კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაისჯებიან თუ არა ექიმები?

30 ოქტომბერი, 2006

doctor.gifმიმდინარე წელს, ხობის რაიონში ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ექიმების გულგრილობასა და არაკომპეტენტურობას. მაისის ბოლოს, 24 წლის ლაშა დანელია გარდაიცვალა, ხოლო 22 ოქტომბერს 9 წლის ნათია კერესელიძე. შეიძლება ითქვას, რომ ლაშა დანელიას სიკვდილში დამნაშავე ექიმები დასჯილები არიან, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით ნათია კერესელიძის შემთხვევაზე. 

ლაშა დანელია 28 აპრილს მიიყვანეს ფოთის ცენტრალურ კლინიკაში შემდეგი დიაგნოზით: შემავალი ტრამვა თვალბუდის არეში. ახალგაზრდა კაცს ბამბუკი მოხვდა თვალში. დანელიას მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა, მაგრამ ექიმები ოჯახს ამშვიდებდნენ, საგანგაშო არაფერიაო. მას ექიმმა კაპლანმა ასეთი დიაგნოზი დაუსვა: სამწვერა ნერვის პაროქსიზმული ნევრალგია. ნახეს რა, რომ ვითარება სულ უფრო უნუგეშო ხდებოდა, დანელიას ჭირისუფალმა ავადმყოფი ქუთაისის  ალ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. მართალია, აქ ავადმყოფს ყველანაირი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი დაგვიანებული იყო.

ლ.დანელია 22 მაისს უკვე თბილისში მყოფი კომაში ჩავარდა, ექიმებს მისი გადარჩენის არანაირი შანსი აღარ ჰქონდათ. ოჯახმა ავადმყოფი სახლში წამოიყვანა და ორ დღეში ის გარდაიცვალა. გარდაცვალებიდანვე ეძებს ლაშა დანელიას ოჯახი სიმართლეს – ისინი ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ არის დამნაშავე მათი შვილის სიკვდილში.

ამ საქმით დაინტერესდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. 24 აგვისტოს დანელიებმა მიიღეს ამ სააგენტოს დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლ. დანელიას მკურნალობაში მონაწილე ფოთელ  ექიმთაგან ბელა კაპლანსა და მანანა ოდიშარიას არ ჰქონდათ სერთიფიკატები საექიმო სპეციალობაში – ნევრალგია და შესაბამისად, მათი საექიმო საქმიანობა ამ მიმართულებით იყო უკანონო. დასკვნაში მითითებულია ის შეცდომებიც, რომლებიც ფოთის კლინიკაში დაუშვეს ექიმებმა - ავადმყოფს არ ჩაუტარეს თვალბუდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, არც  ციტოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარებიათ. უკვე ქუთაისის კლინიკაში აღიარეს შეცდომად კაპლანის დიაგნოზიც.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების  სააგენტოს უფროსის გ. თვალავაძის მიერ დანელიების ოჯახისათვის გამოგზავნილ დასკვნაში არის პროფესორების - დვალისა და ინგოროყვას ანალიზი მომხდარ ფაქტზე. მათ მიაჩნიათ, რომ ცომაიამ, დანელიას მკურნალმა ექიმმა და ასევე კაპლანმა, შურღაიამ, ოდიშარიამ, ყველაფერი ზუსტად ავადმყოფობის სურათის შესაბამისად გააკეთეს. თუმცა, სააგენტომ სულ სხვა დასკვნები გამოიტანა ამ ფაქტიდან - საყვედურები გამოეცხადათ ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ექიმებს სიგუასა და აბაშიას, ხოლო ცომაიას, კაპლანსა და შურღაიას შეუწყდათ უფლებამოსილება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლაშა დანელიას გარდაცვალების ფაქტზე.
 
22 ოქტომბერს ჯანდაცვის სპეციალურმა კომისიამ იმსჯელა გაფართოებულ კომისიაზე და  ექიმ-ოფთალმოლოგ ლეილა ცომაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთჩამოთვლილ ექიმთა პასუხისმგებლობის საკითხი საკმაოდ სერიოზულად იდგა, ისინი განაგრძობდნენ თავიანთ სამედიცინო საქმიანობას. კლინიკის მთავარი ექიმი მარინა ებრალიძე აცხადებდა, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ დადგენილების ოქმის ასლი სამინისტროდან. 
 
რაც შეეხება 9 წლის ნათია კერესელიძის გარდაცვალების ფაქტს, ის მკურნალობდა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ექიმ დავით მაჭარაძესათან. გოგონას მამის, კახა კერესელიძის თქმით, ექიმი მათ ამშვიდებდა, რომ არაფერი საგანგაშო გოგონას არ სჭირს და გამოუწერა მედიკამენტები და სახლში გაუშვა. მკურნალობიდან მეხუთე დღეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა და ის კვლავ იმავე კლინიკაში მიიყვანეს. გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 23 ოქტომბერს, ჩატარდა გარდაცვლილის სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ნათია კერესელიძეს ფარული ანთება ჰქონდა, რაც მათი აზრით, გახდა კიდეც სიკვდილის მიზეზი.

ოჯახის წევრები - მამა, ბებია, მამიდები კატეგორიულად არ ეთანხმებიან დასკვნას და უახლოეს დღეებში სასამართლოში სარჩელს შეიტანენ ექიმ დ. მაჭარაძის წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში, გარდაცვლილთა ახლობლები აცხადებენ, რომ ასეთი ექიმები მარტო იმიტომ უნდა დაისაჯონ, რათა კიდევ სხვა ადამიანთა სიცოცხლე არ დააყენონ საფრთხის ქვეშ. ნათია კერსელიძის საქმეს კომპეტენტური კომისია სწავლობს, მაგრამ ოჯახს მათი არ სჯერა და ამბობენ „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო”.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები