კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყაჩაღობაში ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენეს

20 დეკემბერი, 2006

sasamartlo_1.gifყაჩაღობისათვის ბრალდებულები გიორგი დავითური, დავით გოგოლაური და გელა თითილოკაშვილი, დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ დამნაშავეებად სცნო. მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. პროტესტის ნიშნად, ეჭვმიტანილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს: გიორგი დავითურმა მავთულით პირი ამოიკერა, გოგოლაურმა კი ჟანგიანი ლურსმნით მუცელი გადაიჭრა და ვენები ამოიგლიჯა.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 2006 წლის 12 მარტს, ღამის პირველ საათზე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, სახლში მარტო მყოფ ელენე ბუჩუკურს თავს დაესხნენ შეიარაღებული ნიღბიანები, მათ ოქროს სამკაული, სხვადასხვა ნივთები და 500 ლარი წაიღეს.

„იმ დღეს სახლში მარტო ვიყავი. დასაძინებლად 11 საათისთვის დავწექი. აივანზე შუქი ანთებული დავტოვე. პირველი საათი ხდებოდა, როცა აივანზე შუქი ჩაქრა. ვიფიქრე, ნათურა გადაიწვა-მეთქი, მაგრამ მალევე სამზარეულოში შუქი აინთო და ხმაური შემომესმა. დერეფანში გავედი და კარი გავაღე. ჩემს წინ სამხედრო ფორმაში ჩაცმული, თავზე ნიღაბჩამოცმული პირი იდგა. მას მხოლოდ თვალები უჩანდა. ხელში სანადირო თოფი ეკავა. ოთახში ძალის გამოყენებით შემიყვანა და ვიღაცას გასძახა „მიდიო”, ვერ ამოვიცანი ვინ იყო“ - აღნიშნავს ელენე ბუჩუკური გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში.

ელენე ბუჩუკურის დაყაჩაღების ფაქტზე დედოფლისწყაროს შს რაიონულ სამმართველოში სს კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „გ” პუნქტებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რამდენიმე დღეში გამოძიებამ ეჭვმიტანილებად ბუჩუკურის მეზობელი გიორგი დავითური, არხილოსკალოში მცხოვრები გელა თითილოკაშვილი და სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი დავით გოგოლაური სცნო.

ეჭვმიტანილების დაკავების მეორე დღეს, პოლიციამ გოგოლაურის სახლი განმეორებით გაჩხრიკა. „გამომძიებელს ვუთხარი, იმისთვის მოხვედით, რომ რაღაც ჩადოთ, თორემ სამი კვირის ნაყაჩაღარს კაცი სახლში როგორ შეინახავს-მეთქი. გავიგონე როგორ უთხრა, ბიჭო, კამერა და ფოტოაპარატი არ გვინდაო... მაშინ არც ვიცოდი, რომ დაზარალებულს კამერა ჰქონდა დაკარგული. ეს მოგვიანებით გავიგე. როგორც ჩანს, კამერის ჩადება უნდოდათ, რომ მერე ეთქვათ, ნახეთ, რა ვიპოვეთო. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგან ჩხრეკის დროს უამრავი ხალხი შევკრიბე” - აცხადებს დავით გოგოლაურის მეუღლე მაია საკანელაშვილი.

გამოძიების მოთხოვნით ჩატარებული ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ბუჩუკურის სახლში აღმოჩენილი თითისა და სუნის კვალი, სამივე ეჭვმიტანილის სუნსა და თითების ანაბეჭდს დაემთხვა. ეჭვმიტანილებმა ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაც არ დაკმაყოფილდა.

„ბუჩუკურის სახლში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი. გელა თითილოკაშვილი კი მეც და გოგოლაურმაც სასამართლო პროცეზსე პირველად ვნახეთ“ - აცხადებს გიორგი დავითური. გოგოლაურის განცხადებით კი ის დაზარალებულს საერთოდ არ იცნობდა. ის, რომ ყაჩაღობის დროს გოგოლაურიცა და დავითურიც საკუთარ საცხოვრებელ სახლებში იმყოფებოდნენ, ამას მათი არაერთი მეზობელი ადასტურებს, თუმცა, მოწმეების დაკითხვა არც გამომძიებელმა და არც მოსამართლემ საჭიროდ არ ჩათვალა: „დავითურის, თითილოკაშვილი და გოგოლაურის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნით. ამიტომ საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ დამატებითი მოწმეების დაკითხვა“ - აღნიშნავს გამომძიებელი.

გოგოლაურის მეუღლე, მაია საკანელაშვილი კი ამბობს, რომ საქმეში, ექსპერტიზის დასკვნების სიყალბის გარდა, სხვა დარღვევებიც შეინიშნება: „როდესაც დაზარალებულს ვუთხარი, შენი სახლიდან თურმე ძალიან ბევრი ძვირფასეულობა წაუღიათ - მეთქი, გაიცინა და მიპასუხა, არაფერიც არ დამიკარგავსო. ამ დროს საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ ყაჩაღობის შედეგად ბუჩუკურის სახლიდან 4000 ლარზე მეტი ღირებულების ბრილიანტია წაღებული. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, ბუჩუკური სასტიკად იყო ნაცემი ჩემი მეუღლის მიერ. ბუჩუკურის შვილს ვუთხარი, დედაშენს ექსპერტიზას ჩავუტარებ, რათა დადგინდეს, არის  თუ არა ნაცემი-მეთქი. მან კი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი მითხრა” - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მაია საკანელიშვილი.

საკანელიშვილის თქმით, მას მტკიცებულებების გაყალბების გამო გამომძიებელთან კონფლიქტიც მოუვიდა: „ჩხუბის დროს გამომძიებელი დამემუქრა, ჩივილს თავს თუ არ დაანებებ, კვალიფიკაციას შევცვლით და შენს მეუღლეს ბრალდებას კიდევ უფრო დავუმძიმებთო“ - აცხადებს დავით გოგოლაურის მეუღლე.

დედოფლისწყაროს შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დავით ტუხაშვილი, მისდამი წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს: „მე არ ვარ ვალდებული ჟურნალისტებს რაიმე სახის ინფორმაცია მივაწოდო, თუმცა მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ გოგოლაურის მეუღლის განცხადებები სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.“

გოგოლაურის ადვოკატის, შალვა რევაზიშვილის ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულებების მასობრივად გაყალბება, ციხეში მყოფმა დაკავებულებმა თვითდაზიანებების მიყენებით გააპროტესტეს.

„დავითურმა პირი ამოიკერა. მანამდე არ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სანამ მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ დაემუქრა. ჩემმა ქმარმა კი თავის მოკვლა სცადა, მუცელი გადაიჭრა და ვენები ჟანგიანი ლურსმნით ამოიგლიჯა. ნაკერების დასადებად რომ წაიყვანეს, ციხის თანამშრომლებმა დუბინკებით ისე სასტიკად სცემეს, რომ ნეკნები, ლავიწის ძვალი და მარცხენა ფეხის კოჭი ჩაუმტვრიეს. გონდაკარგული იყო. ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ სისხლისგან იცლებოდა და ფიქრობდნენ, სად წაეყვანათ ისე, რომ ამის შესახებ ზემდგომ ორგანოებს არ შეეტყოთ. ცემისგან გაგიჟდა და ვერ იმორჩილებდნენ, შეეშინდათ და ამის მერე გადაიყვანეს „რეზბალნიცაზე“. როცა ჩემი ქმრის ნახვა მოვინდომე, მითხრეს, არ გინდა, საშინელ დღეში არისო. მაინც ვნახე. ისე იყო ნაცემი, რომ თვითონაც ვერ ვიცანი. სახეზე ბავშვობის „შრამი“ აქვს და იმით მივხვდი, რომ დათო იყო. დღესაც აქვს სტრესული შეტევები” - ამბობს მაია საკანელაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ სამივე განსასჯელი დამნაშავეებად სცნო. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა გელა თითილოკაშვილს 8 წლით, გიორგი დავითურს 7 წლით და დავით გოგოლაურს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულები რაიონული სასამართლოს განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.


     გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები