კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სურსათი შრომის სანაცვლოდ

2 ნოემბერი, 2006

imereti_glexebi.gifსოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად საქართველოში სპეციალური პროგრამა „სურსათი შრომის სანაცვლოდ“ ამოქმედდა. მის მიხედვით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დაუსაქმებელია, გარკვეულ სამუშაოზე ასაქმებენ, თუმცა ანაზღაურება ნატურის სახით ხდება. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოსთვის გადახდილ დღიურ რაციონს, ეს არის ერთ ადამიანზე დღეში 2,2 კილო ფქვილი, 120 გრამი ზეთი და 120 გრამი შაქარი.

აღნიშნული პროექტი გაეროს მხარდაჭერით ხორციელდება და სამუშაოს ტიპსა და დღიურ რაციონსაც სწორედ ის განსაზღვრავს. როგორც გაეროში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიზანია, დაეხმაროს გლეხობას აღადგინონ სასოფლო-სამეურნეო და სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტი საქართველოს შვიდ რეგიონში ხორციელდება - კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და აფხაზეთი. პროექტში მონაწილე მოსახლეობის შერჩევა კი საკუთარი სურვილით ხდება. ადგილობრივები ეცნობიან ინფორმაციას და ამის შემდეგ ყრილობა ირჩევს ჯგუფს, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას წარმოადგენს. გაეროს სტანდარტებით, პროექტში მონაწილე ძირითადი კატეგორიაა: მცირემიწიანი გლეხები, ქალები, ღატაკები და საშუალო კლასი.

რაც შეეხება სამუშაოს ტიპებს, ეს შეიძლება იყოს სადრენაჟე და საირიგაციო არხების გაწმენდა და აღდგენა, სახნავ-სათესი მიწების დამუშავება, სასოფლო გზების აღდგენა, საცალფეხო ხიდების შეკეთება, ნაპირსამაგრი ნაგებობები, სასმელი წყლის სისტემები და სხვა მრავალი.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“  იმერეთის რაიონის ის სოფლები მოიარა, სადაც მოსახლეობა ნატურით ანაზაურებაზე თანახმაა. ერთ-ერთი ასეთი ხონის რაიონის სოფელი ივანდიდია. ადგილობრივები ამ ეტაპისთვის ამორტიზირებული ჩაის პლანტაციების ამოძირკვაზე მუშაობენ და კმაყოფილებიც არიან, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილებს შრომის სანაცვლოდ სურსათის მიღების წყარო გაუჩნდათ.

მართალია, მათ მსგავსი პრაქტიკა არასდროს ჰქონიათ, თუმცა როგორც თავად გვითხრეს, შეთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმდნენ.

მარი კუპრეიშვილი, ივანდიდის მაცხოვრებელი: „ჩაის პლანტაციების ამოძირკვა განსაკუთრებით რთული სამუშაო არ არის, რადგან ძირითად სამუშაოს ტრაქტორი ასრულებს. ის ფესვებს ყრის ჩვენ კი მიწაში დარჩენილი ფესვები ამოგვაქვს და გარდა ამისა, ფართობს მთლიანად ვასუფთავებთ. სხვა რა უნდა გვექნა. ჩვენს სოფელში დასაქმების არანიარი ალტერნატიული საშუალება არ არსებობს. ამიტომაც, სოფელი ნელ-ნელა იცლება. ვისაც წასასვლელი აქვს, მიდის, ვისაც არა, იძულებულია, თავი როგორმე გაიტანოს.
ჩვენს სოფელში ფული არ არსებობს. რომ დაგჭირდეთ, თანხას ვერ იშოვით. ძირითადად ნატურალურ მეურნეობაზე ვართ დამოკიდებული და ნატურით ანაზღაურებასაც ამიტომაც დავთანხმდით. ფქვილი, შაქარი და ზეთი ის აუცილებელი პროდუქტია, რომელიც ოჯახში ყველას გვჭირდება. ის მაინც უნდა ვიყიდოთ და უკეთესი არ არის, თუ შრომის სანაცვლოდ დაგვირიგებენ“.

ნატურით ანაზღაურებას იგივე მიზეზით დასთანხმდა ციცო ავალიანიც. მასი აზრით, კარგი იქნება, ამოძირკული პლანტაციების ადგილი დამუშავდეს და სიმინდი ან ხორბალი დაითესოს: „არანაირი სამუშაო არ გვაქვს. მთელი სოფელი დაუსაქმებელია და რა უნდა გვექნა. შემოგვთავაზეს და ჩვენც დავთანხმდით. ადრე ამ პლანტაციებს ვკრეფდით და ის გვარჩენდა ეხლა კი ვანადგურებთ. არ მგონია, პირველ წელს, ამ მიწაზე მოსავალი მოვიდეს, რადგან მას სერიოზული დამუშავება სჭირდება. როგორც გვითხრეს, ამ მიწას ჩვენ გაგვინაწილებენ და ალბათ ხორბალს, სიმინდს ან კარტოფილს დავთესავთ. მსგავს სამსახურში არასდროს მიმუშავია, სადაც თანხის ნაცვლად პროდუქტებს არიგებენ. საერთოდაც, რაც კოლმეურნეობა წავიდა დასაქმებული არც ვყოფილვართ. ყველანაირ ანაზღაურებაზე თანახმა ვართ, ტყუილად ყოფნას შრომა მაინც სჯობს.“

როგორც გაეროს პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გოჩა დემეტრაძემ გვითხრა, ის პლანტაციები სუფთავდება, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში არ მოკრეფილა და ეკალ-ბარდებით იყო დაფარული: „ეს ფართობი დღემდე თემის საკუთრება იყო. ჩვენ კი გამგეობასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და პლანტაციების ამორტიზების შემდეგ მიწა მცირემიწან გლეხებს უპირატესი შესყიდვის უფლებით გადაეცემათ. მთლიანობაში საუბარია 10 ჰექტარზე. რომელიც 200 ოჯახს უნდა გაუნაწილდეს. ნატურის გაცემა გამომუშავებული საათების მიხედვითაა.
მთლიანობაში, 10 ჰექტარი ტერიტორია უნდა გასუფთავდეს.“

მართალია, მოსახლეობას მუდმივი ხელფასი და სამსახური ურჩევნია, თუმცა სხვა ალტერნატივა რომ არ არსებობს, თანხის სანაცვლოდ სურსათზეც თანახმანი არიან. თუმცა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის შრომის სურსათით ანაზღაურება კატეგორიულად მიუღებელია.  „ბუნებრივია, გვირჩევნია მუდმივი სამსახური გვქონდეს და არა სეზონური. ისე, არ მგონია სწორი იყოს, როცა 21-ე საუკუნეში ადამიანებს ამუშავებენ და შრომის სანაცვლოდ პროდუქტებს ურიგებენ. გვირჩევნია თანხა მოგვცენ და შაქარი იქნება, ფქვილი თუ ზეთი, საჭიროებისამებრ თავად ვიყიდით“, - გვითხრა პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ.   

ეკა გულუა

ახალი ამბები