კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიტოვებული მოსახლეობა და ცრუ დაპირებები

19 დეკემბერი, 2006

adigeni.pngადიგენის რაიონის სოფელ დერცელის მოსახლეობა ერთი წელია ხელისუფლებისაგან დახმარებას ელოდება. დამეწყრილ ზონაში მოხვედრილი ოჯახები გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ. 
 
სოფელი დერცელი ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს და რაიონული ცენტრიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 72 კომლი ცხოვრობს, მათი სულადობა დაახლოებით 600 ადამიანს შეადგენს. მარტის ბოლოსთვისაც აქ თოვლის საფარი 70-80- სმ აღწევს. სოფელში ხულოს რაიონიდან გადმოსახლებული აჭარლები ცხოვრობენ.

შარშანდელმა გადაუღებელმა წვიმებმა სოფელ დერცელის მოსახლეობა განსაკუთრებით დააზარალა. მიწის შლამი საცხოვრებელ სახლებს დანგრევას უქადის.

,,გორა წვიმამ მოშალა და ქვა-ღორღი სახლს მოაწვა. იქ გაჩერება საშიში იყო”, – ამბობს სოფელ დერცელის მკვიდრი ბეჟან ვანაძე.

,,დილით სახლი შეინძრა, შემეშინდა და კარს მივვარდი, ვერ გავაღე. უკანა მხრიდან გავედი და ტალახისა და მიწისაგან ამოქოლილი კარი დავინახე. ძალიან შემეშინდა. სახლი მაშინვე დავტოვეთ”, - გვიყვება დიასახლისი აიშა ვანაძე. 

 ბეჟან და აიშა ვანაძეების ათსულიანი ოჯახი მაშინ მეზობელმა შეიკედლა. უკვე ერთი წელია ვანაძეები სამადლოდ სხვის სახლში ცხოვრობენ.

,,ხელისუფლების იმედი მქონდა, დაგვპირდნენ დაგეხმარებითო. ამ დაპირებაში კი უკვე ერთი წელი გავიდა”, - ამბობს ბეჟან ვანაძე.

სოფელ დერცელის მოსახლეობის უმრავლესობის საცხოვრებელი სახლებიც ანალოგიურ მდგომარეობაშია.

,,შავაძეების, ბერიძეების, მიქელაძეების ოჯახებიც მეწყერის შიშის მოლოდინში ცხოვრობენ. აქ მიწა საგრძნობლად ცოცავს. ხალხმა  ხელისუფლებას დასახმარებლად რამდენჯერმე მიმართა. დაპირებები კი დაპირებებად დარჩა”, - აცხადებს სოფლის მკვიდრი სერგო ბიწაძე.
 
მართალია სოფელი დეცელი მეწყერ საშიშ ზონად გამოცხადდა, მაგრამ ეს აქ მცხოვრებთა ყოფაზე არანაირად ასახულა.

,,საცხოვრებელმა სახლებმა მთელი სამი მეტრით დაბლა დაიწია, რაც მიწის გადაადგილების გამოა გამოწვეული. აქ ცხოვრება მართლაც აღარ შეიძლება”, - აცხადებს ადიგენის რაიონის მთავარი არქიტექტორი გელა აღლემაშვილი.

ათი წლის თინიკო ვანაძეს დამეწყრილ სახლში გაჩერება არ უნდა. ,,მეშინია” , -  ამბობს მობუზული გოგონა. ,,სახლი ვაკე ადგილზე”, - ასეთია გოგონას ნატვრა. ის ვერც სკოლაში დადის, რადგან სკოლაც ავარიულ მდგომარეობაშია. აყრილია იატაკი და ჭერი. ,,გარეთაც და შიგნითაც ერთნაირად წვიმს, ამიტომ მშობლები ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებენ”, - ამბობს სკოლის დირექტორი შუქრი მიქელაძე.

ადიგენის  საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე სუხიაშვილის განცხადებით,  რაიონის მწირ ბიუჯეტს ასეთი პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. ,,დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართეთ, ველოდებით თანხის ჩარიცხვას”, - გვითხრა მან.

სოფელ დერცელის მოსახლეობას დაპირებების უკვე კარგა ხანია აღარ სჯერა, თუმცა, სხვა გზა აღარ დარჩენიათ... და ისინიც ელიან.

        გულო კოხოძე, ადიგენი

ახალი ამბები