კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანებით მოვაჭრეთა ჯგუფები აქტიურდებიან

16 ნოემბერი, 2006

trafficking.gifტრეფიკერები აზერბაიჯანსა და საქართველოს ადამიანების ყიდვა-გაყიდვის ძირითად სატრანზიტო ტრასად იყენებენ. თუმცა, ამავე რეგიონის ქვეყნების მაცხოვრებლებიც ხშირად ხდებიან დამნაშავეების ხელში. 231 გაყიდული გოგონა, 58 დაპატიმრებული ტრეფიკერი და გამოვლენილი 14 ორგანიზებული ჯგუფი  - ასეთია ერთი წლის არასრული სტატისტიკა აზერბაიჯანში.     

აზერბაიჯანში ტრეფიკინგის პრობლემასთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ემიგრანტების იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი აზერბაიჯანში, ალოვსატ ალიევი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, „კავკასიაში აზერბაიჯანს, ძირითადად, სატრანზიტო ტრასად იყენებენ. პოტენციური მსხვერპლნი კი უფრო შუა აზიიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან და მოლდავეთიდან შემოჰყავთ. მათ გადმოსაყვანად კი ნახჭევანის ტერიტორიას იყენებენ. თვითმფრინავები ნახჭევანში ეშვებიან და შემდეგ იქიდან თურქეთსა და ირანში გადიან. ბოლო დროს აზერბაიჯანი ტრანზიტული ქვეყანა პაკისტანისთვისაც გახდა.“

ჟურნალისტი:  რადგან ადამიანებით მოვაჭრეებს გოგონები საჰაერო გზით შემოჰყავთ და გაჰყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არალეგალურად არ მოძრაობენ და საბუთები წესრიგში აქვთ?

ა.ა: გოგონები აზერბაიჯანში მოწესრიგებული საბუთებითა და ვიზებით შემოჰყავთ. ამ ყველაფერს დანაშაულებრივი ჯგუფები უკეთებენ ორგანიზებას. ისინი ისეთ საბუთებს ამზადებენ, სადაც ჩანს, რომ ეს გოგონები ერთ წელზე მეტია, აზერბაიჯანში ცხოვრობენ. შესაბამისად, მესამე ქვეყანაში გადასაყვანად მათთვის ვიზებსაც ადვილად ახერხებენ. ადრე აზერბაიჯანიდან გასაყიდი გოგონები ძირითადად დუბაიში გაჰყავდათ, ბოლო დროს კი უმრავლესობა პაკისტანში, თურქეთსა და ირანში გადის.

„ჟ“:აზერბაიჯანში მხოლოდ ადგილობრივი ტრეფიკერები მუშაობენ თუ სხვა ქვეყნებიდანაც არიან?

ა.ა: ამ დანაშაულში ფიგურირებენ როგორც აზერბაიჯანის, ისე სხვა ეროვნების მოქალაქეებიც, მაგალითად, რუსები და თურქები. მათ ფუნქციებიც გადანაწილებული აქვთ. ერთი ჯგუფი (ვთქვათ, რუსული) გოგონებს რუსეთში აგროვებს და აზერბაიჯანში ჩამოჰყავს, მეორე ჯგუფს კი, ის მესამე ქვეყანაში გაჰყავს, სადაც მესამე, ანუ მიმღები ჯგუფი ხვდება. ეს არის ჯგუფური ბიზნესი და დანარჩენს ორ ჯგუფს თანხას მიმღები ქვეყნის ჯგუფი უხდის, რადგან გოგონები მათი შეკვეთილია და ისინი ყიდულობენ. სამწუხაროდ, ასეთი დაჯგუფებების რაოდენობა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში ამას ებრძვიან, ისინი მაინც მრავლდებიან.

„ჟ“:თქვენ ამბობთ და ცნობილია, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანაა, თუმცა რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, რომელშიც აზერბაიჯანი განიხილებოდა, როგორც მიმღები ქვეყანა.

ა.ა: გეთანხმებით. ასეთი შემთხვევები მოხდა. აზერბაიჯანი მსხვერპლთა მიმღები ქვეყანაც არის. ძირითადად გოგონები აზიიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან ჩამოჰყავთ.

„ჟ“:ყველა ქვეყანაში, სადაც ტრეფიკინგის პრობლემა არსებობს, სხვადახვა მიზეზის გამო მსხვერპლი პოლიციას თავს არიდებს. აზერბაიჯანში ამის მიზეზი რა არის?

ა.ა: გოგონები ჩაკეტილები არიან და გასვლის თუ ტელეფონით სარგებლობის საშუალება არა აქვთ. ისინი კარგ პირობებში ჰყავთ, კარგად კვებავენ, რომ ენერგია ჰქონდეს და ამათ ატყუებენ, რომ როცა მათთვის გადახდილ ფულს ამოიღებენ, გაათავისუფლებენ. ფულის ამოღება კი ძირითადად მათი პროსტიტუციაში ჩაბმით ხდება. გოგონებს სხვადასხვა ადგილებში ანაწილებენ. მაგალითად, სასტუმროებში ან კერძო სახლებში, საიდანაც გამოსვლას ვერ ახერხებენ. არიან საუნებში, ღამის კლუბებში. თან, მათ სერიოზულ თანხასაც ჰპირდებიან.

თავიდან, როცა გოგონები ჩამოჰყავთ, ეუბნებიან, რომ მათთვის 6 თვიანი სამუშაო აქვთ და 6 000 დოლარს გადაუხდიან. ამ თანხაზე უარს თითქმის არავინ ამბობს. საბოლოოდ, როცა ეს გოგონები არ სჭირდებათ ან ეშინიათ, რომ მათგან გარკვეული საფრთხეა მოსალოდნელი, მათ თვითმფრინავის ბილეთებს უღებენ და უკან აბრუნებენ. ამ ყველაფერს ისე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად აკეთებენ, რომ არც ზარალდებიან.

„ჟ“:როგორც ვიცი, აზერბაიჯანში სექსუალური ტრეფიკინგის გარდა, საკმაოდ აქტუალურია შრომითი ტრეფიკინგიც. 

ა.ა. ეს ზოგადად, პოსტსაბჭოური ქვეყნების მთავარი პრობლემაა. ერთ-ერთი მიზეზი კი შრომითი ხელშეკრულების არარსებობაა. ადამიანებს ამუშავებენ და როცა ის შრომის საფასურს მოითხოვს, ეუბნებიან, როცა მექნება, მაშინ მოგცემთ, თუ არ გინდათ, წადითო. როგორც ვიცი, ეს პრობლემა საქართველოშიც საკმაოდ სერიოზულია. იგივე ჟურნალისტებს, გაქვთ ხელშეკრულება? ეს იგივე შრომითი ტრეფიკინგია.

შრომითი ტრეფიკინგის პრობლემა აქტუალურია თურქეთში. იქ ამ მიზეზით უამრავი მსხვერპლი ხვდება რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. იყო შემთხვევა, როცა თურქეთსა და დუბაიში ტრეფიკინგის მსხვერპლნი მოკლეს კიდეც. 2-3 წლის წინ საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანელი გახდა თურქეთში მსხვერპლი, წელს კი 16 მსხვერპლი აღმოჩნდა.

„ჟ“:აღნიშნულ პრობლემას მთელი მსოფლიო აქტიურად ებრძვის, თუმცა, ტრეფიკერთა მასშტაბები, როგორც თავად აღნიშნეთ, იზრდება. რა გვეშველება?

ა.ა: ადამიანები უცხო ქვეყანაში იმიტომ გადიან, რომ მათი უფლებები ირღვევა და ნორმალურად ცხოვრების საშუალება არა აქვთ. როცა ყველა მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში თავს ნორმალურად იგრძნობს, მას არსად წასვლის სურვილი არ ექნება. გარდა ამისა, ჩემი პოზიციით, მხოლოდ სიღარიბის გამო არ მიდიან ქვეყნიდან. ღარიბებს არსად წასასვლელი ფული არა აქვთ. მიდიან ისინი, ვისაც არსებობის საშუალებას არ აძლევენ. ასევე ტრეფიკინგის პოტენციულ მსხვერპლს წარმოადგენენ უპატრონო ბავშვები, ისინი, ვინც ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. სახელმწიფომ მათზე მზრუნველობა უნდა გაამკაცროს.

ბავშვებს ბავშვთა სახლებიდან 18 წლის შემდეგ გარეთ უშვებენ, არადა, ისინი საცხოვრებლით უნდა უზრუნველყონ. აზერბაიჯანში ასეთი ბავშვების ტრეფიკინგის 38 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ჟ“:აზერბაიჯანში ტრეფიკინგის შემთხვევების საერთო სტატისტიკა როგორია?

ა.ა: 2005 წელს აზერბაიჯანში 231 მსხვერპლი გვყავდა. ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. აქედან, 11 უზბეკეთიდან და ერთი ყირგიზეთიდან. ამ წლის 9 თვეში ადამიანებით ვაჭრობის 51 მსხვერპლი გამოვლინდა. მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანელები, უზბეკები, რუსები, უკრაინელები. რაც შეეხება დანიშნულების ქვეყანას, სადაც აზერბაიჯანიდან გადაჰყავთ, ეს არის: ემირატები, ირანი, პაკისტანი, თურქეთი და აშშ-ც კი. წლის განმავლობაში დაკავებულია 58 ტრეფიკერი. აქედან 11 მამაკაცი და 47 ქალი. სულ გამოვლენილია 14 ორგანიზებული ჯგუფი. 

ეკა გულუა

ახალი ამბები