კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტს გიორგი მიქიაშვილის გადარჩენას სოხუმიდან და სამაჩაბლოდანაც სთხოვენ

23 ნოემბერი, 2006

გიორგი აშბა: 'რას გვთავაზობთ, ჩვენი შვილებიც ისე უნდა აწამოთ და ჩახოცოთ, როგორც გიორგი, გირგვლიანი და სხვები?'

miqiashvili.pngგასულ კვირას საქართველოს რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. წერილს, რომლითაც ხელმომწერები მიხეილ სააკაშვილს  გიორგი მიქიაშვილის საქმით დაინტერესებას სთხოვენ, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, რუსეთიდან [მოსკოვიდან] და აზერბაიჯანიდან ე.წ. საინგილოდანაც გამოეხმაურნენ.

21 წლის სტუდენტი და წარმატებული ფეხბურთელი გიორგი მიქიაშვილი, თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზუსტად ერთი წლის წინ, 2005 წლის 29 ოქტომბერს დააკავეს. ინციდენტის დროს გიორგი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. მისი ფიზიკური შეურაცხყოფა წინასწარი დაკავების იზოლატორშიც გაგრძელდა, რის შედეგადაც მას თავის ტვინის შერყევა და ფსიქოზი განუვითარდა. საპატიმროში გიორგის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ამჟამად რუსთავის #6 კოლონიაში მყოფი გიორგი სტაციონალურ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის სასწრაფოდ ჩატარებას და შესაბამისად სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს, რაც დღემდე არ ხერხდება.

ტმიმართვას ხელი 50-მდე ჟურნალისტმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმაც მოაწერეს. წერილის პრესაში გამოქვეყნების შემდეგ კი ხელმომწერთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. შემოგვიერთდნენ მოსკოვიდან - ჩვენი კოლეგა რუსუდან ნიკურაძე, პარლამენტის წევრი გია თორთლაძე და სხვები. გამოგვეხმაურნენ სოხუმიდან, ცხინვალიდან, კახიდან [ე.წ. საინგილო].

“შეშფოთებულები ვართ მეც და ჩემი მეგობრებიც გიორგის ამბავით. მისმა წამებამ უკიდურესად აღგვაშფოთა. ...სოხუმში ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც ქართველებზე და საქართველოზე გული შეგვტკივა. ჩვენს გულისტკივილს გულშივე ვიკლავთ, რადგან მისი ხმამაღლა გამოთქმა, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. გვტკივა და ამიტომ გიერთდებით მე, გიორგი აშბა, ჩემი მეგობარი მანუჩარ ჯგერენაია, ვლადიმერ მეტრეველი და სხვები. ახლა ერთად ვართ და ვფიქრობთ, ნუთუ ახალგაზრდა ბიჭის წამების თაობაზე, რაზედაც ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გადმოსცა, ჩვენ ვიცით და საქართველოს პრეზიდენტმა არა? ჩვენი ეჭვის თვითონვე არ გვჯერა. მაშ რატომ ტოვებს უყურადღებოდ ბატონი მიშა ადამიანისთვის სიცოცხლის ძალით მოსპობის ფაქტს? ჩვენც გვყვავს შვილები, მე პირადად - 23 წლის ვაჟიშვილი. ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი, გიორგის მშობლების ადგილზე. ვერ გეტყვით, ასეთ შემთხვევაში რას ვიზამდი. შემრჩებოდა კი ამ უსამართლობის შემყურეს ბრძოლის უნარი? მე მინდა, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ერთად ვიცხოვროთ. პრეზიდენტიც  ამბობს, მაგრამ რას გვთავაზობთ, იგივე მდგომარეობაში ყოფნას? ჩვენი შვილებიც ასე უნდა აწამოთ და ჩახოცოთ როგორც გიორგი, გირგვლიანი და სხვები, ვიღაცეების იდიოტური ამბიციების გამო?.. თუმცაღა არც აქ ვართ ნაკლებ დღეში”.

- ჩვენ არავის ვაწამებთ ბატონო გიორგი.

- “მე თქვენ არ გგულისხმობთ. მაგრამ ის, ვინც თავმოყვარე ახალგაზრდა ვაჟკაცს თავზე ჭიქას დაამსხვრევს, შეურაცხადად აქცევს, ცხოვრებას დაუმახინჯებს და გაუმწარებს, სხვა რა ჰქვია ამას, თუ არა წამება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ვერ გამოვხატავთ იმ ემოციებს, რაც გვაქვს. პირადად ვთხოვთ პრეზიდენტს და ძალიან გთხოვთ, ეს აუცილებლად გააშუქოთ, დაინტერესდეს იგი გიორგის უბედურებით და სასწრაფოდ ჩაერიოს აღნიშნულ საქმეში. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, როგორ განვითარდება მოვლენები და კიდევ შემოგეხმიანებით. დაწერეთ, რომ სოხუმში კიდევ ვართ ის ადამიანები. ვისაც გვიყვარხართ და არ გვეჯავრებით~,- აღნიშნა გიორგი აშბამ და დაგვემშვიდობა.

პრეზიდენტ სააკაშვილს გიორგი მიქიაშვილის გადარჩენას სამაჩაბლოდან ელისო თედეევაც სთხოვს. `მე მისთვის ხმა არ მიმიცია, მაგრამ მიშა ჩემი პრეზიდენტიცაა. მე მივეცი ხმა სანაკოევს. გავბედე და ცხინვალიდან ჩამოვედი. ვიცოდით, რომ შეიძლება პრობლემები გვქონოდა, მაგრამ მაინც. ჩვენ მშვიდობა გვინდა, სისხლისღვრა არა, არც ცემა. დღეს ლიახვის ხეობაში ვარ, სტუმრად, ჩემი ბავშვობის მეგობართან. ერთად ვუყურებდით `იმედის~ არხს. მერე რადიომაც გადმოსცა და ეს ამბავი ასე გავიგეთ. თქვენ იმიტომ დაგირეკათ ჩემმა მეგობარმა, რომ გვინდა შემოგიერთდეთ. იქნებ ერთად ვიხსნათ გიორგი. ჩვენც იგივეს ვთხოვთ პრეზიდენტს, რასაც თქვენ. იმედი გვაქვს ოსებისა და ქართველების ერთობლივ თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებს პრეზიდენტი~,- გვითხრა ელისო თედეევამ.

საინგილოში, კახში მცხოვრები მარიამ გამხარაშვილი: `23 ნოემბერს გიორგობაა. ქურმუხის წმინდა გიორგიში დიდი დღესასწაულია. ბევრი რამ გვიჭირს, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს ნათესავებსაც დაგვაშორეს, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს, რომ პრეზიდენტი ყურადღებას მოგვაქცევს. მინდა მას ვთხოვო, გიორგობას გიორგის მიხედოს. ღმერთი გფარავდეთ~.

`გვაინტერესებს, ხომ არ არის ეს ანგარიშსწორება გიორგის, როგორც ჟურნალისტის ძმის მიმართ, რომ მერე დანარჩენები შევშინდეთ და ხმა ვერ ამოვიღოთ? უმორჩილესად გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საქმით, რათა მიეცეთ უფლება  ექსპერტებს, დაადგინონ გიორგი მიქიაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა და გადაიყვანონ იქ, სადაც მას შესაბამისად უმკურნალებენ. პროკურატურის, პოლიციისა და პატრულის ღირსებას ნუ შესწირავთ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლეს. თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ და ნამდვილად არ გვინდა, რომ იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ახალგაზრდებს სასტიკი წამებით კლავდნენ~,- ნათქვამია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მიმართვაში, რომელზედაც ხელმოწერები კვლავ გრძელდება.

მიმართვის ავტორები პრეზიდენტს წერილს რამდენიმე დღეში გადასცემენ. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს კი ჟურნალისტები, გიორგი მიქიაშვილის მხარდასაჭერად, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში პროტესტს განსხვავებული ფორმით გამოხატავენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები