კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

”კოკოითის არჩევნებს დუმის დეპუტატები აკონტროლებდნენ”

16 ნოემბერი, 2006

 ქართველი დამკვირვებელი ცხინვალის არჩევნების მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს

archevneb.gifერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც კოკოითის რეჟიმის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩევნების დამკვირვებლად ოფიციალურად დაარეგისტრირეს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო” იყო. აღნიშნულმა ორგანიზაციამ რეგისტრაცია ცხინვალის საარჩევნო კომისიაში გაიარა. მის წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო უბანზე მისვლის უფლება ჰქონდათ. ჯგუფს ,,მრავალეროვანი საქართველოს” შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინა თავაქარაშვილი ხელმძღვანელობდა. იგი ერთადერთი ქართული ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, რომელმაც ცხინვალის საარჩევნო უბნებზე შესვლა და არსებული სიტუაციის გაცნობა შეძლო.   

არინა თავაქარაშვილი: ”კანონი ყველა საარჩევნო უბანზე და ოლქში მისვლის უფლებას გვაძლევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობას მოკლებული ვიყავი, რადგან ოსური მხარის წარმომადგენელმა, რომელიც ჩვენს გუნდს დასდევდა, ჯავაში გადაყვანაზე კატეგორიული უარი განმიცხადა. უარის მიზეზი იყო ის, რომ ის ჩვენს დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. ამბობდა, რომ იქ ანტიქართული განწყობა იყო და შეურაცხყოფას მოგვაყენებდნენ. თუმცა, ვიცოდით, რომ ჩვენს მიმართ აგრესია არ იყო. უბრალოდ, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდოდათ ეჩვენებინათ, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები, ცხინვალის გარეთ,  სოფლებში სადაც დამკვირვებელი ვერ მივიდოდა. თანაც ცხადია, ამ რაიონში სანაკოევს მომხრეები ეყოლებოდა. 

შეთანხმების მიხედვით საარჩევნო უბნებზე ტრანსპორტით უნდა გვემოძრავა. ოსური მხარის წარმომადგენლები საკუთარი მანქანებით თან უნდა გვხლებოდნენ. ეს პირობა თავიდანვე დაირღვა. ე.წ. საემიგრაციო სამსახურთან მანქანა გამაჩერებინეს და იძულებული გავხდი, მათი ტრანსპორტით გვესარგებლა. პირობით საზღვარზე მათი წარმომადგენელი 10 საათზე მოვიდა, მაშინ, როდესაც არჩევნები 8 საათზე დაიწყო. პირველ უბანზე, რომელიც ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო განთავსებული, დაახლოებით, 10.55 საათისთვის მივედით. ასე რომ, ყუთების დალუქვას და პირველი ამომრჩევლის მისვლას არ დავსწრებივარ. უბნებზე რომ მივდიოდი, ყუთები ნახევრად სავსე მხვდებოდა. ჩემი აზრით, გაყალბებამ პიკს სწორედ დღის პირველ ნახევარში მიაღწია. 

    - ოსები უბნებზე როგორ დაგხვდნენ? 

    - ყველა საარჩევნო უბანზე ვრეგისტრირდებოდით. მესამე უბანზე იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ სრულყოფილი მონაცემების აკრეფა გამიჭირდა. მინდოდა, საარჩევნო ყუთი გადამეღო, რომლის ირგვლივაც უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ვერ ვიგებდი, ვინ ამომრჩეველი იყო, ვინ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვინ წევრი და ა.შ. გარეთ რომ გამოვედი და უბანს გარკვეულ მანძილზე გავცილდი, ავტობუსები დავინახე, რომელსაც ,,ვლადიკავკაზი” ეწერა. ჩემთვის უკვე მაშინვე გასაგები გახდა, რომ ხმას რუსეთის მოქალაქეები და რუსეთში მცხოვრები ადამიანები აძლევდნენ. ასეთი ავტობუსები თითქმის ყველა უბანზე მხვდებოდა. ზოგიერთ უბანზე მისულს, მეუბნებოდნენ, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტს ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. უბრალო მათემატიკური გათვლით, გამოდიოდა, რომ წუთში 1 ადამიანი აძლევდა ხმას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. 

    - კი მაგრამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ხომ ცხოვრობენ ვლადიკავკაზში. იქნებ ისინი იყვნენ? 

    - რამდენადაც ცნობილია, ჩრდილოეთ ოსეთში საარჩევნო უბნები იყო გახსნილი, სადაც იქ მცხოვრებ ცხინვალის მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნებში მონაწილეობა ადგილზე მიეღოთ. ასე რომ, ცხინვალის საარჩევნო უბნებზე ვლადიკავკაზის ავტობუსების სიმრავლე გასაგებია, რა მიზანსაც ისახავდა. 

    - ცხინვალში რამდენ უბანზე იყავით? 

    - ცხინვალში 18 უბანი იყო და ყველგან ვიყავით. სხვა უბნებზე გაყვანაც ვითხოვეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. უცხოელი დამკვირვებლები ნამდვილად მხვდებოდნენ. თითქმის ყველა უბანზე ძნელი იყო გაგერჩია, ვინ იყო კომისიის წევრი. სამკერდე ნიშნები არ ჰქონდათ. მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი ვიყავი, მაგრამ სამკერდე ნიშნებთან დაკავშირებულ შენიშვნას მაინც ვაძლევდი. 

იყო უბნები, სადაც მხოლოდ თითო-ოროლა პიროვნება აძლევდა ხმას. არადა, 12 და 2 საათიან მონაცემებში ამ უბნებში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა იყო დაფიქსირებული. ფაქტობრივად, ასეთ მცირე დროში დიდი რაოდენობის ამომრჩევლის მისვლა შეუძლებელია. უბნებზე მოზრდილი მობილური ჯგუფები შემოდიოდა, რასაც ,,კარუსელს” უწოდებენ. რატომღაც ყველა უბანზე ერთი და იგივე რაოდენობის მობილ-ჯგუფები დაგვდევდა. თითოეულ უბანზე რამდენჯერმე მივდიოდით. ჩვენი იქ ყოფნისა და უკან დაბრუნების ინტერვალში მონაცემების სხვაობა საკმაოდ მაღალი იყო. 

განსაკუთრებით ერთი რუსი ჟურნალისტი აქტიურობდა. კომენტარს მთხოვდა. ვეუბნებოდი, რომ დამკვირვებელი ვარ და ასე უცბად ვერაფერს ვიტყოდი. შემეკითხა, ბევრ ხალხს ხომ ხედავო. ვუპასუხე, ბევრი ხალხია, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიან-მეთქი. იმდენად დიდი ჯგუფი იჯდა ყუთთან, რომ შეუძლებელი იყო, გაგერჩია, რეალურად ამომრჩეველი იყო თუ არა. ეს უკვე აღარ ესიამოვნა და გამეცალა. რასაკვირველია, რამდენიმე ავტობუსით მიყვანილი ხალხი რიგს დააყენებდა. როგორც გითხარით, ყველა ავტობუსზე ეწერა ,,ვლადიკავკაზი”. 

    - საარჩევნო უბნებზე თანამდებობის პირთა მიერ აგიტაციის წარმოება თუ ხდებოდა? 

    - ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩემი მისვლისას ზატულინი იჯდა, რომელიც სიტუაციას აკონტროლებდა და პიროვნებებს დირექტივებს აძლევდა. ამ სიტუაციის შემსწრე ცეესკოს თავმჯდომარემ კორექტულობა გამოიჩინა და გვითხრა, გაყინულები იქნებითო და ჩაი შემოგვთავაზა. შეგნებულად გავჩერდი, რადგან ნაცნობი და უცნობი სახეები დავინახე. აღმოჩნდა, რომ იქ რუსეთის დუმის დეპუტატები იყვნენ. ბევრს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიკითხე და მითხრეს, რომ ყველა დუმის დეპუტატი იყო. 

ერთ-ერთ უბანზე სიამაყით განმიცხადეს, რომ მათ ჟირინოვსკის თანაშემწე ეხმარებოდათ. ხოლო როცა შეიტყვეს, რომ ქართული მხრიდან ვიყავი, გვარი აღარ დაასახელეს. 

        - რაიმე ექსცესები ხომ არ მომხდარა? 

    - ნებისმიერი უბანი, სადაც არ უნდა მივსულიყავით, ორი მხრიდან იყო გადაკეტილი და სამხედრო ფორმიანები აკონტროლებდნენ. ბევრი რუსს ჰგავდა. გარკვეულ უბნებზე მილიციელები იყვნენ. ამ ფაქტის ამსახველ სურათებს მობილური ტელეფონით ვიღებდი. ამის გამო მსაყვედურობდნენ, რადგან მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიყავი. ვაცხადებდი, რომ ბიულეტენის ჩაგდების პროცედურას ვიღებდი და სიტუაციას ამით ვაწყნარებდი. 

 ბოლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლისას კომისიის თავმჯდომარემ მთხოვა, კომენტარი ან დასკვნა წერილობით გამეკეთებინა. ვუთხარი, რომ ხელს არაფერს მოვაწერდი. კალამი და სუფთა ფურცელი დამიდო, თან თავზე ჟურნალისტები დამაყენა. ტაქტიანად ვუთხარი, რომ უარის თქმის უფლება მქონდა. შედგა თუ არა არჩევნები, ამას ჩემს მოხსენებაში აღვნიშნავდი. კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, ქართულ მხარეზე რომ გადახვალ, სხვანაირად იტყვიო. ვუპასუხე, რაც დავინახე, იმას ვიტყვი-მეთქი. 

 სიტუაცია ამ დროისათვის მკვეთრად დაძაბული იყო. ასე ჩატარებული არჩევნები კი არ შეიძლება, არჩევნებად ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, კოკოითს მომხრეები ეყოლებოდა და ხმას მისცემდნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს საკმაოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი უნდა იყოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიარაღებული პოლიცია და სამხედრო ფორმიანი ადამიანები გვხვდებოდნენ. 
    

საბა წიწიკაშვილი გორიდან

 

ახალი ამბები