კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარტოხელა მოხუცს სასამართლომ რვა ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

8 ნოემბერი, 2006

martoxela.gif77 წლის მარტოხელა ჟერმენ ბეგიაშვილი ახმეტელის ქუჩის #5-ში ცხოვრობს. 2003 წლის გაზაფხულზე მან ბინა მედეა ბერიძის შვილს უანდერძა, თუმცა მოგვიანებით ანდერძი შეცვალა. ყოფილმა მემკვიდრემ კი სასამართლოში უჩივლა და ხარჯის, 8 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დააკმაყოფილა. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ სასამართლო უწყება მათ არ მისვლიათ. ბეგიაშვილი თვლის, რომ მედეა ბერიძის მოთხოვნა და სასამართლოც არასამართლიანია მის მიმართ.

ჟერმენ ბეგიაშვილი ანდერძის შეცვლის მიზეზად ბერიძისგან უყურადღებობას ასახელებს: „მედეა აღარ მოდიოდა და თვითონ შევეხმიანე. დედამისმა მითხრა, ჯული, ჩვენ შენი ბინა არ გვინდა, ოღონდ შენ კარგად იყავიო. მან თვითონ მიმატოვა, ამიტომ ანდერძი შევცვალე და ბორია სამსონაძეზე გავაფორმე”.

ამის შემდეგ, მას ყოფილმა მარჩენალმა სასამართლოში უჩივლა და ზიანის ანაზღაურებისთვის მისგან 8 ათასი დოლარი მოითხოვა.

ბეგიაშვილი სარჩელში მითითებულ ფაქტების უზუსტობებზე საუბრობს: „ევრორემონტიან ბინაში პარკეტი ამოცვენილი, ან საპირფარეშო დანგრეული უნდა იყოს, ცხელი წყალი არ უნდა მქონოდა? არც ის არის მართალი, რომ სამი წელი მივლიდა. ანდერძის გაფორმებიდან გაუქმებამდე 2 წელიც არ არის. დივანი სავარძლებით მას არ უყიდია, მხოლოდ გადასაკვრელი და „ბუბკა“ გამოუცვალა. თითქოს ახალი ტელევიზორი რომ მომიტანეს, ისიც ახალი არ ყოფილა, როცა მოიტანეს. პროდუქტი კვირაში ორჯერ თუ მოჰქონდა, თან სხვას ატანდა. კიდევ თითქოს 100 ლარს მიტოვებდა, ასე აცხადებს. თანხა რაში უნდა დამეხარჯა? 8 ათასი დოლარი ხომ უნდა აათავოს ჯამში, ამიტომაც ტყუის. არც 40 ლარის გადასახადების გადახდა უწევდა ყოველთვიურად”.

ამჟამინდელ მემკვიდრეს ბორია სამსონაძემ არქივიდან გადახდილი ქვითრები ამოაღებინა, რომლის მიხედვითაც, არც ერთ თვეს ბერიძეს 40 ლარი გადასახადებში გადახდილი არ აქვს.

ბეგიაშვილი არც იმას უარყოფს, რაც ყოფილმა მემკვიდრემ მის ბინაში გააკეთა: „ოთახის მწვანე ფერი არ მომწონდა, რადგან ყვავილები მაქვს და წითლად გადაღებვა ვთხოვე. სხვა ყველაფერი თავისი სურვილით გააკეთეს, მე უარს ვერ ვეუბნებოდი, რადგან ბინას მათ ვუტოვებდი და ვფიქრობდი, რომ უხარიათ და როგორც უნდა ისე გააკეთონ-მეთქი. ყოფილი სამზარეულოდან წყლის ონკანი და ნიჟარა აივანზე გადაიტანეს, ამოაშენეს და სამზარეულოდ გადააკეთეს. ჩეხური სამზარეულო მქონდა, ის წაიღო და თავისი მოიტანა. ჩემი მაცივარი დიდი იყო და არ დაეტია. შემდეგ მან ეს პატარა მოიტანა. მართალია, ძველი იყო, მაგრამ კარგად მუშაობდა. ჩემი ავეჯი წაიღო და თავისი მოიტანა. ჩვენ შესაგეგებელი სარჩელი დავაყენეთ მათი დაბრუნებისთვის, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბერიძე თავის ნივთებს აფასებს, ხოლო ჩემებს, რომელიც წაიღო - არა”.

სარემონტო სამუშაოების შესაფასებლად სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა. ექსპერტიზის მიხედვით, ხარჯთაღრიცხვა ბერიძის მიერ მითითებული სამუშაოებისა 2609 ლარადაა შეფასებული, ხოლო ბეგიაშვილისა - 1753 ლარად.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან საუბარისას მედეა ბერიძე ვერ იხსენებს, თუ კონკრეტულად რამდენს ითხოვს ყოფილი სარჩენისგან და ვერც იმას, უხდიდა თუ არა სარჩენ ბეგიაშვილს ყოველთვიურად 100 ლარს, რაც სარჩელშია დაფიქსირებული: „მე იმ თანხას ვითხოვ, რასაც სასამართლო დაავალდებულებს. აფიორას როლს არ ვთამაშობ, თვითონაც აღიარებს, რომ რემონტი გავუკეთე. დედ-მამასთან ვცხოვრობ, იმ პერიოდში ცოტა თანხა მქონდა შეგროვილი, ბინას ვყიდულობდი, მაგრამ ის თანხაც მას დავახარჯე”.

ბერიძის წარმომადგენლის გოდერძი გორაძის განცხადებით, საჩივარი, რომლის მიხედვით, ჟერმენ ბეგიაშვილისგან 8 ათასი დოლარს ითხოვენ, ერთობლივად შეადგინეს. თუ რითი ხელმძღვანელობდნენ ზარალის დათვლისას, გორაძე აღნიშნავს: „ჩვენ ამოვედით საშუალო სტატისტიკური მონაცემებიდან, რაც ბერიძეს ამ დროის განმავლობაში დაეხარჯებოდა. შეიძლება თანხობრივად უფრო მეტიც ყოფილიყო, მაგრამ მტკიცებულებები მეტი არ გვქონდა, ამიტომ 8 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი მივიჩნიეთ გონივრულად” (ადვოკატი გორაძე გულისხმობს სარჩენი ბეგიაშვილის მოვლა-პატრონობაზე დახარჯულ თანხებს).

თუმცა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მარჩენალსა და სარჩენს შორის წერილობით დადებული არ ყოფილა. ამ შემთხვევაში კი სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება.  

18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ჟერმენ ბეგიაშვილს მედეა ბერიძის სასარგებლოდ 8 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ბეგიაშვილის წარმომადგენელი კოტე ნემსიწვერაძე აცხადებს, რომ მოსამართლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა: „პროცესის იმ დღეს დანიშვნის შესახებ არ ვიცოდით, უწყება არ ჩაგვბარებია”.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე საწინააღმდეგოს აცხადებს. იმის გამო, რომ მოსამართლე ამჟამად შვებულებაშია და თანაშემწე ლელა გორგოშაძემაც უარი გვითხრა, ვერ გადავამოწმეთ არსებობს თუ არა საქმეში მოპასუხეს მხრიდან ხელმოწერილი უწყება. ჟერმენ ბეგიაშვილი, ამჟამინდელი მემკვიდრე ბორია სამსონაძე და მათი ადვოკატი უარყოფენ უწყების მიღებას.

ჟერმენ ბეგიაშვილი სასამართლოს არაობიექტურობაზეც საუბრობს. „მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ საშუალება არ მომცა მეთქვა ჩემი ვერსია მომხდარის თაობაზე. ქართულს კარგად არ ვფლობ და არც თარჯიმანი მყავდა პროცესზე, მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო და შემდეგ გაიყვანეს”.

რაც შეეხება დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის განცხადებით, „თუ სასამართლოს პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება”.

ამჟამად, ჟერმენ ბეგიაშვილის ბინა დაყადაღებულია და ხარჯების ანაზღაურების სახით, 8 ათასი დოლარის გადახდას ითხოვენ მისგან. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, თუმცა სარჩელი ჯერ მოსამართლეს არ განუხილავს. დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ჟერმენ ბეგიაშვილის სარჩელს და გააუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, მოსამართლის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები