუ თვის ბოლოს.

რაც შეეხება რეინტეგრაციას, ამის ერთ-ერთი მაგალითი სოფელ ეწერში მოხდა, როცა საკუთარ ოჯახს 3 შვილი დაუბრუნდა. ისინი არიან 14 წლია ნათია, 13 წლის ია და 10  წლის თათია რევიშვილები. ეკონომიური მდგომარეობის გამო ოჯახი იძულებული გახდა, ბავშვები ინტერნატში ჩაებარებინათ. 3 თვეა, ისინი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდნენ. როგორც ნათიამ გვითხრა, მას ოჯახური გარემო ძალიან მოსწონს: „9 წლის ვიყავი ინტერნეტში რომ წამიყვანეს. დედა ავად მყავდა და ოჯახს საშუალება არ ჰქონდა. იქ სამივე და ჩაგვაბარეს, უმცროსი ძმა გიგა კი სახლში იყო. იცით რა კარგია სახლში?“

ყველაზე უმცროსმა 9 წლის გიგამ კი გვითხრა, რომ მას დებთან ერთად უნდოდა, მაგრამ მამამ ინტერნატში არ წაიყვანა. ის შემდეგი სიტყვებით დაგვემშვიდობა: „იცი, საჭმელს ხშირად ვჭამ და არ მშია“. აღნიშნული ოჯახი კი საკუთარი შვილების გამოსაკვებად პროექტის ფარგლებში ყოველ თვე 180 ლარს ღებულობს.  

ეკა გულუა

ახალი ამბები