კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალს სამართალდამცავები არღვევენ

2 ნოემბერი, 2006

patrol.jpgქურდობის ბრალდებით ორ თვიან წინასწარ პატიმრობას თამაზ ბერიძე და დურმიშხან ინასარიძე წერა-კითხვის უცოდინარი და გონებრივად ჩამორჩენილი მოწმის ჩვენების საფუძველზე იხდიან. 
„ქ.ახალციხეში ზარზმელის ქუჩის ერთ-ერთი ბინიდან მინი ტრაქტორი, სოფელ „ანდაში“ ორი ტონა კარტოფილი, სოფელ „ანდრიაწმინდაში“ დეკეული და ახალციხეში „ელექტრონიკის“ ფირმის ძრავიანი და „ურალის“ მარკის ძრავიანი ხერხი მოიპარეს. ქურდობები 2005 - 2006 წლებში იქნა ჩადენილი. პოლიციელებმა ეჭვმიტანილები დააკავეს”, - ყვება დაკავებულების ადვოკატი კახაბერ ასპანიძე.

ახალციხის შს. რაიონულ განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ქურდობაზე გამოძიება მიმდინარეობს. „მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 177-ე მუხლის მე-2, მე-3 მე-4 ნაწილით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობაზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა გამომძიებელმა გოჩა ჯეირანაშვილმა.

17 ოქტომბერს პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილები ახალციხის რაიონის მკვიდრები თამაზ ბერიძე, დურმიშხან ინასარიძე და არტურ ნახაპეტიანი დააკავა.

არტურ ნახაპეტიანი დაკავების ფაქტს ასე იგონებს: „მე სოფელ ანდაში სახლში ვიყავი. ამოვიდნენ პოლიციელები, „ჩაიცვი წამოდი, საქმე გვაქვსო“, - მითხრეს. რა საქმე თქო? ვიკითხე. „წამოდი, საქმე გვაქვსო“, - გამიმეორეს. ჩამაჯინეს მანქანაში და იქაც მითხრეს „წამოხვალ მილიციაში და იქ გაიმეორებ ყველაფერს, როგორ მოხდაო“, მე ვკითხე -  რა მოხდა, რა გავიმეორე თქო? თურმე სოფელში „დრუჟბა“ და ტრაქტორი დაიკარგა და მე მაბრალებდნენ. ჩამოვედით მილიციაში. ქურდობას გვაბრალებდნენ მე, თაზოსა და კიდე გოჩასა (გვარებს ვერ იგონებს). მილიციაში მითხრეს „დროზე თქვი ყველაფერიო“, უთხარი, ვერაფერს ვერ ვიტყვი მეთქი, „თქვი თორემ ჩაგაგდებთ კამერაშიო“. პოლიციელები ფურცელში რაღაცას წერდნენ. მერე მითხრეს „ხელი მოაწერეო“. მე მარტო ჩემი სახელისა და გვარის დაწერა ვიცი და ხელიც მოვაწერე.“

როგორც ნახაპეტიანი მოგვითხრობს, ამი შემდეგ პოლიციელებმა ახალციხის ერთ-ერთ დასახლებში წაიყვანეს და აიძულეს, ხელი გაეშვირა იმ ადგილისაკენ, საიდანაც ზემოთხსენებული ნივთები მოიპარეს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრნენ.  „შემეშინდა და ხელი გავიშვირე. როცა ხელი გავიშვირე სურათიც გადამიღეს და ისევ ხელი მომაწერინეს. მერე ანდრიაწმინდაში ამიყვანეს დიდ ბოსელთან, იქაც დამაძალეს ხელი გამეშვირა და სურათი ისევ გადამიღეს. ანდრიაწმინდიდან მეორე სოფელში ანდაში ამიყვანეს, იქაც სურათი გადამიღეს და ხელი მომაწერინეს. სამი დღე კამერაში ჩამადგეს, მარტო წყალს მასმევდნენ. პურიც არ მიჭამია. მერე სახლში გამიშვეს", - ყვება 26 წლის არტურ ნახაპეტიანი.

ქურდობაში ეჭვმიტანილ თამაზ ბერიძესა და დურმიშხან ინასარიძეს დაკავების შემდეგ სასამართლო ჩაუტარდათ. ორთვიან წინასწარ პატიმრობას ისინი თბილისში ციხეზე იხდიან. მათი ადვოკატი სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ უკანონობაზე აკეთებს აქცენტს.
 
„მე ორი პიროვნების თამაზი ბერიძისა და დურმიშხან ინასარიძის ინტერესებს ვიცავ. ეს პატიმრები უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. არანაირი დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ. არსებობს მოწმე, რომელიც თითქოსდა მათთან ერთად ჩადიოდა ამ ქურდობებს. ეს არის არტურ ნახაპეტიანი, რომელიც თვითონაც ამბობს, რომ მას არაფერი არ მოუპარავს და პოლიციელებმა ის დაშინეს. თამაზ ბერიძე და დურმიშხან ინასარიძეც დაკავებულები ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე არიან. არადა, ნორმალურ ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანის ჩვენებაზე უდანაშაულო პიროვნებების დაკავება არ უნდა ხდებოდეს“, -აცხადებს დაკავებულების ადვოკატი.

ამასთან ადვოკატი იშველიებს ცნობას, რომელიც შს რაიგანყოფილებას ახალციხის დამხმარე სკოლა ინტერნატმა გადასცა, წერია - „არტურ პარუსის ძე ნახაპეტიანს დაბადებულს 1980 წ. მცხოვრებს ქ. ახალციხეში ჟდანოვის ქ N 49 (ახლანდელი ბაგინაშვილის ქ N 34) მასზედ, რომ იგი ნამდვილად სწავლობდა ქ. ახალციხის 7 სკოლა -პანსიონში (ყოფილი დამხმარე სკოლა - ინტერნატი) 1989 -97 წლებში. არტურ პარუსის ძე ნახაპეტიანის დიაგნოზი იყო გონებრივი ჩამორჩენილობა დებილობის სახით“.

ხოლო არტურ ნახაპეტიანის გამოკვლევის რუკაში, ახალციხის მედიკო -პედაგოგიური კომისიის მიერ ჩატარებულ შემოწმებაში წერია, - „არტურ ნახაპეტიანმა არ იცის წერა კითხვაც, მეტყველებს ქართულად, მაგრამ აქვს ღარიბი ლექსიკა. აღიქვამს საგნებს, მაგრამ უჭირს განზოგადება“.
არტურ ნახაპეტიანი სოფელ ანდაში ცოლთან და სიმამრთან ერთად ცხოვრობს. პოლიციის მხრიდან ის არა მარტო ზეწოლაზე არამედ თანხის გამოძავლის თაობაზეც საუბრობს.

„როცა მილიციიდან გამომიშვეს, მითხრეს ერთ თვეში ხუთას ლარს მოიტანო. მერე ერთი ახალგაზრდა ბიჭი იდგა იქ და მან მითხრა, მე 200 ლარს მომიტანო. არაფერი ფული არ მაქვს. ნახირში, ცხვარში დავდივარ. ამხელა ფული საიდან უნდა შევაგროვო არ ვიცი. ის პოლიციელები ვინ არიან არ ვიცი, მაგრამ სახეზე კი ყველას ვიცნობ“, - ამბობს არტურ ნახაპეტიანი. 

დაკავებულების ადვოკატი აცხადებს რომ ნივთმტკიცებებიც რომლებზეც პოლიცია საუბრობს სინამდვილეში არ არსებობს.
 
„დაკავებულის დურმიშხან ინასარიძისაგან სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულია ძრავიანი ხერხი როგორც ნივთმტკიცება. რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მამამისს უკან დაუბრუნეს, რადგან სამხილ მასალად არ გამოდგა. თამაზ ბერიძის სახლიდან ხელის მინი ტრაქტორი და ძრავიანი ხერხის რაღაც ნაწილები ამოიღეს. საქმეში არსებობს მოწმე, რომელმაც ეს ნაწილები თამაზ ბერიძეს აჩუქა. ამ მოწმის ჩვენება კი საქმეში გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება საქმეს, იგი მე არც გამაცნეს, მოტივით - შენ ვის უფლებებსაც იცავ ისინი ჩვენთან არ თანამშრომლობენ და, შესაბამისად, არც ჩვენ ვითანამშრომლებთ შენთანო. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ამ უდანაშაულო ადამიანების სიმართლე დადგინდეს, სამართალდამცავები სამართალს თავად არღვევენ“, - აცხადებს კახაბერ ასპანიძე.

სიმართლის დადგენის მოლოდინში არა მარტო დაკავებულების ადვოკატი, არამედ არტურ ნახაპეტიანიცაა, რომელსაც თავის ყოველდღიური სამ ლარიანი შემოსავლით პოლიციელების მიერ დაკისრებული ხუთასი ლარის გადახდა არანაირად არ შეუძლია.

გულო კოხოძე, ახალციხე.

ახალი ამბები