კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის ხელისუფლება ადგილობრივ ტელეკომპანიაზე ზეწოლას განაგრძობს

24 ნოემბერი, 2006

tanamgza_____.gifრეიდი ფინანსური პოლიციის მიერ, ხულიგნობის მიზეზით დირექტორის დაპატიმრების მცდელობა, ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ირგვლივ ყველა ეს ფაქტი ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარდა. ამჯერად „თანამგზავრი“, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ერთადერთი მედიასაშუალებაა თელავში, ოფისის გარეშე დარჩა. ყოველკვირეული გადაცემა „დიალოგი“ უკვე ორი კვირაა ეთერში აღარ გადის.

ტელეკომპანია „თანამგზავრის“ თანამშრომლებმა ტელევიზიის შენობა მანამდე დატოვეს, სანამ ჟურნალისტებს შენობიდან აღმასრულებლები გამოიყვანდნენ. ტელეკომპანიის  დამფუძნებლებს შორის არსებული ხანგრძლივი დავის შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის შენობა „თანამგზავრის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, 40% წილის მფლობელსა და ყოფილ დირექტორს ზურაბ ქუმსიაშვილს მიაკუთვნა.

საკუთარი ოფისის დატოვების მიუხედავად, „თანამგზავრს“ მაუწყებლობა არ შეუწყვეტია და ჟურნალისტები მუშაობას განაგრძობენ. კვლავ ეთერშია ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება „მაცნე“, თუმცა მაყურებელს ბოლო ორი კვირაა ყოველკვირეული გადაცემა „დიალოგი“ აღარ უნახავს.

„გადაცემა „დიალოგი“ ეთერში ყოველ ხუთშაბათს გადიოდა. ყურადღებას ვუთმობდით რეგიონში, ძირითადად კი თელავის რაიონში განვითარებულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მოვლენებს. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ერთი საათის განმავლობაში ადგილობრივ პრობლემებთან დაკავშირებით მოესმინა სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს შორის არსებული დებატები და პირდაპირ ეთერში დაესვა კითხვა ან საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, მიუხედავად ჩვენი არაერთი თხოვნისა, სტუდიაში მოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა თემებს მაინც ვაშუქებდით. ამ ეტაპზე გადაცემა ეთერში აღარ გადის, რადგან სტუდია აღარ გვაქვს. ვერ გეტყვით მაყურებელი გადაცემას როდის იხილავს“,- აცხადებს გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნატო მეგუთნიშვილი.

ტელეკომპანია დროებით ა/ო „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ კახეთის ოფისშია განთავსებული, რომელიც სულ ორ ოთახს შეადგენს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტელევიზიის ხელმძღვანელობა რამდენიმე ადამიანთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მათგან შენობის იჯარით აღების თაობაზე, თუმცა ყველა მოლაპარაკება ჩაიშალა. „მე და ტელეკომპანიის დამფუძნებელს ვანო ახალმოსულიშვილს მილაპარაკება გვქონდა რამდენიმე ადამიანთან, მათ საკუთრებაში არსებული შენობების ნაწილის იჯარით აღების მიზნით. ერთ-ერთ მათგანთან, რომელიც ფართს ფლობს ყოფილი პროფსასწავლების შენობაში, თითქმის უკვე მოლაპარაკებულები ვიყავით. მისთვის სასურველ ფასზეც შევთანხმდით, მაგრამ ბოლო მომენტში, უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თელავის საკრებულოს ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნებოდა“,- აცხადებს „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე.

- არ დაუსახელებია იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვისთანაც თქვენთვის შენობის მოქირავების შემთხვევაში შეიძლებოდა პრობლემა შექმნოდა?

- კი, პირად საუბარში აღნიშნა, მაგრამ ოფიციალურად იგი ყველაფერს უარყოფს. ეს თანამდებობის პირი თელავის საკრებულოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, რაიონის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა მამაცაშვილია.

ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩარევის შედეგად, შენობის დაქირავებასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკების ჩაშლას ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვანო ახალმოსულიშვილიც ადასტურებს. იგი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია ოფისს ამჟამადაც ეძებს, თუმცა ის ადამიანები, ვინც ფართს აქირავებენ, მათთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ. „ჩვენს მიერ შეთავაზებული ფასითაც კი არ ინტერესდებიან“,- ამბობს ვანო ახალმოსულიშვილი.

ბრალდებებთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თელავის საკრებულოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს გოჩა მამაცაშვილს დაუკავშირდა. „არ მაინტერესებს ტელეკომანიის წარმომადგენლები რას აცხადებენ და ბოდიალობენ. ეგენი კიდევ არსებობენ?... ამნაირ სისულელეებზე მეორეჯერ არ დამირეკოთ, გიკრძალავთ!“- განაცხადა გოჩა მამაცაშვილმა და ტელეფონი გათიშა.

თელავის რაიონის ხელისუფლებისა და ტელეკომპანია `თანამგზავრს~ შორის არსებული დაპირისპირებით უკმაყოფილო და ამავდროულად შეშფოთებულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა ტალიური. „გადაცემა „დალოგი“ რომ ეთერში აღარ გადის, ძალიან სამწუხარო ფაქტია. იმედს ვიტოვებთ, ეს რომ მხოლოდ დროებითია. თელავის საზოგადოებისათვის აუცილებელია ამ ტელეკომპანიის არსებობა, გადაცემის ფუნქციონირება. ბოლოს და ბოლოს, ერთად-ერთი დამოუკიდებელი მედია საშუალებაა თელავის რაიონში, რომელიც ადგილობრივი ინფორმაციის ობიექტურად გაშუქებაზეა ორიენტირებული. საგულისხმოა, რომ ტელეკომპანიის აქციონერებს შორის დავა გრძელდება და არ გამოვრიცხავ, ერთ-ერთ მხარეს, გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს“,- ამბობს ლელა ტალიური.

თელავში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის არსებობის აუცილებლობას ადასტურებს თელავის მკვიდრი გიორგი გელაშვილიც. „თელავის ტელევიზიას, რა თქმა უნდა, ვუყურებთ. ინფორმირებული ვარ მათი პრობლემების შესახებაც, მაგრამ საზოგადოება ძალიან ინერტულია. ამიტომაც არის გოჩა მამაცაშვილი თამამად და იმას აკეთებს, რაც უნდა“,- აღნიშნავს მაყურებელი.

კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბის ხელმძღვანელი თინათინ ფხოველიშვილი კი თელავის საკრებულოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს გოჩა მამაცაშვილს აფრთხილებს: „ვინ რას „ბოდიალობს“ მალე გაირკვევა. ჯერ კიდევ გარეთ მყოფ მამაცაშვილს ვურჩევ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ნორმალურად ელაპარაკოს და კონტროლის პალატის იმ დასკვნებს მიხედოს, რომლითაც მას უკვე არაერთხელ, გამგეობაში უხეში ფინანსური დარღვევები აღმოაჩნდა“.  

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები