კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას შვილის უბედურებაც ემატება

27 ნოემბერი, 2006

natela.gif19 წლის ნათელა ბოლქვაძეს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. დიაგნოზის მიხედვით, მას დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები გულმკერდის წინა ზედაპირისა და ეპიგასტინიუმის არეში, ასევე სარძევე ჯირკვლების დეფორმაცია სჭირს. თვით ბოლქვაძეების ოჯახი უკუმიგრირებულია და მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშია. ქედის რაიონის გამგეობა ბოლქვაძეებს მხოლოდ ერთჯერადი, 30 ლარით დახმარებას ჰპირდება. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი მხოლოდ უსინათლო ბებიის პენსია - 38 ლარია.

ოთხი წლის ყოფილა ნათელა, როცა მესამე ხარისხის დამწვრობა მიუღია: „ბოსტანში ვიყავი გასული სადილისთვის მწვანილზე. ნათელა ოთახში მარტო მყავდა დატოვებული. ღუმელთან მისულა და იქედან მის კაბაზე ცეცხლი გადასულა. ცეცხლწაკიდებული ეზოში გამოსულა და მეზობლის კაცმა უშველა, თორემ ალბათ უარესად იქნებოდა, ან საერთოდ მოკვდებოდა კიდეც. სამი თვე რეამინაციაში ვიყავით“, - იხსენებს ფატი ბოლქვაძე, ნათელას დედა.

„თუ სასწაული მოხდება, ალბათ მაშინ მეშველება რამე“, - ამბობს ნათელა, „წინათ ხალხში რომ გავდიოდი ვთაკილობდი, თმით სახის დაფარვას ვცდილობდი, მაგრამ ბავშვები მეკითხებოდნენ - რა გჭირსო, ზოგსაც ჩემი სახისა ეშინოდა. ახლა კომპლექსი ნაწილობრივ დავძლიე და უფრო მეტად ტკივილი მაწუხებს - მკერდის გაზრდის გამო კანი იჭიმება და სკდება. ყოველთვის გამაყუჩებელი რომ დავლიო, ამისთვის საჭირო თანხაც არ გვაქვს...“.

ბოლქვაძეების რვასულიან ოჯახში ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ უსინათლო ბებიის 38 ლარიანი პენსიაა. ისინი ქედის რაიონ, სოფელ ახოში სტიქიურ ზონაში ცხოვრობენ. ამიტომ 1989 წელს ბოლქვაძეების ოჯახი ვანის რაიონ სოფელ ზეინდარში გადაასახლეს. „მაშინდელმა ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დამიტოვა, ვანში ცარიელ მიწაზე დაგვსვეს, თანხა მოგვცეს და სახლზე თვითონ იზრუნეთო, გვითხრეს. საკმაო ხანს სასიმინდეს ქვეშ ვცხოვრობდით“, - ამბობს ოთარ ბოლქვაძე. თუმცა, ოჯახი იძულებული გახდა და უკან დაბრუნდა - „გაგვიჭირდა იქ ცხოვრება, თან ბავშვებმა იქაური მშრალი ჰავა ვერ აიტანეს, აქაურ ნესტიანზე რომ იყვნენ მიჩვეულნი“.

1996 წლიდან ბოლქვაძეების ოჯახი ისევ ეკოლოგიურად საშიშ ზოლში მდგომ კუთვნილ ფიცრულს დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, ისინი დღემდე ვანის რაიონში არიან რეგისტრირებულნი: „უკან დაბრუნებულები აქ აღარ ჩაგვწერეს. რაიმე რომ მოხდეს და თქვენ დაშავდეთო, ჩენ უნდა ვაგოთ პასუხიო, - გვითხრეს რაიონის გამგეობაში. სტიქიურად საშიშ ზოლში რომ დგას ჩემი სახლი, ეშინიათ და თავს იზღვევენ“, - განაცხადა ოთარ ბოლქვაძემ.
„ზამთარის ნახევარს მეზობლებში ვატარებთ, მიწა სკდება, ქვებიც მოგორავს. შარშან დიდი ლოდი ჩამოგორდა, რამდენიმე მეტრით აცილდა სახლს და ეზოში დავარდა... ღმერთი გვფარავს, თორემ რა უნდა ვქნათ არ ვიცი“, - წუხს ფატი ბოლქვაძე.

„ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ჩემი მდგომარეობა, თუმცა, დახმარებით არ დამხმარებიან. გასულ ზამთარს ქედის რაიონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ავალიანი და მისი მოადგილე ეზოში მოვარდნილი წყლის და მიწის გამო ვერ შემოვიდნენ, შორიდან მიყურებდნენ და თქვეს: კაცს აქ საცხოვრებლად რა უნდაო და წავიდნენ. კობა ხაბაზმაც იცის ჩემი ოჯახის მდგომარეობა. ნათელასთვის ვთხოვე ოპერაციის თანხებში დახმარება, მაშინ ჯანდაცვის მინისტრი იყო, 800 ლარს გამოგიყოფთო გვითხრა. მე მხოლოდ ერთი ძროხა მყავდა და იმას გავყიდდი და დავამატებდი, მეტი არაფერი შეგვეძლო, თქვენც ხედავთ, რა პირობებში ვართ, მაგრამ ეს თანხა იქნებოდა კი საკმარისი ოპერაციისთვის?“ - კითხულობს ნათელას მამა.

ბოლქვაძეების ოჯახი არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობს: „მოვიდნენ, ნახეს, რაც გამაჩნდა და კიდევ იმდენი ქულები დამიწერეს, რომ მხოლოდ სამედიცინო პოლისი და ელექტროენერგიაზე შეღავათი მოგვიწია. ფულადი დახმარება რომ დაენიშნათ, ცოტას მაინც ამოვისუნთქავდით“.

ოჯახს მხოლოდ 2 500 კვ. მეტრი მიწის ფართობი აქვს, მასზე ხის ძველი სახლიც დგას და ეზოც შედის. „არც მიწა მაქვს საკმარისი, რომ ვიშრომო და ცოტა რაიმე გასაყიდიც მოვიყვანო. თუმცა, რას გავყიდი, როცა ოთხი თვის საკმარისი სიმინდი ძლივს მომყავს, დანარჩენს ვსესხულობ. ამჟამად, 8 ტომარა სიმინდი მაქვს ნასესხები, ახლა ნაწილ ვალს ჩავასესხებ, მაგრამ შემდეგ ისევე უნდა ვისესხო. პურის ფქვილის საყიდი თანხა რომ არა გვაქვს და ძირითადში სიმინდით ვარსებობთ“, - ამბობს ოთარ ბოლქვაძე.

ნათელამ თავისი ოცნებაც გაგვანდო: „მინდა ქიმიის სპეციალისტი გამოვიდე. სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ რომ ვისწავლო, ოჯახს არც თანხები აქვს და ხალხში ასეთი გამოჩენა მრცხვენია...“.

ოპერაცია, რომელიც კუზანოვის კლინიკაში უნდა ჩატარდეს, დაახლოებით 6 ათასი ლარი ჯდება. ნათელას ყურის ნიჟარაც აქვს დაზიანებული, თუმცა სმენა არ უჭირს.

კუზანოვის კლინიკაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად მკერდსა და სახეზე უნდა გაუკეთდეს ოპერაცია, რადგან მკერდს დამწვარი კანი გაზრდის საშუალებას არ აძლევს. ოპერაციისთვის საჭირო თანხები კი ოჯახს არ გააჩნია.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები