კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ მედიას ეთიკის ნორმებს უწესებენ

13 დეკემბერი, 2006

media.gif19 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებელთა ეთიკის კოდექსს“ განიხილავს. 155 მუხლისგან შემდგარ 52 გვერდიანი დოკუმენტის გამოქვეყნებას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. მაუწყებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი კოდექსს მედიის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვავს და აცხადებს, რომ თუ ის მიიღეს, მაუწყებლები მუშაობის გაგრძელებას ვერ შესძლებენ.  

კოდექსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით მომზადდა და მასში აქტიურად მონაწილეობდა „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან რამიშვილი. კოდექსის საკმაოდ დიდი მოცულობის გამო,
მისი წაკითხვა პარლამენტში ბევრმა ვერ შესძლო, თუმცა ვინც მას გადახედა, დადებითი ვერაფერი იპოვა.
 
კოდექსის 29-ე მუხლი ვიდეო გადაღებას ეხება. მის მიხედვით: „ჟურნალისტები უნდა მოერიდონ კამერის მაღალი და დაბალი კუთხის გამოყენებას, როდესაც პიროვნებებს, განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს იღებენ... კამერის დაბალი ან მაღალი კუთხით გადაღება, მსხვილი კადრები  და ფართო ხედი ფაქტობრივ პროგრამებში არ გამოიყენება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთ კადრებს ჟურნალისტი პიროვნების დამახასიათებელი თვისებებისა თუ რეაქციის ხაზგასასმელად იყენებს.

იმ მასალის გამოყენება, რომელშიც კამერის რაკურსით და სხვა მსგავსი ტექნიკური საშუალებით დაფიქსირებულია პიროვნების პირადი ცხოვრება და რეაქცია, ან ინტიმური დეტალები, შეიძლება მხოლოდ ფირზე აღბეჭდილი ადამიანის წინასწარი თანხმობით.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტით, „ჟურნალისტის ინტერვიუ მოქმედ ან მსჯავრდებულ დამნაშავესთან არ უნდა გადაიზარდოს დანაშაულის პროპაგანდაში; არ უნდა იყოს მართლმსაჯულების შეურაცხყოფის პროპაგანდა“. 10-ე  პუნქტით, „დანაშაულის გაშუქებისას ჟურნალისტმა ხაზი არ უნდა გაუსვას დანაშაულში ეჭვმიტანილის ეთნიკურ წარმომავლობას...“

ამავე კოდექსის 49-ე მუხლით, „დემონსტრაციის, არეულობისა თუ ამბოხების გადაცემისას, ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსალოდნელი არეულობების ანონსირებით, შეიძლება წააქეზოს მათი პოტენციური ორგანიზატორები.“ კონკრეტულად ამ მუხლთან დაკავშირებით, ოპონენტები ვარდების რევოლუციის პერიოდს იხსენებენ და ამბობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამას აკეთებდა, როცა მოსახლეობას დემონსტრაციებისა და აქციებისკენ მოუწოდებდა.
 
56-ე მუხლით, სტატისტიკური ინფორმაცია და ასევე ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ ჟურნალისტმა შესაბამის კონტექსტში უნდა გადმოსცენ, რათა ამ მონაცემებმა საზოგადოების ზედმეტი შეშფოთება არ გამოიწვიოს.

70-ე  მუხლით კი, სატელევიზიო პროგრამების განრიგის შედგენისას, არ უნდა დაირღვეს ბალანსი მოზარდების დაცვის უზრუნველყოფასა და დანარჩენი მაყურებლის უფლებებს შორის...  

მართალია, კოდექსის მიღებაში პარლამენტი ვერ ჩაერევა, რადგან მას საკანონმდებლო ორგანო არ იხილავს, თუმცა, დეპუტატები მაუწყებლებს თანაუგრძნობენ და მათ პოზიციებს იზიარებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და ყოფილი რედაქტორი ნოდარ გრიგალაშვილი ამბობს, რომ სისულელეზე მსჯელობა მეორე სისულელეა.

ნოდარ გრიგალაშვილი: „ის კოდექსი, რაც ჟურნალისტებს ქიტოშვილის ორგანომ შესთავაზა, ეს არის კოდექსი, რომელზედაც, როგორს ჩანს, რამდენიმე კაცი მუშაობდა. შეუძლებელია, ის უწყებამ სავალდებულოდ აქციოს. იდეა, რომ კოდექსი დაიწეროს, კარგია, და ეს ჟურნალისტებისგან უნდა მოდიოდეს. პრესა არის შემოქმედება და, როგორც არ შეიძლება მწერლობას და მხატვრობას დაუწერო კანონი, ასე პრესასაც ეს არ სჭირდება. უმჯობესია, კოდექსი კარგმა ჟურნალისტებმა გააკეთონ, ვიდრე კარგმა ჩინოვნიკებმა. ეს კოდექსი არის უსაზღვროდ დიდი მოცულობის. ის არ უნდა იყოს იმხელა, რომ მისი წაკითხვა ვარ შესძლო. როგორც კი ჩვენ დავუშვებთ, რომ ვიღაცას ექნება უფლება, მაუწყებლობა თუ გაზეთის გამოცემა შეგიწყვიტოს, ეს არასწორია. სისულელეზე მსჯელობა მეორე სისულელეა.“     

თუ ლევან რამიშვილს მოვუსმენთ, ის ამტკიცებს, რომ კოდექსში მოცემული ნორმების დარღვევა არ ისჯება. არადა, კანონმდებლობით, ნორმატიული აქტის დარღვევა დასჯადია. „ეს კოდექსი ჟურნალისტებს დაეხმარება უკეთესი პროფესიონალები გახდნენ. პროფესიონალური მედია კი უფრო მეტ გავლენას მოახდენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. მისი ავტორიტეტი უფრო ამაღლდება და ის რეალურად მეოთხე ხელისუფლება გახდება. ეს კოდექსი არ არის რაიმე აკრძალვების კრებული, როგორც სს კოდექსი.“

ჟურნალისტ ია ანთაძეს ყველაზე მეტად კოდექსის 150-ე მუხლი არ მოსწონს და ამბობს, რომ მედიას გარკვეული შეზღუდვები უწესდება: „150-ე მუხლში წერია, რომ მაუწყებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს მაუწყებელთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ანუ, თუ საბჭო ჩათვლის, რომ დაირღვა კოდექსი, დამრღვევმა პასუხი უნდა აგოს, ეს გულისხმობს ლიცენზიების შეჩერებასა და ჩამორთმევას.“

აღნიშნულ კოდექსთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემაც გამოხატა. მისი თქმით, „ეთიკის კოდექსი ყველა პროფესიის წარმომადგენელს სჭირდება. ჟურნალისტსაც და პოლიტიკოსსაც, მაგრამ ეს კოდექსი არ უნდა იყოს ისეთი ჩარჩოების დამწესებელი, რომელიც შელახავს ან შეზღუდავს სიტყვის ან მაუწყებლობის თავისუფლებას.“

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ისინი აღიშნულ კოდექსს მედიის პუტინიზაციას უწოდებენ. „ჩემთვის მიუღებელია, რაც კოდექსში საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებით წერია. ასევე ის, რომ სიუჟეტი მიზნად არ უნდა ისახავდეს მთავრობის პოლიტიკაზე ზეწოლას, ანუ კრიტიკა იკრძალება. ასევე, ჟურნალისტს ეკრძალება საზოგადოებრივ შეკრებებში მონაწილეობა. ასეთი ტიპის შეზღუდვების დაწესება წარმოუდგენელია. ამაზე მეტი რა უნდა დაწერონ?  ეს არის მედიის პუტინიზაცია, რაც თავის დროზე რუსეთში მოხდა“,- ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა კუკავა.

კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტი კოდექსის მიღებაში კანონმდებლობის შესაბამისად ვერ ჩაერევა. ქიტოშვილის სამსახური კი მასზე უარის თქმას არ აპირებს.

ეკა გულუა    

ახალი ამბები