კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედას ათი წლის შვილი საზღვარზე დაატოვებინეს

23 დეკემბერი, 2006

bavshvi.pngქობულეთის რაიონში მცხოვრებ ნათელა ცეცხლაძეს რუსეთიდან დეპორტაციის დროს, სადგურში ათი წლის შვილი იძულებით დაატოვებინეს. სასოწარკვეთილი დედა პასუხს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს.

სოფელ კვირიკეს მკვიდრი ნათელა ცეცხლაძე რუსეთიდან ორი კვირის წინ გამოაძევეს. ის ოთხი წლის განმავლობაში, მეუღლესთან - მალხაზ ცეცხლაძესთან და სამ შვილთან ერთად რუსეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. მართალია ოჯახს მოქალაქეობა არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ სოფელში ჩაწერილები იყვნენ და საკუთარი სახლიც ჰქონდათ.

ოჯახს პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც რუსეთმა საქართველოს სანქციები დაუწესა, შემდეგ კი რუსეთიდან ქართველების დეპორტირება დაიწყო: „პოლიცია მოვიდა და საკუთარი სახლიდან გამოგვყარა. ჩემი მეუღლე, ამ დროისათვის უკვე დეპორტირებული იყო. იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. ბილეთები ვიყიდე და სხვა დოკუმენტებთან ერთად პოლიციის გამომძიებელს მივუტანე. მითხრა,  პრობლემა არ შეგექმნებაო, მაგრამ როცა დერბენდის სადგურზე მივედით, პოლიციელებმა წამოსვლის უფლება აღარ მოგვცეს. ათი წლის ზურიკოს, მწვანე ბარათი არ ჰქონდა (ასე ეძახიან ნებართვის ფურცელს, რომლითაც დეპორტირებულები სარგებლობენ).  ბავშვის დაბადების მოწმობა ვაჩვენე, მაგრამ არავინ მომისმინა. ღამის 12 საათზე, მძინარე ბავშვები მატარებლიდან ჩამომიყარეს“.
ექვსი დღე-ღამე ნათელა ცეცხლაძემ, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, დერბენდის სადგურში გაათია. „ხან ვინ გამომართვა ფული, დაგეხმარებითო, ხან ვინ. ბოლოს კი აღარავინ მომხედა“, - ამბობს იგი.

საბოლოოდ, დედას 10 წლის ბავშვი სადგურში დაატოვებინეს. ნათელა ცეცხლაძე ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და შველას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს: „რაც ჩამოვედი კარიდან-კარზე დავდივარ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი, ვინმე ანდრო კაჭკაჭიშვილმა მითხრა, შენი შვილი აქ პრობლემად მექცევა, რუსეთში დატოვე და ბიძამისი მიხედავსო. ჩემი ძმა მოსკოვშია, მაგრამ მას თავისი პრობლემები აქვს, ან როგორი დასატოვებელია დედისთვის შვილი“.
 
დედა ამბობს, რომ ათი წლის ზურიკო, პოლიციელების რჩევით, ვიღაც ქალს ჩააბარა. ბავშვი რუს ქალბატონთან იმყოფება, რომელიც ბავშვის მოვლისათვის თანხას ითხოვს: „ზურიკო თურმე განუწყვეტლივ ტირის, წარმოიდგინეთ, ფიქრობს, რომ მივატოვე. გელა ბეჟუაშვილის სახელზე  განცხადება დავწერე. ფულით მაინც დამეხმარონ, რომ მომვლელ ქალს მივცე“. 

ანდრო კაჭკაჭიშვილი, რომელზეც ქალბატონი ნათელა საუბრობს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ვიპოვეთ. სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი დიანა ჟღენტი კი ქალბატონს დახმარებას ჰპირდება: „დეტალურად მოგვაწოდონ ინფორმაცია საკონსულოს მისაღებში. მოვუსმენთ და ცეცხლაძეების ოჯახს აუცილებლად აღმოვუჩენთ სათანადო დახმარებას“.

რუსეთში საქართველოს კონსული ზურა პატარიძე კი აცხადებს, რომ საკონსულო 10 წლის ზურიკო ცეცხლაძის საქართველოში ჩამოყვანას ამ დღეებში უზრუნველყოფს. 

ბათუმი სოფო ჟღენტი

ახალი ამბები