კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეზერვისტობაზე უარი = ციხეს

19 დეკემბერი, 2006

kukava.gifპარლამენტის გადაწყვეტილებით, სარეზერვო სამსახური მამაკაცებისთვის სავალდებულო ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯარმოხდილებს იმავე ფუნქციის შესრულება ხელმეორედ მოუწევთ. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ვინც რეზერვს თავს აარიდებს, სს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

საქართველოს კანონით „სარეზერვო სამსახურის შესახებ,“ სამხედრო ძალების რეზერვი მობილიზაციის, ომის ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად იქმნება. კანონპროექტის მე-3 მუხლით, სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობა პირს შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. გარდა ამისა, მას სამუშაო ადგილი და ხელფასი უნარჩუნდება.

კანონპროექტის მე-4 მუხლი სარეზერვო სამსახურის ასაკს ეხება. მისი მიხედვით აქტიურ რეზერვისტთა ასაკი 27-დან 50 წლამდეა. ამ ნაწილში პირს 2 წელიწადში ერთხელ 40 დღით გაიწვევენ; ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ასაკი 35-დან 50 წლამდეა, გაწვევის ვადა კი 2 წელიწადში ერთხელ 3 კვირა; ინდივიდუალურ რეზერვისტთა ასაკი 27-დან 45 წლამდეა, გაწვევის ვადა  2 წელიწადში ერთხელ 2 კვირა. განსაკუთრებულ შემთხვევებში კი შეიძლება, რეზერვში 60 წლამდე ასაკის ადამიანიც მოხვდეს.

კანონპროექტით, სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება  ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-დან 220 საათამდე, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასევე სანქციებს ითვალისწინებს დეზერტირობაც. ამ შემთხვევაში პირს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი რეზერვისტს 1000 ლარის გადახდა ეკისრება. თუ ის ჯარიმას დადგენილ ვადებში არ გადაიხდის, 15 დღიან პატიმრობას ვერ აცსდება.     

გარდა ამისა, კანონპროექტით 2 აგვისტო რეზერვისტთა დღედ ცხადდება.  

საპარლამენტო ოპოზიციასა და დამოუკიდებელ ექსპერტებს აღნიშნული ინიციატივა არ მოსწონთ. ოპოზიციის თქმით, კანონპროექტი საბიუჯეტო თანხების ზედმეტი ხარჯვაა და სხვა არაფერი, ექსპერტების თქმით კი კანონპროექტში არაერთი არაზუსტი პუნქტია ჩადებული.
  
კახა კუკავა,  „დემოკრატიული ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ამ კანონპროექტის  მიღება საჭირო არ არის. მიგვაჩნია, რომ, რეზერვის ასეთი ტოტალური მასშტაბით ფორმირება მხოლოდ ომიანობის დროს შეიძლება.  მშვიდობიან პერიოდში 100 000-ანი რეზერვის ფორმირება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ეს რეალურად მიზნად ისახავს არა სამხედრო ამოცანების გადაწყვეტას, არამედ არის პოლიტიკური რეპრესიის აპარატი, რომლითაც მოსახლეობა სამხედრო ვალდებული იქნება. მატერიალურად, საქართველოს ბუჯეტი ამდენ ადამიანს ვერ შეინახავს. თავად კანონპროექტის ავტორებიც კი ამბობენ, რომ გასაწვევთა მხოლოდ 3-4 პროცენტის გაწვევა მოხდება. როცა 100 000 ადამიანია გასაწვევი და აქედან მხოლოდ 3-4 პროცენტი უნდა შეირჩეს, ეს უკვე  კორუფციის დიდი წყაროც იქნება.“     

კანონპროქტს არც „მემარჯვენე“ დავით საგანელიძე იწონებს. მისი თქმით: „მთავარია, რამდენად საჭიროა რეზერვისტთა ბანაკები. როცა ვამბობთ, რომ ქვეყანაში კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი ფორმაა, ასეთ დროს რეზერვისტთა ბანაკები არ უნდა გვჭირდებოდეს. თუ ძალისმიერ მეთოდებზე  გადავდივართ, ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა, ამისთვის რეზერვისტები რამდენად გამოდგება ესეც უნდა გავითვალისწინოთ. არავინ იცის, რისთვის იქმნება ეს ბრიგადები. ცალკე საკითხია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენი მილიონი ლარი იხარჯება ამისთვის. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი რეზერვისტებში უბრალოდ გასართობად იყო წასული. უნდა ვიცოდეთ, ამდენი თანხა რისთვის და რაში იხარჯება. მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს, ვფიქრობ, თანხების ასეთი ხარჯვა რეკომენდირებული არ უნდა იყოს“.

სამხედრო ექსპერტ შალვა თადუმაძეს კანონპროექტი იმიტომ არ მოსწონს, რომ მასში ბევრი გაუგებარი მუხლი დევს: „რეზერვის შექმნაში ცუდი და მიუღებელი არაფერია. ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო. მთავარი საკითხია, რა რაოდენობის რეზერვი იქმნება და რომელი კანონმდებლობით რეგულიდრება ის. შემოთავაზებული კანონპროექტი ექსპერტებთან შეთანხმებული არ ყოფილა და ამიტომაც იქ ისეთი შეცდომებია, რომელიც სერიოზულ პრობლემებს შექმნის. კანონპროექტში ძალიან ცუდად არის დარეგულირებული, რის მიხედვით ირჩევა რეზერვისტები და რის მიხედვით გადანაწილდებიან ისინი სხვადასხვა კატეგორიის ბანაკებში. საკმაოდ გაუგებარია გაწვევის პროცედურაც. სახელმწიფო ერთდროულად 100 000 რეზერვისტის შენახვას ვერ შესძლებს. ჩემი აზით, უმჯობესია, ეს თანხა რეგულარულ არმიას მოხმარდეს და რეზერვისტების გაცილებით ნაკლები რაოდენობა მომზადდეს.“ 

რაც შეეხება უმრავლესობას, მას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსწონს და დარწმუნებულია, რომ ის ქვეყნის უსაფრთხოებას გამოადგება. კანონპროექტის კანონად ქცევამდე კი კიდევ ორი  მოსმენა დარჩა.  

 ეკა გულუა               

ახალი ამბები