კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ბავშვთა უფლებები ფეხქვეშ ითელება

7 დეკემბერი, 2006

ჟურნალისტური მოკვლევა

unicef.pngსაერთაშორისო ექსპერტები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14-დან 12 წლამდე არ შეამცირონ. „საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა საკმაოდ მოუქნელი და მკაცრია. თქვენთან ბავშვების კრიმინალიზაცია საკმაოდ ადვილად ხდება. თუ კანონში ამ ცვლილებებს შეიტანთ, გაეროს კომიტეტის წინაშე პასუხს აუცილებლად აგებთ“,- ასეთია საერთაშორისო ექსპერტის, ბრიტანელი ქეროლინ ჰამილტონის დასკვნა, რომელიც საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობას მკაცრად აკრიტიკებს.

ექსპერტი ბავშვთა უფლებების სფეროში და ესექსის უნივერსიტეტის იურისპუდენციის პროფესორი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი კი არასრულწლოვან დამნაშავეებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარების შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება გახდა. პროფესორი არ მალავს, რომ ნანახით შოკირებულია და იმედი აქვს, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტი კი სს კოდექსის 33-ე მუხლში შესატან ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, არასრულწლოვან დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ასაკი 14-დან 12 წლამდე უნდა შემცირდეს.

ექსპერტები საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ

საქართველოში ვიზიტისას ექსპერტი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, აქაურ კანონმდებლობას და ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო და კონკრეტული დასკვნები და რეკომენდაციები შეიმუშავა. მისი თქმით, სს პასუხისმგებლობის ასაკის შემცირება საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემებს წამოჭრის. ექსპერტს ესმის, რომ საქართველოს მთავრობას სურს 12 და 13 წლის ასაკის ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენაზე რეაგირება მოახდინოს, თუმცა კითხვას სვამს და თავადვე პასუხობს:  „ასაკის შემცირება ეფექტური შემაკავებელი საშუალება იქნება 12-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის?  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი შემაკავებელი საშუალება ამ ასაკში კარგად იმუშავებს.“

საკითხავია ასევე ის, თუ რამდენად შეამცირებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევებს12-14 წლის ბავშვების ბრალდება, მსჯავრდება და მათზე სასჯელის დანიშვნა. ამ კითხვაზე პასუხისას ქეროლინ ჰამილტონი დასავლეთ ევროპის გამოცდილებას იხსენებს: „ევროპაში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ პოლიციასთან ურთიერთობა დაკავებისა და გასამართლების გზით, სერიოზულ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. ამან შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მათ განათლებაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ იმ არასრულწლოვნებს, რომელთაც სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა შეეფარდად, რეციდივიზმის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გააჩნიათ. თითქმის 80% ხელმეორედ ჩადის დანაშაულს ორი წლის განმავლობაში. ამგვარი რეციდივიზმის მიზეზი კარგად არის ცნობილი. უსაფუძვლო არ იქნება თუ დავასკვნით, რომ ასაკის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის ჩადენის მაჩვენებლების ზრდა, ვიდრე სასურველი შემცირება.“

ექსპერტი შეშფოთებულია იმ მოუქნელი სისტემით, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს. კერძოდ კი, იმით, რომ ბავშვი, რომელიც ამ სისტემაში ხვდება, უკან ვერ გამოდის და ნორმალურ ადამიანად ვერ ყალიბდება. მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოში ბავშვებისთვის ამ სისტემის ალტერნატივა არსებობდეს.

„ალტერნატივა სწორედ ბავშვის ინტერესებზე უნდა იყოს გათვლილი. მაგალითად, დასავლეთში ბავშვებს ციხეებსა თუ დაკავების სხვა ადგილებში არ გზავნიან. მათთვის, ალტერნატივის სახით, არსებობს გირაო და ასევე დროებით ოჯახური ტიპის დაწესებულებაში განთავსება, სადაც ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ანუ, ბავშვი ციხეში არ ხვდება. საქართველო დასავლეთის ქვეყნებისგან კიდევ იმით განსხვევდება, რომ თქვენთან ბავშვთა კრიმინალიზაცია საკაოდ სწრაფად ხდება. დასავლეთში კი ბავშვი კრიმინალად და დამნაშავედ არ ცხადდება. ის სოციალური სამსახურების დაქვემდებარებაში გადადის და არა კრიმინალურის,“ - ამბობს ექსპერტი და კონკრეტული სტატისტიკური მაგალითებიც მოჰყავს.

მისი თქმით, ინგლისში 2002 წელს 234 000 ბავშვი დააკავეს და აქედან მხოლოდ 2000 მოხვდა ციხეში, საქართველოში კი დაკავებულ ბავშვთა 75%-ს ციხეში უშვებენ.

ექსპერტი თვლის, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მზად არ არის არც 12 და არც 14 წლის ბავშვების მისაღებად, რადგან არ არსებობს სპეციალურად მომზადებული არც პოლიციელები, არც ადვოკატები, არც პროკურორები, არც გამომძიებლები და არც საკნებში მომსახურე პერსონალი. არადა, გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ ამას პირდაპირ მოითხოვს.

142 პატიმარი ბავშვი ერთ ოთახში

„ავჭალის კოლონიაში საშინელება ვნახე. იქ 142 ბავშვს ერთ ოთახში სძინავს. შოკირებული ვარ. მათთვის არანიარი აღმზრდელობითი თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობს. რაღაც სკოლის მსგავსი დაწესებულება აქვთ, მაგრამ იქ ადგილებიც არ არის. რაც შეეხება საწოლებს, იმ ოთახში 142 საწოლი ნამდვილად არ მინახავს. შესაძლებელია, მორიგეობით სძინავთ. როცა ამ ტიპის კოლონია არსებობს, საინტერესოა, რა შედეგებს ვიღებთ. საეჭვოა, რომ ბავშვების გამოსწორებისა და მომავლისთვის ამ ტიპის დაწესებულებას დადებითი შედეგი მოჰქონდეს“, - ამბობს ექსპერტი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან  საუბრისას.

ბრიტანელი პროფესორი დასკვნას წინასწარი დაკავების იზოლატორზეც აკეთებს, სადაც მოსაწონი ვერაფერი ნახა: „საქართველოში ხშირად გამოიყენება წინასწარი პატიმრობა არასრუწლოვნებისათვის, რომელთა დანაშაულიც გამოძიების პროცესშია. ბავშვები ხანგრძლივ პერიოდს ატარებენ წინასწარ პატიმრობაში. ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბავშვებიდან ზოგიერთი ერთ წელზე მეტია პატიმრობაშია. მათი პატიმრობის პერიოდის განმავლობაში, ბავშვები არ იღებენ განათლებას და  თავიანთი საკნებიდან დღეში მხოლოდ მაქსიმუმ ორი საათით გამოდიან.

ისინი არ ვარჯიშობენ და უმოქმედოდ არიან. პირობები ძალიან ცუდია, რაც ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციისა და გაეროს მინიმალური სტანდარტებისა და ნორმების დარღვევის ტოლფასია. რთულია იმის გაგება, როგორ გაძლებენ ბავშვები ასეთ პირობებში და ამან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ცალკე პრობლემაა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორები ცალკე ბავშვებისთვის არ არსებოს და მათ დიდებთან ერთად ათავსებენ.“

საერთაშორისო კონვენცია

ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს მიუერთდა, მოითხოვს, სახელმწიფომ სს პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი დაადგინოს. დღემდე საქართველოში ეს ასაკი 14 წელი იყო. ასეა ევროპის საბჭოს მრავალ სხვა წევრ-სახელმწიფოებშიც.

მხოლოდ საერთო სამართლის სახელმწიფოებში - გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინსა და საფრანგეთში დადგენილია 14 წელზე ნაკლები ასაკი. სს პასუხისმგებლობის დაბალი ასაკი ამ სახელმწიფოებში გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა გააკრიტიკა. ამჯერად ეს ქვეყნები იხილავენ საკითხს, რომლის მიხედვითაც, სს პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 15 წელი უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, ქალბატონი ჰემილტონი დარწმუნებულია, რომ
საქართველოს პასუხისგება მოუწევს: „ბავშვის უფლებების გაეროს კომიტეტის წინაშე საქართველო უდაოდ აგებს პასუხს სს პასუხისმგებლობის ასაკის ნებისმიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც ამას განიხილავს, როგორც უკან გადადგმულ ნაბიჯს“, - ამბობს ექსპერტი.

რეკომენდაციები

რაც შეეხება საქართველოს მთავრობისთვის მიცემულ რეკომნედაციებს, ის 4 ძირითადი პუნქტისგან შედგება:  ა) კარგი იქნება, მთავრობამ ჩაატაროს კვლევა 12-13 წლის ბავშვების მიერ ჩადენილი სს დანაშაულის შესახებ და განისაზღვროს მისი ხასიათი; ბ) ნებისმიერი ცვლილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში განხილულ უნდა იქნას მას შემდეგ, რაც გაეროს ბავშვთა ფონდი დაასრულებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის შესწავლას; გ) სს პასუხისმგებლობის ასაკის შემცირების ნაცვლად, ყურადღება უნდა დაეთმოს არასრუწლოვნებზე ორიენტირებული, დანაშაულის პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებას, და იმის უზრუნველყოფას, რომ 14-18 წლის ბავშვებისათვის განკუთვნილმა სისტემამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს; დ) ყურადღება უნდა დაეთმოს განაჩენის გამოტანის საზოგადოებაზე ორიენტირებული ალტერნატიული სქემების შემუშავებას.

რაც შეეხება კითხვას, რა ბერკეტები გაგაჩნიათ, რომ მთავრობას აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აიძულოთ, კაროლინ ჰემილტონმა ასე გვიპასუხა: „საქართველომ აღნიშნული ცვლილება არ უნდა მიიღოს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება პარლამენტზეა დამოკიდებული. ჩვენ მხოლოდ რჩევები და რეკომენდაციები შეგვიძლია, თუმცა, ლობირებას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ამის შედეგი ის არის, რომ ეს კანონი პირველივე მოსმენით არ მიიღეს და ყველა დეტალს იკვლევენ. მთავრობასთან ბოლო შეხვედრაზე პირობა მივიღე, რომ, ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება.“

რას ფიქრობენ გაეროში

საკანონმდებლო ცვლილებას არც გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში მაია ქურციკიძე იწონებს. როგორც მან „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტი ბავშვთა უფლებებსა და ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებს.

მაია ქურციკიძე:  „აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებს ნაკლებად შეესაბამება. ჩვენი მართლმსაჯულების სიმტემა 12 თუ 14 წლის ბავშვების მისაღებად მზად არ არის. დასავლეთის გამოცდილება აუცილებლად უნდა გავიზიაროთ, სადაც ბავშვებს ციხეს არავინ აკარებს და მათ სოციალურ სამსახურებში ათავსებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ბავშვთა უფლებებისა და მათი ინტერესების დაცვაა.

ჟურნალისტი:  საერთოდ. რა შეფასებას მიცემთ საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვას?

მ.ქ. სამწუხაროდ, ამაზე სპეციალური კვლევა არ ჩაგვიტარებია. რაც შეეხება ქუჩის ბავშვებს საკმაოდ დიდი ხანია მათი პრობლემა არსებობს. არც ზუსტი ციფრი ვიცით, რამდენი ქუჩის ბავშვია საქართველოში. ასეთი კვლევების ჩატარებას მომავალი წლიდან ვაპირებთ.

ჟურნალისტი:  თქვენ ქუჩის ბავშვები ახსენეთ, რომლებიც ძირითადად მათხორობენ. ბავშვების მათხოვრობა კი ერთგვარ ბიზნესადაც იქცა...

მ.ქ. რა თქმა უნდა. არიან ისეთებიც, რომელთაც მართლაც უჭირთ და არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ეს ერთგვარი ბიზნესია. მიზეზი კი ის არის, რომ ხშირად თავად მშობლები უშვებენ ბავშვებს სამათხოვროდ და აიძულებენ თანხა ჩააბარონ. 2007 წლიდან ქუჩის ბავშვთა კვლევა აუცილებლად დაიწყება, რადგან ეს ის კატეგორიაა, რომლებიც შესაძლოა, შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ.“

„ბორიკს ყოველ დღე 10 ლარი უნდა ჩავაბარო“

მართალია, ბავშვთა უფლებებზე საქართველოში კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, ქუჩებში მომრავებული ხელგაწვდილი ბავშვები იმის დადატურებაა, რომ მათი უფლებები დაცული არ არის. ზოგი  იმიტომ მათხოვრობს, რომ მართლაც უჭირს, ზოგი კი იმიტომ, რომ ეს მისი ოჯახის ბიზნესია. ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, 10 წლის ელა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც მამას ყოველ დღე  მინიმუმ 10 ლარი უნდა ჩააბაროს. ის საუბარს 2 ლარის სანაცვლოდ დაგვთანხმდა, რადგან დროს კარგავდა. თავიდანვე გვითხრა რამდენი წლის იყო და რა ერქვა და მხოლო 5 წუთი დაგვითმო.

ჟურნალისტი:  ელა, რატომ მათხოვრობ?

ელა:  ფული უნდა ვიშოვი.

ჟურნალისტი:  ფული რად გინდა?

ელა:  ბორიკს უნდა მივუტანო, ჩემს მამას.

ჟურნალისტი:  დღეში რამდენს შოულობ?

ელა:  ბორიკს დღეში 10 ლარი თუ არ მივეცი, მცემს, შინ არ შემიშვებს და არ მაჭმევს. ყველა ბავშვს ასე უკეთებს.

ჟურნალისტი:  სად ცხოვრობ და სხვა ბავშვები ვინ არიან?

ელა: შორს ვცხოვრობ. სხვა ბავშვებიც იმ სახლში ცხოვრობენ და ყველამ ფული უნდა მიუტანოს ბორიკს. გოშას ერთხელ ისე სცემა, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ბავშვები იმ სახლში ერთად მივდივართ. ნესი დიდია და ფულს ის ითვლის. ჩვენ დათვლა არ ვიცით. თუ ვინმეს 10 ფული არა აქვს, ის უმატებს ვისაც მეტი აქვს. ბორიკი კარებთან გვხვდება და თუ 10 ლარს მივცემთ, შეგვიშვებს. საჭმელს გვაჭმევს და მერე იქ ოთახი რომ არის იქ ვიძიებთ.“ 

5 წუთის გასვლის შემდეგ ელამ გვითხრა, რომ მეტი დრო არა აქვს და გაიქცა.

ახალი ამბები