კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „თრიალეთმა“ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა

14 ნოემბერი, 2006

trialeti.gifშიდა ქართლის ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურმა მაუწყებლობა შეწყვიტა. საინფორმაციო გამოშვება „ანარეკლი“ გასული კვირის პარასკევიდან აღარ მუშაობს. როგორც საინფორმაციო სამსახურის  უფროსის დროებით შემსრულებელმა ნინო ჩიბჩიურმა პირდაპირ ეთერში ოფიციალურად განაცხადა, „ანარეკლი“ გაურკვეველი ვადით წყვეტს მუშაობას.

როგორც „თრიალეთის“ თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ წარმომადგენელთან საუბარში აცხადებენ, მათთვის ჯერ-ჯერობით უცნობია საინფორმაციო სამსახურის დახურვის მიზეზი. თუმცა როგორც ტელევიზიის დაცვის სამსახურის წევრები ირწმუნებიან, „ანარეკლის“ მუშაობის შეწყვეტა დროებით მოხდა. ჟურნალისტები და ოპერატორები ამჯერად უფასო შვებულებაში საკუთარ სახლებში გაუშვეს. სხვა დეტალებზე „თრიალეთის“ თანამშრომლები ოფიციალურად არ საუბრობენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ შპს „თრიალეთის“ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ბადრი ნანეტაშვილმა თათბირზე თანამშრომლებს განუცხადა, რომ დაგროვებული დავალიანებების გამო იძულებულია მუშაობა შეწყვიტოს და არ არის გამორიცხული ყოფილმა პარლამენტარმა საკუთარი კომპანია გაყიდოს. როგორც ნანეტაშვილს ჟურნალისტებისთვის უთქვამს, კომპანიას დიდძალი დავალიანება დაუგროვდა და შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში მუშაობა.

„თრიალეთის“ თანამშრომლები წელს უკვე მეორედ გაუშვეს უფასო შვებულებაში. თავდაპირველად ეს მოხდა 2006 წლის აგვისტოში. ორთვიანი „დასვენების“ შემდეგ 1 ოქტომბერს საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა განაახლა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფინანსურმა კრიზისმა ტელეკომპანია იძულებული გახადა მუშაობა კვლავ შეეწყვიტა.

როგორც ცნობილია, „თრიალეთის“ დამფუძნებლის და მფლობელის ბადრი ნანეტაშვილის წინააღმდეგ ყოფილმა ჟურნალისტებმა 2005 წლის 5 სექტემბერს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას და ფინანსურ პოლიციას საჩივრით მიმართეს, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ „თრიალეთში“ მფლობელი ჟურნალისტებს ყოველგვარი ხელფასისა და ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა. ბადრი ნანეტაშვილი იმ ეტაპზე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. ყოფილი ჟურნალისტები სამართალდამცავთა მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის შედეგად იძულებული გახდნენ, 2006 წლის მარტში სახალხო დამცველისთვის მიემართათ. სახალხო დამცველმა ყოფილი ჟურნალისტების საჩივრები შეიწავლა და დაადგინა, რომ ჟურნალისტების უფლებები მართლაც ირღვეოდა „თრიალეთში“. სოზარ სუბარმა საკუთარი დასკვნა საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა, რაც 2006 წლის 21 ივნისს პარლამენტიდან ბადრი ნანეტაშვილის გაძევების საფუძველი გახდა.

პარლამენტის გადაწყვეტილება ბადრი ნანეტაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა ნანეტაშვილი საჩივარი წარმოებაში მიიღო, თუმცა პროცესი ჯერ არ დამთავრებულა.

რაც შეეხება გაზეთ „თრიალეთს“, როგორც მისი თანამშრომლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ბადრი ნანეტაშვილმა გაზეთი გაზეთის ჟურნალისტებს გადააბარა. „თუ თქვენ თვითონ შეინახავთ გაზეთს, თქვენვე მოუარეთო“, – განაცხადა ნანეტაშვილმა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები